ივერიონი / გიგა ბოკერიამ ივანიშვილის გეგმა გაშიფრა

გიგა ბოკერიამ ივანიშვილის გეგმა გაშიფრა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას კონკრეტული გეგმა და სტრატეგია ეკონომიკური და სავალუტო კრიზისის მოსაგვარებლად არ გააჩნია და მათი ერთადერთი მიზანი არსებული პრობლემების სხვისთვის გადაბრალებაა. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ახლა აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - გადასახადების დაწევა, ბიუროკრატიის შემცირება და ა.შ.

"ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს და ის, რაც დღეს ხდება, არის სწორედ ამ პოლიტიკის შედეგი და ახლა ივანიშვილი და მისი მთავრობა იმის ნაცვლად, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობდნენ, ერთადერთი გეგმა აქვთ, რომ სხვას გადააბრალონ არსებული პრობლემები. ორი კვირის წინ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი წესრიგშიაო და ახლა ირკვევა, რომ სხვაგვარად არის საქმე," - განაცხადა ბოკერიამ.

 მისივე თქმით, გადაბრალება გამოსავალი არ არის და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

"ჩვენ გვჭირდება გადასახადების დაწევა, ბიუროკრატიის შემცირება და დარეგულირება, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას, შემოსავლები გაიზარდოს და ლარი დასტაბილურდეს. თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მას ქართული საზოგადოება სახლში გაუშვებს დემოკრატიული გზით," - განაცხადა ბოკერიამ.

ბიძინა ივანიშვილი და მთავრობა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ბარამიძემაც გააკრიკტიკა.

"ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელია ვაფრთხილებთ ივანიშვილს, შეწყვიტოს მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს გაღატაკებისკენ და დღეს უკვე რეალურად დადგა შედეგი, როდესაც ლარი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და გაიზიაროს თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმის თუნდაც ნაწილები, ცდილობს პასუხისმგებლობა აიცილოს," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

27-02-2015, 15:20
უკან დაბრუნება