ივერიონი / არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ

 არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ, დაიწყოს გამოძიება  და გაარკვიოს, თუ ვინ მოამზადა უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება თავდაცვის სამინისტროში. განცხადებას "რუსთავი2" ავრცელებს.


 როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს პროკურატურასთან შეიკრიბებიან, სადაც ხელი მოეწერება პეტიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით და მას დღესვე შეიტანენ უწყებაში.

"ეს განცხადება არ გაკეთებულა სამინისტროს დაბალი რანგის თანამშრომლის მიერ, ეს გაკეთდა გაცილებით ზევით, მინისტრის, მოადგილეების მიერ, ან კიდევ უფრო ზევით. სწორედ ამიტომ, საჭიროა დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება და გაირკვეს თუ ვინ ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად, საქართველოში," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" წევრმა ზვიად კუპრავამ.

თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე, "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი.

"ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არა თუ სახელმწიფო მოხელეს, არამედ საქართველოს მოქალაქესაც კი არ ეპატიება, ვინაიდან ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის, ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის. ჩვენ გვყავს ერთი საერთო მტერი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული",-განაცხადა ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებაზე  თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა, სადაც განაცხადეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მოწოდებები  საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

30-12-2014, 12:32
უკან დაბრუნება