ივერიონი / ლაშა ნიკოლაიშვილი: ფინანსურმა ინსტიტუტებმა ხალხის გაღატაკების ხარჯზე კოლოსალური მოგება მივიღეთ

ლაშა ნიკოლაიშვილი: ფინანსურმა ინსტიტუტებმა ხალხის გაღატაკების ხარჯზე კოლოსალური მოგება მივიღეთ

"გადაფასებებით მარტო 1 თვეში მივიღეთ 5 მილიონიანი მოგება. ეს მოგება მოვიდა ჩვენი ხალხის გაღატაკებიდან", - ამის შესახებ რიკო კრედიტის დამფუძნებელმა ლაშა ნიკოლაიშვილმა "რეაქციის" ეთერში, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ლარის გაუფასურების გამო საფინანსო ინსტიტუტებმა კოლოსალური შემოსავლები მიიღეს.

"დღესდღეობით ყველაზე მოგებულები სამწუხაროდ ვართ ჩვენ, ფინანსური ინსტიტუტები. ჩვენ მივიღეთ კოლოსალური მოგებები, კურსის დევალვაციის გამო. გამომდინარე იქედან, რომ როდესაც სესხები გაცემულია დოლარში, ხალხს უწევს გაცილებით მეტი ლარის გადახდა. კურსებზე გაიზარდა სპრედები, რამაც გამოიწვია მოგება სავალუტო ოპერაციებზე, გადაფასებებით მარტო 1 თვეში მივიღეთ 5 მილიონიანი მოგება. ეს მოგება მოვიდა ჩვენი ხალხის გაღატაკებიდან.

ფაქტიურად ის ხალხი, რომელიც დღეს ჩემთან მოდის, ის პენსიონერი, რომელსაც მე ვერ ვუხსნი, რომ 2000 ლარის ნაცვლად, ახლა რატომ მახდევინებ 2300 ლარს? ჩემთვის ეს არის ჯოჯოხეთი",-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, როგორც ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, ლარის კურსის გაუფასურება "სუფთა წყლის სპეკულაცია" იყო.

"დღეს ყველა ამბობს, რა მოუვიდა ლარს. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვართ ნდობის ბიზნესში. ლარის მიმართ, როგორც ფუნდამენტალურ ინსტიტუტთან, დღემდე იყო ნდობა, დღეს ეს ნდობა ქვეყანაში უკვე აღარ არის. როდესაც მოხდა ნდობის დარღვევა, მასიურად მოხდა თანხების გატანა ფინანსური ინსტიტუტებიდან... გამომდინარე იმ სპეკულაციიდან, ეს იყო სუფთა წყლის სპეკულაცია, დღესდღეობით რაც მოხდა საქართველოში",-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

 

28-02-2015, 11:22
უკან დაბრუნება