ივერიონი / ირაკლი სესიაშვილი: ამ ტერორისტული აქტის მიზანი ხალხში დაუცველობის განცდის შექმნა იყო

ირაკლი სესიაშვილი: ამ ტერორისტული აქტის მიზანი ხალხში დაუცველობის განცდის შექმნა იყო

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი სესიაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის რამდენიმე მოტივზე საუბრობს. მისი თქმით, შესაძლოა, ეს იყო პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაული, ტერორიტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას.

"ყველას გვაქვს ეჭვი, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მისი შვილის გამოძიების საქმე უკავშირდებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ აქ მთავარი იყოს დამკვეთის საკითხი. ვფიქრობ, დამკვეთის მიზანი ვერ იქნებოდა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლა. მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდებოდა ეს ტერორისტული აქტი, ხელს ვერ შეუშლიდა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რადგან საქმე ბოლომდე არის მიყვანილი.  მიმაჩნია, რომ ჩადენილი აქტი თავისი ხასიათით, უფრო ჰგავს ტერორისტულ ქმედებას, რომლის მიზანი იყო საზოგადოების შოკირება და ხალხში დაუცველობის  განცდის შექმნა. ეს აქტი მიმართული საზოგადოების დაშინებისკენ, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური მოტივები", - განაცხადა დეპუტატმა "რეპორტიორის" პრესკლუბში.

მისი თქმით, საქმის გამოძიება რთული იქნება.

"უნდა ვაღიაროთ, რომ გამოძიება იქნება რთული. ერთია, რომ მკვლელობა მოხდა საოკუპაციო ზოლთან ახლოს და ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მკვლელი მოქმედებდა საოკუპაციო ზოლიდან. ეს უფრო ართულებს ვითარებას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს გამოძიება, დადგეს ჭეშმარიტება და დაისაჯონ დამნაშავეები", - განაცხადა სესიაშვილმა.

22-01-2015, 15:38
უკან დაბრუნება