ივერიონი / დავით ფერაძე: "სანიკიძე ფინანსურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის!"

დავით ფერაძე: "სანიკიძე ფინანსურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის!"

ბატონო დავით, 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვა არის თუ არა ქართული განათლების ახალი გაუგებრობა?

„თავიდან აქ პრობლემას ვერ ვხედავდი, რადგან ეს დასკვნა ფსიქოლოგებს ეკუთვნით და  რაზე უნდა ვიდაოთ-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ მერე დავფიქრდი: როდის იყო სანიკიძე რაიმე ნაბიჯს ისე დგამდა, რომ მასში სათავისო ხეირი არ ენახა? ამ შემთხვევაშიც ასე იყო- ფსიქოლოგების დასკვნა, უბრალოდ, საბაბად გამოიყენა. ამ საკითხის "პრაგმატული" მხარე კი ისევ ფინასურ გათვლებთანაა დაკავშირებული. კერძოდ: ყველა ადამიანი და, მათ შორის, მთავრობა და პარლამენტიც, როდესაც ბიუჯეტს იღებდნენ  და განათლების დაფინანსებას განსაზღვრავდნენ, აქ მოიაზრებოდა 2015 წლის სექტემბერში მისაღები პირველკასელების კონტიგენტიც. ბიუჯეტი  უცებ დამტკიცდა. სანიკიძე გვიცხადებს, რომ 15 სექტემბრის მერე,  ვისაც შეუსრულდება 6 წელი, ის სკოლაში ვერ შევაო. არადა მათზე გათვალისწინებულ თანხას თუ ფინანსური ვაუჩერის კუთხით განვიხილავთ, 8 მილიონი ლარის ფარგლებშია. ეს არის ამ საკითხის ფინანსური გათვლა. ამის გარდა, მცირეკონტიგენტიანი სკოლების დიდი ნაწილი პირველი კლასების გარეშე და, შესაბამისად, მასწავლებლების გათავისუფლების წინაშე აღმოჩნდება“.

თქვენი აზრით, შეცდომა იყო თუ არა 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღების დაკანონება? 

„მე ვფიქრობ, რომ 5 წლის ბავშვი მართლაც ცოდოა სკოლის მერხისთვის და თუ ფსიქოლოგებიც ამას ამბობენ, მით უმეტეს,  რაღა დაგვრჩენია!  მაგრამ  კარგი იყო, როდესაც არსებობდა გამონაკლისი წესი: მაგალითად,  ბავშვი თუ სექტემბერ- ოქტომბერში ხდება 6 წლის  და მშობელს მისი სკოლაში მიყვანა სურს,  თუკი ფსიქოლოგებიც  თანახმა  არიან, რატომ არ უნდა არსებობდეს ასეთებზე გამონაკლისი?  თუმცა, კიდევ ვიმეორებ,  სანიკიძე ფსიქოლოგთა დასკვნას მხოლოდ საბაბად იყენებს“.

გამოიღებს თუ არა შედეგს იმ მშობელთა პროტესტი, რომელთა შვილები 6 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან ხდებიან?

„არა მგონია ამას შედეგი ჰქონდეს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პროტესტი სტიქიური ხასიათისაა და ამ ქვეყანაში ვერ ხერხდება პრობლემის ირგვლივ გაერთიანება. თუ ერთიანობა იქნება, შედეგებს მაშინ ვნახავთ. თუმცა  სანიკიძე შეეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ფინანსურად მოტივივირებული გადაწყვეტილება არ შეცვალოს“.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

8-02-2015, 11:32
უკან დაბრუნება