ივერიონი / თეა თუთბერიძე: ბაჩო ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება

თეა თუთბერიძე: ბაჩო ახალაიას მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება

პროკურატურის მხრიდან ადამიანებზე ზეწოლის ფაქტები იკვეთება. ამის შესახებ "თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა თეა თუთბერიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.


"დამიკავშირდა მანუჩარ დარასელია და მითხრა, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს. ეს ჩვენება არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ახალაიას საქმეში, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზვიად აბესაძეს თავისუფლება აღუკვეთა. ზეწოლას ახორციელებდა პოლკოვნიკი ხარებავა", _ განაცხადა თეა თუთბერიძემ.


მისივე თქმით, გამოძიება ზეწოლის შედეგად მიღებულ მსგავს ჩვენებებს ემყარება. "საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადა გადააქციეს გამოძიების ოთახად. ჯარისკაცები მიჰყავთ კახიძის ქ. №7-ში მდებარე შენობაში, სადაც ზეწოლის შედეგად მათგან ჩვენებებს იღებენ. ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, ნათლად ჩანს, რომ დაკავებულ ბაჩო ახალაიასა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება," _ აცხადებს თუთბერიძე.


თუთბერიძე პოლიტიკურ დევნაზე საუბრისას, ამ ბრალდების კონკრეტულ ადრესატებსაც ასახელბს. "იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მხრიდან კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა. სწორედ ასეთი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს გამოძიება, რის საფუძველზეც უკანონოდ არის დაკავებული ბაჩო ახალაია", _ განმარტავს თეა თუთბერიძე. 

12-11-2012, 14:46
უკან დაბრუნება