ივერიონი / მარიამ რამინაშვილი: "რატომ ტოვებს სანიკიძე სკოლებს დირექტორების გარეშე?!"

მარიამ რამინაშვილი: "რატომ ტოვებს სანიკიძე სკოლებს დირექტორების გარეშე?!"

,,ყოვლადგაუგონარ არაკომპეტენტურობასა და წინდაუხედაობასთან გვაქვს საქმე, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ პირობებში აცხადებს საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსს. პირველი, რაც აუცილებლად აღსანიშნავია,  საკონკურსოდ გამოაცხადეს  978 საჯარო სკოლა, რაც საქართველოს საჯარო სკოლების საერთო რაოდენობის  50% შეადგენს… ეს თავისთავში აუცილებლად გულისხმობს იმ მომენტს, რომ სულ რაღაც 2-3 თვის წინ ჩატარებული კონკურსის შემდეგ სკოლების უდირექტოროდ დარჩენის პრობლემა არასათანადოდ იქნა გააზრებული და, მეტიც, საერთოდაც არ ჩაუთვლია სამინისტროს ეს პრობლემად და უგულვებელყო… ანუ 2-3 თვის წინ ვერ მოხერხდა 978 სკოლაში დირექტორების არჩევა:

1. რადგან არ იყო საჭირო რაოდენობის კანდიდატი; 

2. წარდგენილი კანდიდატი არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.

 

როგორ ფიქრობს, ნეტავ, განათლების მინისტრი, საიდან უნდა გაჩნდნენ ახალი სერტიფიცირებული კანდიდატები?!  სხვათა შორის, შემიძლია გითხრათ,  წინა კონკურსის გადაწყვეტილებების დიდი რაოდენობა სასამართლო წარმოებაშია არაკომპეტენტურად  და მიკერძოებით გამოტანილი შედეგების გამო, ეს კონკურსიც ფიქციაა, ისევ გაუაზრებელი, დაუგეგმავი,  თუმცა სხვას არც ველოდი… რა არის განათლების სისტემაში კომპეტენტურად გაკეთებული, ეს რომ ყოფილიყო?!.

 

პ.ს. ამასობაში, მინისტრის მიერ გაუაზრებლად (და ღმერთმა უწყის კიდევ როგორ) დანიშნული დირექტორების გამო, ძლივს განვითარების რელსზე დამდგარი განათლების სისტემა ისე ჩამოიშალა, პრობლემად რომელი ერთი დაასახელო, გიჭირს ადამიანს: ჩაშლილი საგაკვეთილო პროცესები, გამალებული აღებ-მიცემობა; ემოციურად დაძაბული სასკოლო გარემო, უმოტივაციოდ დარჩენილი მასწავლებლები თუ უკმაყოფილო მშობლები და ა.შ….

 

14-02-2015, 22:11
უკან დაბრუნება