ივერიონი / რატომ დუმს საპატრიარქო და სად არის მისი უდიდებულესობა- მართლმადიდებელი მრევლი?

რატომ დუმს საპატრიარქო და სად არის მისი უდიდებულესობა- მართლმადიდებელი მრევლი?

გუშინ   მრევლის ერთ-ერთმა წევრმა ეკლესიის ეზოში განზე გამიყვანა, აფორიაქების მიზეზი ამიხსნა და მთხოვა:იქნებ წინამძღოლთან მივიდეთ და კურთხევა ავიღოთ, რომ ჩვენი მრელის წევრებიდან  მობილური ჯგუფი შევქმნათ, რომელიც საკუთარ პოზიციას ხმამაღლა დააფიქსირებს  მიწის  უცხოელებზე შეუზღუდავად  გაყიდვის კანონპროექტთან დაკავშირებითო.

 იდეა მომეწონა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა,  წინამძღვრისგან კურთხევის აღება  ცოტა მეჩოთირა- ეს ხომ პოლიტიკაში ჩარევად ჩაეთვლებათ მეთქი.
 " იდეის ავტორი" მაინც არ მომეშვა:  აბა ის არის კარგი, ქვეყანა კატასტროფისკენ რომ მიექანება და ქართველი ხალხი მიწის გარეშე რომ დარჩებაო?!
 მე მაინც ჩემსას "ვაწვებოდი" -არ ღირს ეკლესიის  ჩარევა პოლიტიკაში და თუ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, საპატრიარქომ უნდა გააკეთოს მეთქი...
   ჩემმა სიტყვებმა მე თვითიონ დამაფიქრა: რატომ არ იღებს ხმას საპატრიარქო  ამ ანტიქართულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რატომ არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას და არ მოუწოდებს  ხელისუფლებას ხელი აიღოს ამ  ავანტიურისტულ განზრახვაზე, რომელიც  ქართველი მტრების მიერაა შემოგდებული?
  ან სად არის მისი უდიდებულესობა ქართველი მართლმადიდებელი მრევლი, რომელსაც ჩალის ფასად  მიწას უყიდიან და ქართველ ხალხს  (შესაბამისად ქვეყანას) მარჩენალის გარეშე ტოვებენ?!
 ჩვენ ყოველთვის ვიღაცის  შეძახილს ველოდებით. ამ შემთხვევაში ეს "ვიღაცა" საქართველოს საპატრიარქოა, რომელიც ძალიან საეჭვოდ დუმს!
 როგორც ჩანს, არ არის საკმარისი მხოლოდ  ამბიონიდან მოწოდება, რომ ქართული  მიწა არ უნდა გაიყიდოს, რომ ეს ანტიჰუმანური, ანტისახელმწიფოებრივი აქტია - ხელისუფლებას  სასულიერო პირების (ვინც  სასოფლო-სამეურნეო მიწის  უცხოელებზე  მიყიდვაში კატასტროფულ შედეგებს ხედავს) "ცრემლების" არ სჯერა. ალბათ საჭიროა  უფრო აქტიური, ოფიციალური  განცხადებების გაკეთება - განგაშის  ზარების    დარისხება  და მართლმადიდებელი  სამწყსოს ( ვინც ამ საშიშროებას კარგად აცნობიერებს, მაგრამ შეძახილს ელოდება) ერთ მუშტად გაერთიანება, რომელიც   გამოიყენებს საკუთარ უფლებებს  და  ქუჩაში გამოსვლებითა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით  პარლამენტს ამ ანტიქართული კანონის მიღებას გადააფიქრებინებს.
  საპატრიარქო კი არის ვალდებული ერთ მუშტად შეკრას  საკუთარი სამწყსო, რომ  მოსალოდნელი კატასტროფისგან იხსნას ქვეყანა, მაგრამ, თუ ეს  არ მოხდა, ერში თვითგადარჩენის ინსტიქტმა უნდა გაიღვიძოს  და გარეშე თუ შინაურ მტრებს  საკუთარი ძალა უნდა დაანახოს!
  სხვანაირად ვერ გადავრჩებით!..
P.შ  
 პოლიტიკოსებმა და ძალად გაპოლიტიკოსებულმა ელემენტებმა თვითლუსტრირება მოახდინეს - მათთვის ეს პრობლემა  სხვის ჭირად, ანუ, "ღობეს ჩხირად" იქცა, რადგან, ეს  ჩვენი ერისთვის სასიცოცხლო პრობლემა  იმ "დონორების" გეგმაში არ ზის, ვინც მათ ნოყიერად აფინანსებს.
   ვნახოთ, რას იზამს ქართული მართლმადიდებელი  ეკლესიის  დასი , რამდენად დარაზმავს  იგი ასევე  მართლმადიდებელ მრევლს ქართული მიწის გადასარჩენად!


                                         ლოვარდ მიწიშვილი

16-02-2015, 12:31
უკან დაბრუნება