ივერიონი / დოკუმენტები დადეთ, დოკუმენტები, ბატონებო!

დოკუმენტები დადეთ, დოკუმენტები, ბატონებო!

პასუხი ახალციხის მერიას


ბატონო გია, გავეცანი თქვენს ნაჩქარევ პასუხს ჩემს წერილზე, რომელიც ეხება მოქ. აკოფიანზე კომპენსაციის გაცემას.


ნაჩქარევი-მეთქი იმიტიმ ვამბობ, რომ წერილის დასაწყისშივე „გაგეპარათ“ ერთი უმნიშვნელო „შეცდომა“ - 2014 წლის 3 თებერვალს თქვენ ქ. ახალციხის მერი არ ბრძანდებოდით, აქედან გამომდინარე, ამ სტატუსით საკრებულოს სხდომაზე ვერცერთ საკითხს ვერ გაიტანდით, მითუმეტეს, იმ საბუთების თანდართვით, რომელიც წერილში გაქვთ მითითებული.


კერძოდ, „სარქის აკოფიანის 2014 წლის 19 აგვისტოს განცხადება Nა- 13 , 2014 წლის 30 ნოემბრის აუდიტორული დასკვნა N15 და საცხოვრებელი სახლის საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა“.


ეხლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე: მერიას კომპენსაციის გაცემაზე კი არავინ ედავება, რაზედაც თქვენ გინდათ გადაიტანოთ აქცენტი, არამედ, ამ კომპენსაციის რაოდენობის განსაზღვრის სამართლიანობაზე.


ეჭვს იწვევს ის, რომ აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულებს თქვენს წინამორბედებთანაც ჰქონდათ საუბარი, მაგრამ მაშინ კომპენსაციის რაოდენობა  ქალაქის ბიუჯეტიდან თქვენს მიერ ასე გულუხვად გაცემული თანხის მაქსიმუმ მესამედს შეადგენდა.


ჩემმა წერილმა, რომელიც ახალციხის ფართო საზოგადოების ინტერესებზეა დაფუძნებული, ეტყობა საკმაო დისკომფორტი შეგიქმნათ ამ საქმეში ჩართულ პირებს, ამიტომ, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ იმ დოკუმენტების ასლები, რის საფუძველზეც მოხდა ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა. ამასთან, განგვიმარტოთ, რომელმა აუდიტმა დადო დასკვნა, რა ფორმით და ვინ დაიქირავა იგი, ანუ ვინ გაიღო შესაბამისი ხარჯები და რამდენი.


საინტერესოა ისიც, რომელი დოკუმენტაციის საფუძველზე და რა მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა აუდიტმა ქონების შეფასების აქტი. ასევე ვინ შეადგინა თქვენს მიერ საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი ეგრეთწოდებული „საცხოვრებელი სახლის საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა“?


იქნებ აგვიხსნათ, როცა არსებობს აუდიტის დასკვნა, რატომ არის ხარჯთაღრიცხვა საორიენტაციო? ასევე გაგვარკვიოთ, რაში გადაიხადეთ 150 000 ლარი? ეს არის კომპენსაცია დანგრეული სახლის სანაცვლოდ თუ ამ თანხით მერიამ შეიძინა რაიმე ქონება? რას ნიშნავს 2014 წლის 10 დეკემბერს, მოქალაქე სარქის აკოფიანსა და ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ურთიერთვალდებულებების შესრულების შესახებ, რომლის თანახმადაც სარქის აკოფიანმა თანხმობა განაცხადა მის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით - 256 კვ.მ (საკადასტრო კოდი N62.09.51.084), მდებარე ქ. ახალციხე, ციხისძირის ქ. N7-ში გადასულიყო ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში, ხოლო, თავის მხრივ, ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ქ. ახალციხეში, ციხისძირის ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ქონებრივი ვალდებულების შესასრულებლად 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო თანხა 150,0 ათასი ლარი. თუ თქვენ არ იცით, თქვენს ფინანსისტებს მაინც უნდა ეთქვათ რომ კომპენსაციის გაცემა და ქონების (ანუ ძირითადი საშუალებების) შეძენა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში სულ სხვადასხვა მუხლებით გადის.


ასე რომ, ჩემო კარგებო ჯერ კარგად ჩამოყალიბდით, დალაგდით და მერე მოამზადებინეთ საპასუხო წერილები საქმეში გარკვეულ პირებს.
ბატონო გია, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთი შეკითხვა დაგისვათ: რაბათის ციხის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით თქვენს ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ეს მოითხოვა საკრებულოს ნაციონალურმა ფრაქციამ, ასევე თქვენს წერილში აკოფიანისთვის კომპენსაციის გაცემაზე პირდაპირ მიუთითებთ „აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტას, მხარი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატებმაც დაუჭირეს, რომელთა მმართველობის პერიოდშიც მოხდა უკანონობა“.


უკაცრავად და, თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ძალიან დიდი ადგილი ხომ არ უკავია „ნაციონალების“ აზრებს? თუმცა, ახალციხის საკრებულოში ხომ მხოლოდ ერთი კაცია ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ოცნების“ მხარეს იბრძოდა (თუმცა ეხლა ბურჯანაძე-დემოკრატებშია), დანარჩენი კი თითქმის უკლებლივ „დიადი“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები და მხარდამჭერები იყვნენ და დავით ლომიძის, კაკო მაჭუტაძის და თქვენი ხელდასმით აღმოჩნდნენ ახალციხის საკრებულოში.

პატივისცემით, ლაშა ამირეჯიბი

9-02-2015, 13:23
უკან დაბრუნება