ივერიონი / ახალი კვალი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში

ახალი კვალი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში

მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილისა, სხვა პირების დნმ-ის კვალიც არის ამოღებული.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, ჯერჯერობით ამოღებული დნმ-ის კვლევის იდენტიფიცირება არ მომხდარა.

მთავარი პროკურორის მოადგილის მტკიცებით, გარდა ამისა, პროკურატურას გააჩნია ბევრი მტკიცებულება, რომელიც სოსანაშვილის დანაშაულზე მიუთითებს. მათ შორის, შოთაძის თქმით, პროკურატურას გააჩნია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 იანვარს გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის პიროვნებას მონაცემთა ბაზაში ამოწმებდა. მისი განცხადებით, 20 იანვარს, აფეთებამდე ერთი საათით ადრე ირაკლი ფირცხალავამ სოსანაშვილს დაურეკა, როდესაც სოსანაშვილი სოფელ ყარაფილას მომსახურე მობილური ტელეფონების ანძის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

შოთაძემ განაცხადა, რომ სოსანაშვილის ოჯახის ბრალდებები თითქოს პროკურატურამ დნმ გააყალბა, სასაცილოა.

"სასაცილოა, რომ სოსანაშვილთან დნმ გაყალბდა. ვიდრე მოხდებოდა მისგან დნმ-ის ნიმუშის აღება, გაცილებით ადრე იყო პროკურატურისთვის ცნობილი შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისას ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ნაწილზე კვალი. ეს ხდებოდა გაცილებით ადრე, გამოძიებამ თავიდანვე იცოდა რომ დნმ-ს კვალი იქნა აღმოჩენილი. ვისი კვალი იყო არ ვიცოდით. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება და სოსანაშვილამდე შემოწმებული იქნა სხვა მოქალაქეებიც. იმის მტკიცება, რომ დნმ-ს ჩადება მოხდა, სასაცილოა. დნმ-ის ნიმუშის აღებას ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ", - განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც პროკურატურამ მოიპოვა დასაბუთებული ვარაუდი ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რომ სოსანაშვილი შეიძლება ყოფილიყო ის პირი, ვინც ასაფეთქებელი მოწყობილობა დადო ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, მოხდა გამოკვლევა და სოსანაშვილის დაკავება ბრალდებულის სახით ამის შემდეგ მოხდა.

"დაკავების შემდეგ მოხდა მისგან დნმ-ის აღება, რომელიც დაემთხვა საფლავზე ამოღებულ ნიმუშს. გამოძიება გრძელდება, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გია სოსანაშვილი საფლავის მიმდებარედ დაინახეს", - განაცხადა შოთაძემ.

 

19-02-2015, 13:44
უკან დაბრუნება