ივერიონი / ნათია ფანჯიკიძე:"ვისაც გიპყრიათ ეს დაწყევლილი ძალაუფლება გუშინდელი დღე გასულია და ნუღარ გვაცხოვრებთ კოშმარულ სიზმრებში!"

ნათია ფანჯიკიძე:"ვისაც გიპყრიათ ეს დაწყევლილი ძალაუფლება გუშინდელი დღე გასულია და ნუღარ გვაცხოვრებთ კოშმარულ სიზმრებში!"

ყოფილი თავდაცვის მისნისტრის ირაკლი ალასანაიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის  ინტერვიუს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

"მთელი ორი ასე ლამაზი და ასე ძვირფასი, ცისმარე დღეა ერი დაბნეული ეკითხება ერთმანეთს, – 200 (ან მეტი) სერია ნაციონალებზე ფილმის ყურება რას უნდა ნიშნავდეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის? მიზანს და მოტანილ სარგებელს ვინც გამოიცნობს, ის იქნება სუპერ მოაზროვნე. არც ინტერვიუ მომისმენია, არც კომენტარს ვაპირებდი, მაგრამ მაქვს ერთი წუხილი და გამოვთქვამ, იქნებ შემსმენელი იყოს სადმე ვინმე, – მე ჩემსას ვცდი.

საქართველოს ბიუჯეტი ერთბაშად, მობილიზებულად იმხელა დაფინანსებას ვერ გადაისვრის აწმყოსა და მომავლის ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში – განათლებაში, რომ ქვეყანამ უცებ, სწრაფად მოითქვას ამ მხრივ სული. დრო კი უმოწყალოდ მიდის და ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო ცუდად განათლებული "პროფესიონალების" არმია იპყრობს დარგებს. სწრაფი ეფექტისთვის, ამ 200 სერიის შეკვეცა 50-მდე (50 კიდევ ჯანდაბას, რადგან აკვიატების მსხვერპლი ვართ, დავყვეთ, რა ჩარაა) და დანარჩენი 150 სერიისთვის გასახარჯი ფულის ჩადება ტელესკოლაში შანსს მისცემდა მონდომებულ ბავშვებს და სტუდენტებს, შემდგომი თვითგანვითარებისთვის ოქროს გასაღებები დაეჭირათ ხელში.

საუკეთესო პედაგოგები რომ შეირჩნენ, დაფინანსდნენ, დაწერონ პროგრამა და საზოგადოებრივ არხზე განაწილდეს სისტემური ტელე გაკვეთლები, მერე დასრულებული პროგრამა დისკებადაც უფასოდ დარიგდეს, სწრაფად და ერთიათად წინ წავალთ. მახსოვს ჩემს ბავშვობაში დედას ზუგდიდიდან ულამაზესი გოგო ესტუმრა, ტელევიზიით ჰქონდა ნასწავლი გერმანული, თანაც ისე რა კი არა, – ძალიან კარგად.

უამრავი პროფესიონალია ნებისმიერ საგანში, გამოვლენა უნდა, გამოცოცხლება უნდა, პედაგოგებისთვისაც სტიმული იქნება ეს.

ბიძიებო, დეიდებო, ვისაც გიპყრიათ ეს დაწყევლილი ძალაუფლება, გამოდით მდგომარეობიდან, გუშინდელი დღე სიზმარია, გასულია და ნუღარ გვაცხოვრებთ კოშმარულ სიზმრებში, გაგვითენდა. დაგეგმეთ დღევანდელი დღე ისე, რომ ხვალინდელი მეტად საინტერესო და იმედისმომცემი გახდეს", - წერს  ფანჯიკიძე.

30-01-2015, 13:55
უკან დაბრუნება