ივერიონი / სოსო ცინცაძე: "ქართულმა ოცნებამ" მარგინალები გაააზნაურა და მეექვსე მუხლის ლორდებად აქცია!

სოსო ცინცაძე: "ქართულმა ოცნებამ" მარგინალები გაააზნაურა და მეექვსე მუხლის ლორდებად აქცია!

ბატონო სოსო, საზოგადოების დიდი ნაწილი გააოცა ბიძინა ივანიშვილის  გამოსვლამ ტელეკომპანია "იმედზე", რადგან ის მისგან ქვეყანაში არსებული მწვავე სიტუაციის ობიექტურ შეფასებას ელოდა, თქვენ როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას?

-საზოგადოების რა გითხრათ, მე კი ყბა ჩამომივარდა. ბიძინამ ადრე თქვა, 60 წლის ვარო, მე მასზე მეტის ვარ, ათასობით წიგნი წამიკითხავს, მაგრამ არსად ამომიკითავს, მოსახლეობისთვის ინფლაცია კარგიაო.  ჩინეთს 10 წელი აიძულებდა აშშ გაემყარებინა იენის კურსი, რომელსაც ის დაგეგმილად, ხელოვნურად  აუფასურებდა, რათა კონკურენტები დაეჯაბნა, თუმცა ეს მოსახლეობის ფინანსებზე არ ზემოქმედებდა. მე მიკვირს, ეთერში გასვლამდე ნუთუ არავინ უთხრა  ბიძინას, რომ წამლები 8-10% -ით გაძვირდა,  ასევე სურსათი,  პური არ ძვირდებაო ვითომ, სამაგიეროდ წონაში შეამცირეს. ახალი პრემიერისაც მიკვირს, რომელმაც დავოსში აბრეშუმის გზაზე ისაუბრა, რომელიც ჩინელებმა უკვე აამოქმედეს და ამ საქმეში საქართველო საერთოდ არ ჩანს. ადრე ასე ვფიქრობდი, მერე რა, რომ ფული არ მაქვს, რა, კაცი არ ვარ-მეთქი? ახლა ვფიქრობ, რა კარგია, როცა ბევრი ფული გაქვს,  ვერ გაიგებ, რომ ცხოვრება ძვირია.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში არ დაბრუნდება, ხოლო მთავრობა, პარლამენტი და დედაქალაქის მერი ეფექტურია, თქვენ როგორ ფიქრობთ?

-ჯერ ერთი, ივანიშვილი ასე ამბობს, რომ დღევანდელი ქართული მთავრობა ეფექტურია, ხოლო მინისტრები მსოფლიოში საუკეთესონი და მათი შეცვლა როგორ იქნებაო?!  მეორე, ბიძინას "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუს რომ ვკითხულობდი, უფრო და უფრო ნაკლებად ვოცდებოდი, რადგან იმუნიტეტი გამომიმუშავდებოდა; მესამე, ყველაზე ოინური,  თუ როგორ არ უჯერებდა ჯიუტი კახელი ღარიბაშვილი ივანიშვილს და ნათესავებს იწინაურებდა.  მისმა ცოლისძმამ, პატარა პარლამენტარმა ბიჭმა, იცის, როდის გაჩნდა პირველი პარლამენტი მსოფლიოში? 60-70 წლის წინ ვებერი წერდა, როცა ხელისუფლება მოსახლეობასთან კონტაქტს კარგავს და ნაკლებად ესმის, რა ხდება ქვეყანაში, ეს ცუდია, ეს საგანგაშოა,  ქარიშხლის წინ ცის მოღრუბვლააო. როგორც გავიგე, ბიძინა ივანიშვილმა თებერვალში ტელეგადაცემა უნდა "დასვას". და მე მიკვირს... ეს გადაცემაც ამ ინტერვიუსთანა იქნება? გამახსენდა, მაშინ რუსეთში ვსწავლობდი, კომუნისტების დროს რომ ხუმრობდნენ, ომი მიმდინარეობს საინფორმაციო გამოშვება "ვრემიასა" და მაცივრებს შორისო ანუ "ვრემია" გადმოსცემდა, მაცივრები სავსეაო, ამ დროს ცარიელი იყო-ასეთი იქნება?! თუ ამისთვის ემზადება, ეს ძალიან შემაწუხებს. მე გულწრფელად ვურჩევ, ხალხთან ახლოს იყოს, გაიგოს, რა უჭირთ რიგით ადამიანებს, თორემ 3-4-5 თვეში ერთხელ რომ შეხვდება უმრავლესობის გაზულუქებულ ლიდერებს და მინისტრებს, ისინი მონტე კრისტოები ვართო, ეუბნებიან. ეს ამას ჰგავს, ეკატერინე მეორე წერდა ვოლტერს, რუსეთში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გლეხები ქათმის ხორცის ჭამას არ კადრულობენ, ინდაურებზე გადავიდნენო, ამ დროს კი რუს გლეხობას ბაყაყების  ჭამით გაჰქონდა თავი. რაც შეეხება თბილისის მერს, ივანიშვილმა მას მხოლოდ არათბილისელობა დაუწუნა, არადა  ასეთი განაჩენი მსოფლიოს ყველა მერისთვის პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენია. პარიზის მერს არაპარიზელობა რომ დაუწუნო, ეს თვით ლუსტრაციაა. რომ ამბობს, ნარმანიას პირველ ეტაპზე გაუჭირდაო... მეორეზე ხომ ააყვავა!...  ნარმანიას თბილისის მერად დანიშვნა იგივეა სადღაც კახეთის სოფლის საკრებულოს თავმჯდომარედ თბილისელი პოლიტიკოსი დანიშნო, ის იქ ვერაფერს გაიგებს, ან მასხრად აიგდებენ, ან პანღურს ამოჰკრავენ... ერთი სიტყვით, "ქართულმა ოცნებამ"  მარგინალები გაააზნაურა და მეექვსე მუხლის ლორდებად აქცია.

ესაუბრა ია ჯღარკავა 

 

29-01-2015, 21:42
უკან დაბრუნება