ივერიონი / ახალციხის მუნიციპალიტეტი თავს იმართლებს!

ახალციხის მუნიციპალიტეტი თავს იმართლებს!

ეს წერილი „ივერიონს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოუგზავნა და გვთხოვა გამოგვექვეყნებინა.

 

მერია „ივერიონში“ გამოქვეყნებულ ლაშა ამირეჯიბის კრიტიკულ წერილს ეხმიანება და ცდილობს გააბათილოს ამირეჯიბის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები.

 

პრესის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ვბეჭდავთ მუნიციპალიტეტის გამოხმაურებას.

 

იმედია ბ-ნ ლაშასაც საკუთარი არგუმენტები ექნება, რასაც სიამოვნებით დავუთმობთ ადგილს.


      „2014 წლის 3 თებერვალს ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ქ. ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ  განსახილველად შეიტანა საკითხი - 2012 წელს  -  „ქ. ახალციხეში არსებული კულტურული მემკვიდრეობის (ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის) ძეგლის „ახალციხის ციხის“ მშენებლობისას, მოქალაქე სარქის აკოფიანის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის  შესახებ“, რომელიც განხორციელდა შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურების გარეშე. მერის მიმართვას თან ერთვოდა სარქის აკოფიანის 2014 წლის 19 აგვისტოს განცხადება Nა- 13 , 2014 წლის 30 ნოემბრის აუდიტორული დასკვნა N15 და საცხოვრებელი სახლის საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა.
    იმის გათვალისწინებით, რომ წინა ხელისუფლების დროს (2012 წ.)  მოხდა მოქალაქე სარქის აკოფიანის კერძო საკუთრების უფლების ხელყოფა კომპენსაციის გაცემის გარეშე და იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უგულვებელყოფილ იქნა ს. აკოფიანის არაერთი კანონიერი მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და ერთხმად  დაუჭირა მხარი მერისთვის თანხმობის მიცემას, რათა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კომპენსაციის გასაცემად გამოყოფილიყო თანხა - 150,0 ათასი ლარის ოდენობით.  (აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტას, მხარი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატებმაც დაუჭირეს, რომელთა მმართველობის პერიოდშიც მოხდა უკანონობა).
   2014 წლის 10 დეკემბერს, მოქალაქე სარქის აკოფიანსა და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებების შესრულების შესახებ N10, რომლის თანახმადაც სარქის აკოფიანმა თანხმობა განაცხადა მის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით - 256 კვ.მ (საკადასტრო კოდი N62.09.51.084),  მდებარე ქ. ახალციხე, ციხისძირის ქ. N7-ში გადასულიყო ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  საკუთრებაში, ხოლო თავის მხრივ,  ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ქ. ახალციხეში, ციხისძირის ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ქონებრივი ვალდებულების შესასრულებლად 2014 წლის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო თანხა 150,0 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ს. აკოფიანს ჩაერიცხა „ლიბერთი ბანკში“  პირად ანგარიშზე 2014 წლის 17 დეკემბერს.
   მერიასა და მოქალაქე სარქის აკოფიანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების  მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა  დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ და არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის იძულებას.
    რაბათის ციხის რეაბილიტაციის დროს, უკანონოდ მოხდა აგრეთვე მოქალაქე ნანული ოქრომელიძის კერძო საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის ხელყოფა კომპენსაციის ანაზღაურების გარეშე. აღნიშნული დავა სასამართლოში მიმდინარეობდა წლების განმავლობაში. ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, კანონით დადგენილ ფარგლებში  მიზანშეწონილად მიიჩნია აგრეთვე  ოქრომელიძის შესაბამისი ფართით უზრუნველყოფის საკითხის დადებითად გადაწყვეტა და 2014 წლის 03 ოქტომბერს მიღწეულ იქნა შეთანხმება კომპენსაციის ნაცვლად, სავაჭრო ჯიხურის მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვდა ნაკლებ დანახარჯს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
     ზემოთხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიულად უარყოფს ლაშა ამირეჯიბის ცრუ ბრალდებებს იმის თაობაზე, თითქოსდა ადგილი ჰქონდა „ბიუჯეტის ფულის უყაირათო ხარჯვასა“ და „ფინანსურ მაქინაციებს“, ვინაიდან არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია და დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს მას.
   ის ფაქტი, რომ დაზარალებულ მოქალაქეზე მოხდა კომპენსაციის გაცემა კანონით დადგენილი წესით, წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენის ერთერთ თვალსაჩინო მაგალითს, ხოლო ლაშა ამირეჯიბის უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებები არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
   ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია კანონიერების ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს სამართლიანობის აღდგენას წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქეების მიმართ და აღნიშნულ პროცესს ვერანაირი ცრუ ბრალდება ვერ შეაფერხებს“.

6-02-2015, 16:13
უკან დაბრუნება