ივერიონი / დავით საგანელიძე: საქართველოს განვითარების ბანკი" 100%-ით სახელმწიფო ბანკი იქნება!

დავით საგანელიძე: საქართველოს განვითარების ბანკი" 100%-ით სახელმწიფო ბანკი იქნება!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში გაირკვევა, როგორი იქნება "საქართველოს განვითარების ბანკი".

"საქართველოს განვითარების ბანკი" იქნება 100%-ით სახელმწიფო ბანკი, რომელშიც სასურველია, თანადამფუძნებელი ან თანაინვესტორი უცხოური ბანკი იყოს.
ამ საკითხზე საუბარი ბევრ ქვეყანასთან გვქონდა. ერთი-ერთი მათგანი ჩინეთია, ასევე KFW, რომლის წარმომადგენლობა თბილისშია. თუ გადავხედავთ, რა გადის საქართველოდან ექსპორტზე და რა შემოდის იმპორტით - სტატისტიკის თანახმად, პირველ ადგილზეა ავტომობილები, რომლის რეექსპორტსაც საქართველო ახორციელებს, მეორეზე - წიაღისეული, მესამეზე - მინერალური წყლები და შემდეგ მოდის ღვინო. თუმცა, თუ ღვინოს არ ჩავთვლით, ამ ჩამონათვალიდან არც ერთის წარმოება არ ხდება, ანუ დამატებითი ღირებულება არ იქმნება და არც მუშახელია დასაქმებული. სახელმწიფო ბანკმა სწორედ ადგილობრივი რესურსი უნდა აითვისოს და მისი გრძელვადიან პერსპექტივაში გამოყენების საკითხი უნდა წამოსწიოს წინ. ისეთი სფეროები უნდა ვიპოვოთ, რომელსაც კერძო ბიზნესი არ აფინანსებს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისი თქმით, "საქართველოს განვითარების ბანკის" როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ასეთი ტიპის ბანკმა შესაძლოა, საინვესტიციო გარემოში გადატრიალება მოახდინოს. ეს ბანკი დააფინანსებს იმ სფეროებსა და მიმართულებებს, რომელსაც კომერციული ბანკები რამდენიმე მიზეზის გამო არ აფინანსებენ, მათ შორის "სტარტაპებს", - აცხადებს საგანელიძე.


რაც შეეხება სახელმწიფოს ბანკის სტრუქტურას, საგანელიძე ამბობს, რომ ეს არ იქნება ჩინურის ანალოგი. მისი თქმით, 2015 წლის აპრილში, სამუშაო ჯგუფს უკვე ექნება თავისი შეთავაზება და ვერსიები, თუ როგორ უნდა იყოს ეს ბანკი.

25-12-2014, 12:22
უკან დაბრუნება