ივერიონი / თამარ ბერუჩაშვილი: მინსკის შეხვედრა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია

თამარ ბერუჩაშვილი: მინსკის შეხვედრა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია

მინსკში მიმდინარე შეხვედრას თვალყურს ვადევნებთ. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინსკში მიმდინარე შეხვედრების თემის კომენტირებისას ისაუბრა.

 

 მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარებს შორის შეთანხმება შედგება.

"მინსკში მიმდინარე შეხვედრას თვალყურს ვადევნებთ. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. იმედი მაქვს, შეთანხმებაში სრულფასოვნად მოხდება ყველა პრობლემატური თემის ასახვა და შესაძლებლობა შეიქმნება, უპირველეს ყოვლისა, ადგილზე იყოს მშვიდობა, რუსეთმა გაიყვანოს ჯარები და აღდგეს საზღვარი, რომლის კონტროლიც ადეკვატურად განხორციელდება. მნიშვნელოვანია ეს შედეგი საქართველოსთვისაც, რამეთუ ეს არის დიდი, რეგიონალური, ევროპული უსაფრთხოების თემა", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

 ბერუჩაშვილმა განმარტა, რომ  პრობლემაა არა მხოლოდ შეთანხმება, არამედ მისი აღსრულებაც.

"ძალიან დიდი პრობლემაა არა მარტო ხელშეკრულების შეთანხმება, არამედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის შესრულებას. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ძალიან ნეგატიური პრაქტიკა აქვს. ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწევს ძალისხმევის გააქტიურება და ამ თემასთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების გათვალისწინება. ჩვენ ვმუშაობთ, რათა უკრაინა არ იყოს ერთი იზოლირებული საკითხი და ეს იყოს ზოგადად, სამეზობლოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სხვადასხვა ფორმით გამოვლინების თემა", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

12-02-2015, 14:43
უკან დაბრუნება