ივერიონი / რას ურჩევს ზაზა ხატიაშვილი თეა წულუკიანს?

რას ურჩევს ზაზა ხატიაშვილი თეა წულუკიანს?

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და ურჩევს, აიღოს ინიციატივა და მოსამართლეთა კორპუსი მთლიანად შეცვალოს. "სხვანაირად სააკაშვილის რეჟიმის დასაყრდენ უკანონო გადაწყვეტილებებით დაავადებულ სასამართლო სისტემას არაფერი ეშველება", _ ამბობს ხატიაშვილი.


ასოციაციის თავმჯდომარე დასკვნებს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებს და დარწმუნებულია, რომ თუ ახალმა ხელისუფლებამ თავისი საქმიანობა სასამართლო სისტემის ძირეული რეორგანიზაციით არ დაიწყო, ძალიან გაუჭირდება.


ხატიაშვილი ქართულ სასამართლოებში არსებულ ნონსენსებზეც საუბრობს და წულუკიანს აფრთხილებს, რომ სასამართლო სისტემა პროკურატურის დაკვეთებისგან უნდა განთავისუფლდეს. იგი უფრო შორს მიდის და კონკრეტული მოსამართლეების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს. ესენი არიან: ჯუმბერ რუსიშვილი, ირაკლი შენგელია, ივანე ღლონტი, ლაშა ჩხიკვაძე, დიმიტრი მჭედლიშვილი, მაია თეთრაული და ომარ ჯორბენაძე.


"ჩვენ არ გვჭირდება ტელეფონისა და "კოპი ფეისტის" სასამართლო~, _ აცხადებს იგი და იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა დამნაშავე მოსამართლის წინააღმდეგ! "გერმანიაში რომ არ მოეწყოთ ნიურბერგის პროცესი, დღეს გერმანია ვერ გახდებოდა დემოკრატიული სახელმწიფო", _ ამბობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და დასძენს: "თუ არ გაირკვა ის სიმახინჯე, თუ რატომ გვაქვს ასეთი სასამართლო, ჩვენ ვერასოდეს ვეღირსებით სამართლიან სასამართლოს".

13-11-2012, 11:50
უკან დაბრუნება