ივერიონი / "პიროვნება თალიბანი" "კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში"- კრიტიკა ჭიკაიძის მისამართით და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წელი

"პიროვნება თალიბანი" "კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში"- კრიტიკა ჭიკაიძის მისამართით და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წელი

   პოლიციის  ახალი შენობები, დანაშაულის კლება, გაზრდილი  გახსნილი საქმეების მაჩვენებელი - ეს იმ მიღწევების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სიამაყით საუბრობენ. 

   მიღწევები, წარმატებები, კრიტიკა და კურიოზები – ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის მოკლე კოლაჟს გთავაზობთ. 

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უწყების მიერ განხორციელებულ წლის საუკეთესო პროექტებად სახელდება:

    "პოლიციის შესახებ" ახალი კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს და მიზნად ისახავს პოლიციის საქმიანობაში კანონიერების, თანასწორობის, თანაზომიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპების განმტკიცებას.

   ახალი მეთოდოლოგიით გამოთვლილი, უფრო მეტად დეტალიზებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები.  

    საპატრულო ეკიპაჟების გაზრდილი რაოდენობა -  ძველი თაობის ავტომანქანების ჩანაცვლება ახალი თაობის ფორდ–ინტერსეპტორის მარკის ავტომობილებით.

საჩხერესა და ამბროლაურში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურების გახსნა.  ოზურგეთის საპატრულო პოლიციისა და  ურეკის დაცვის პოლიციის შენობები.  ასევე, გუდაურში, საჩხერესა და  თბილისში პოლიციის ახალი შენობები. 

   სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 10 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა, რაც საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას შეუწყობს ხელს.  

   მიგრაციის დეპარტამენტი და  მიგრანტთა განთავსების დროებითი ცენტრი.  

   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, კერძოდ, უსინათლოთათვის და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის  შსს-ს ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად www.police.ge-ის სპეციალური ხმოვანი ვერსიის მომზადება. 

    ე.წ. ""კრაკადილის"" მოხმარებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები და მოხმარების მაჩვენებლის 90%–იანი კლება.

 "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" ამოქმედებული ახალი კანონი, რომლის საფუძველზე დაწესდა პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ცალკეულ ე.წ. "ბიოებსა" და "სპაისებზე", არამედ ქიმიურ ნაერთთა მთელ კლასებზე. კანონის ამოქმედების შემდეგ, მინიმუმამდეა შემცირებული ინტერნეტით ამ ნივთიერებების გამოწერა და ფოსტის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა. 

   შსს-ს მიერ  უპრეცედენტო რაოდენობის -    2.79 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღება. აღნიშნული საქმე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა.

ადამიანის გატაცების გახსნილი  ფაქტები.  კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლების, მძეველთა უმტკივნეულოდ გათავისუფლება. პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმეების გახსნა. 

   ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია "ძალადობა დასჯადია." სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტების შეცვლა-  ახალ ელექტრონულ ბილეთებში (3D) გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები. ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემის დაწყება, რომლებიც თავისი ფორმით, შრიფტითა და დამცავი მექანიზმებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 112-ის მიერ ევაკუატორებით მომსახურების, მხუთავი აირისა და ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორების სერვისების დანერგვა. 

   შსს-ს აკადემიაში "საპოლიციო რეგულირების სამართლის" სამაგისტრო პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის პროგრამა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ორიენტირებულია სამართალდარღვევათა პრევენციაზე. ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა უფასოა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 24 368 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 16 104 დანაშაული. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,43 %.

   მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015წწ. "გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების" მიხედვით, საქართველოს პოზიცია ორგანიზებული კრიმინალის ქვეპუნქტით 2012-2013 წლებთან შედარებით გაუმჯობესდა 48 საფეხურით და 75-ე ადგილიდან 27-ე ადგილზე გადმოინაცვლა, მათ შორის, 37 საფეხურით წინსვლა დაფიქსირდა ამ წელს.

   შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ამ ოფიციალური ინფორმაციის პარალელურად 2014 წელს ჭიკაიძის უწყების მისამართით არაერთი მწვავე შეფასებაც ისმოდა. მინისტრი ჭიკაიძე  საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის, ოპოზიციის კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოხვდა. 

ძალოვანი უწყების ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებით, საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ 2014 წელს  ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, გახშირდა ძალადობის ფაქტები და  მომრავლდა ქურდობა-ყაჩაღობაც. ამას გარდა, მინისტრს კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობაშიც ადანაშაულებდნენ.  

2014 წელი იყო კურიოზებით  სავსე პირადად   მინისტრისთვის. ალექსანდრე ჭიკაიძე საზოგადოების წინაშე ძალიან იშვიათად ჩნდებოდა და თუ ჩნდებოდა, თავს კურიოზებით ამახსოვრებდა.

   მინისტრის "მჭერმეტყველი" გამოსვლა საქართველოს პარლამენტში საზოგადოების განხილვის თემა გახდა. 

   "კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში", "გერაინი"  "პიროვნება თალიბანი"-  ეს ის წლის ფრაზებია, რომლებიც ძალოვანი უწყების მეთაურმა პარლამენტარებთან  შეხვედრისას გამოიყენა. უმრავლესობის დეპუტატები მინისტრის გამოსვლის დროს სიცილს ვერ მალავდნენ. ოპოზიცია კი ჭიკაიძეს უცოდინრობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა.  

   29 წლის ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2013 წელს დაინიშნა. 

მიშა ხაჩიძე

 

31-12-2014, 20:05
უკან დაბრუნება