ივერიონი / რომან გოცირიძე:-"ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღირს ცოტა ნერვების აშლად"

რომან გოცირიძე:-"ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღირს ცოტა ნერვების აშლად"

   იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით მთავრობასთან და პარლამენტთან კონსულტაციები დაიწყოს.

   -"ვფიქრობ, ის დარჩენილი დრო, რაც ჩვენ გვაქვს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, მართლმსაჯულების ხელმძღვანელის შესარჩევად, არის ძალიან ცოტა.  მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, დავსხდეთ კონსულტაციების მაგიდასთან. პრეზიდენტმა და მთავრობამ პარლამენტს შევთავაზოთ ის კანდიდატურა, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება. მე მჯერა, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო, არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც სახელმწიფოს მეთაური საქართველოს პრეზიდენტი, არ გახდიან ამ თემას განხეთქილების ვაშლად, რადგან ეს იქნება ძალიან დასანანი და საზიანო ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის", - განაცხადა წულუკიანმა. 

   ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეუთანხმებლად წარდგენილი კანდიდატი, პარლამენტმა ჩააგდოს.

   იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას რომან გოცირიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტს მოუწოდებს: მთავრობამ და პრეზიდენტმა პარლამენტს შევთავაზოთ უზენაესი სასამართლოს შეთანხმებული კანდიდატურაო!

სად წერია კონსტიტიციაში ასეთი რამ? პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ ვის წარადგენს. ჩააგდებენ? ისევ წარადგენს. 

ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ღირს ცოტა ნერვების აშლად. 

   წინასწარი კონსულტაცია რა თქმს უნდა შესაძლებელია, თუ ამის მიზანი არ იქნება მთავრობის მიერ შერჩეული კანდიდატურის თავსმოხვევა.

   ახალი თავმჯდომარე არ უნდა იყოს ძველი პოლიტიკური გამოცდილებით თუ ცოდვებით დამძიმებული. ეს ის შემთხვევაა, როცა ახალი ცოცხი მართლაც სჯობს ძველს".

 

   P S. გამართლდა რომან გოცირიძის ეჭვები, როცა რამდენიმე დღის წინ მოუწოდებდა პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებას, რომ პრეზიდენტს გვერდში დადგომოდნენ, რათა არ მომხდარიყო მასზე ზეწოლა ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე კანდიდსტურის შერჩევისას.

 

   -"ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მომავალ არჩევნებამდე და ყველაზე დიდი გამოცდა, შედგა თუ არა საქართველოში ახალი ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტი და რეალურად დამოუკიდებელი პრეზიდენტი, არის უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა.

ამისთვის აუცილებელია, რომ:

1. კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ პრეზიდენტმა, პარლამენტი კი ჩაერთოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში. წინასწარი კონსულტაციები ნორმალური პროცესია, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს ხელების გადაგრეხვის ფორმა.

2. სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე არ უნდა იყოს არცერთი მთავრობის ყოფილი წევრი. აქ გამოცდილების ქონის დადებით მხარეს აშკარად გადაწონის წარსულის უარყოფითი გამოცდილება. სასურველია, არ იყოს პოლიტიკურად აქტიური ფიგურა.

ყველა დემოკრატიულმა ძალებმა ( პარტიებმა, არასამთავრობოებმა და ასე შემდეგ) ხელი უნდა შეუწყონ პრეზიდენს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებაში"-ამბობდა გოცირიძე.

 

 

27-12-2014, 17:11
უკან დაბრუნება