ივერიონი / დუქნები და სამიკიტნოები თბილისში-ახალი იდეები საკრებულოში

დუქნები და სამიკიტნოები თბილისში-ახალი იდეები საკრებულოში

დედაქალაქის საკრებულოში გამართულ სხდომაზე ჩუღურეთის რაიონში მდებარე ნიკო ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია განიხილეს. 

შეხვედრას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები რიმა ბერაძე და ნუგზარ მალაღურაძე, ასევე თბილისის მერის მოადგილე გია სოლომონია, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე ესწრებოდნენ.

ირაკლი როსტომაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ფიროსმანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები დეტალურად გააცნო და მხარეებს ფიროსმანის ეპოქის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენის, ასევე სავაჭრო ცენტრების განთავსების ინიციატივით მიმართა და სურვილის შემთხვევაში, დეპუტატებს პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას დაჰპირდა.

პროექტის მნიშვნელობაზე საკუთარი ხედვა საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ წარუდგინა. 

მისივე ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები საკრებულოში კვლავაც გაგრძელდება და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ სხვა ალტერნატიულ პროექტებსაც განიხილავენ.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნულ ინიციატივას დადებითი შეფასება მისცა.

 

27-02-2015, 14:07
უკან დაბრუნება