ივერიონი / "აფბა": "2 წელიწადში ექსპორტი 21%-ით გაიზარდა"

"აფბა": "2 წელიწადში ექსპორტი 21%-ით გაიზარდა"

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - "აფბამ", დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული, იანვარ-ნოემბრის საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემები შეაფასა.

"სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10 359 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 628 მილიონი აშშ დოლარი იყო (0.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7731 მილიონი აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ნოემბერში 5103 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა", - განაცხადა ბაირახტარმა.

მისივე განმარტებით,  პროცენტულ მონაცემებს თუ აბსოლუტურ მაჩვენებლებში გადავიყვანთ, გამოდის, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში ექსპორტი 129 მილიონი დოლარით გაიზარდა.

"მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რა გახდა იმის მიზეზი, რომ ექსპორტი პრაქტიკულად არ გაზრდილა, ხოლო იმპორტი კი 9%-ით არის გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რაც ექსპორტის "გაყინვის", ხოლო იმპორტის ზრდის ეფექტს ქმნის, არის ის ბაზა, რომელსაც წლევანდელი მონაცემები დარდება. მოგეხსენებათ, შარშან იანვარ-ნოემბერში 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით ექსპორტი გაზრდილი იყო 20%-ით, ხოლო იმპორტი შემცირებული 2%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ ექსპორტის ნაწილში წელს, პირველ 11 თვეში შედარება მოხდა გასული წლის საკმაოდ გაზრდილ საბაზო მონაცემთან, ხოლო იმპორტი პირიქით, დარდება, შემცირებულ ბაზას.

ეს ეფექტი უფრო თვალსაჩინო გახდება, თუ ბაზად ავირჩევთ ისეთ პერიოდს, როდესაც ექსპორტის და იმპორტის ზრდის ტემპები მეტნაკლებად თანაბარი იყო. ასეთი იყო 2012 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდი, როდესაც იმპორტი 14,2%-ით იყო გაზრდილი, ხოლო ექსპორტი - 12,4%-ით. ახლა კი, შევადაროთ, როგორ შეიცვალა სიტუაცია ამ პერიოდის შემდგომ.


2012 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნიდან განხორციელებულმა ექსპორტმა 2,176 მილიარდი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 7,226 მილიარდს შეადგენდა, წელს კი იანვარ-ნოემბერში, როგორც ვახსენეთ, ექსპორტი შეადგენს 2,628 მილიარდ დოლარს, ხოლო იმპორტი - 7,731 მილიარდ დოლარს.  შესაბამისად, 2012 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, როდესაც შესადარისი ბაზა ექსპორტ-იმპორტის ცვლილების კუთხით იყო მეტნაკლებად თანაბარი, ანუ სასტარტო პირობები იყო თანაბარი, ექსპორტი გაზრდილია 20.7%-ით, ხოლო იმპორტი კი - 6,9%-ით.


აქვე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან წინა წლის შესაბამის მაჩვენებეელთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი. აქედან ექსპორტი 5%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 4%-ით.

 

თუმცა დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-ნოემბერში 4%-ით ნაკლები შეადგინა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარეებით, აქედან ექსპორტი 7%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 2%-ით ნაკლები", - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.


26-12-2014, 14:05
უკან დაბრუნება