ივერიონი / ირინა სარიშვილი:საინტერესოა, კიდევ ვისი სული სურს ივანიშვილს?

ირინა სარიშვილი:საინტერესოა, კიდევ ვისი სული სურს ივანიშვილს?

პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი facebook-ის პირად გვერდზე ალექსანდრე ჭიკაიძის შს მინისტრის პოსტიდან გადადგოას ეხმაურება.

"ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით იმდენი ტყუილ-მართალი დაიწერა და იწერება კიდევ, რომ აქ ამ ყველაფრის საფუძვლიანი ანალიზი უბრალოდ შეუძლებელია.

მე მხოლოდ ერთ ძალიან საგულისხმო და ყველაზე უფრო ხშირად ნახსენებ მომენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:

ჭიკაიძის გმირული გადადგომით აღფრთოვანებულთა უმთავრესი არგუმენტი არის ის, რომ სააკაშვილის დროს ვანო მერაბიშვილი, რომლის სახელსაც პირდაპირ უკავშირდებოდა გახმაურებული მკვლელობები, არ გადამდგარა, ხოლო დღეს, მეოცნებეთა მმართველობის დროს, ჭიკაიძე გადადგა.

მე ყველას მინდა შეგახსენოთ ერთი გარემოება, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრს არ ახსოვს და რომელიც, არც მეტი - არც ნაკლები, თავად ბიძინა ივანიშვილმა გვამცნო, როდესაც ქართულ პოლიტიკაში შემოაბიჯა. აი, რა ბრძანა მაშინ ბატონმა ბიძინამ: სააკაშვილს რამდენჯერმე უნდოდა ვანო მერაბიშვილის გადაყენება და მერაბიშვილმა თავად მიმართა მას ამ თხოვნითო და მე არ ვურჩიე და არ მივეცი ამის საშუალებაო.

დღეს კი, როცა ივანიშვილი არა შორიდან, არამედ მოვლენების ეპიცენტრიდან აკონტროლებს ქართულ პოლიტიკას და, პირველ რიგში, კადრებს განაგებს, მშვიდად იღებს ჭიკაიძის "გადადგომას" და არ თვლის, რომ მისი წასვლა არასწორია. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ცოტა რთული წარმოსადგენია, ჭიკაიძეს ეს გადაწყვეტილება თავისით მიეღო, თუნდაც ეს საოცრება რომ დავიჯეროთ, მეორე საოცრების დაჯერება, რომ მას ივანიშვილმა ვერ გადააფიქრებინა გადადგომა, ყოვლად წარმოუდგენელია. ანუ ცხადზე ცხადია, რომ ჭიკაიძის გადადგომა ივანიშვილისთვის არათუ თავზარდამცემი არ ყოფილა, არამედ თუ შს მინისტრის ახალ კანდიდატურასაც გავითვალისწინებთ, პირიქით, სასურველიც.

თამაში გახსოვთ ბავშვობაში? "ვისი სული გსურთ"...საინტერესოა, კიდევ ვისი სული სურს ივანიშვილს?.."-წერს სარიშვილი .

26-01-2015, 11:27
უკან დაბრუნება