ივერიონი / რატომ ეწირება ვიღაცის მადას და ხუშტურებს აღრიცხვა-აუდიტის სისტემა საქართველოში?!

რატომ ეწირება ვიღაცის მადას და ხუშტურებს აღრიცხვა-აუდიტის სისტემა საქართველოში?!

გაუნაწილებელი გავლენის სფერო თუ შეგნებული არაკომპეტენტურობა


როგორ უნდა აწარმოოს სამეწარმეო სუბიექტმა ბუღალტრული აღრიცხვა ან ვინ არის უფლებამოსილი ჩაატაროს აუდიტი?!.. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეის მდგომარეობით ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს.

 

მას აქეთ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის პერიოდში, წინა მოწვევის საქართველოს პარლამენტმა ბოლო სასესიო სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ კანონი დაჩქარებული წესით მიიღო, არსებულთან შედარებით, ფაქტობრივი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. კერძო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის, არსობრივად განსხვავებული ამ ორი სფეროს, ერთი რეგულაციის ქვეშ მოქცევამ და თვითრეგულირებაზე გადაყვანამ, უარყოფითი უკურეაქცია და სახიფათო გვერდითი მოვლენები წარმოშვა. განვითარების, ან ამ პროცესისადმი თუნდაც ხელშეწყობის ნაცვლად, ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტურ საქმიანობაში სრული გაურკვევლობა და განუკითხაობა დამკვიდრდა.ყველაზე ამარზენი კი ისაა, რომ დამდგარ შედეგზე ჭირისუფლობას არავინ ლამობს და არც ნუგეშის თქმის სურვილს გამოხატავს ვინმე.

 

ბევრჯერ  ითქვა (ავტორიტეტულ გამოცემებში გამოქვეყნდა, პრემიერს მოხსენდა, პარლამენტის ხელმძღვანელობას ეცნობა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმაც გულდასმით წაიკითხა და ფინანსთა მინისტრსაც გაეგზავნა წერილობით), რომ „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი წინააღმდეგობაშია ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივებთან. თავისი მრწამსით, ეს კანონი მონოპოლიურია, კორუფციული კარუსელის შემადგენელია და დისკრიმინაციის ელემენტებსაც შეიცავს (რადგან მხოლოდ ერთი ეკონომიკური აგენტის - ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) ოპერირებისთვის შეიქმნა არაკონკურენტული, განსაკუთრებული მდგომარეობა და ხანგრძლივვადიანი კომერციულად ხელსაყრელი გარემო). არანაკლებ კომპეტენტური საქართველოს (ადგილობრივი) აუდიტორული კომპანიებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის ხარჯზე, აღზევდა ცნობილი დიდი ოთხეული და საერთაშორისო ქსელში შემავალი კომპანიების მხოლოდ ვიწრო წრე; პრაქტიკულად წაერთვათ ფუნქციონირების შესაძლებლობა აუდიტორთა უმრავლესობას, რაც მთლიანობაში, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო პროფესიის, მით უმეტეს, ეკონომიკის განვითარების მიზნებთან. 

 

მესამე წელია კანონი მოქმედებაში თუ უმოქმედებაშია, უფრო მეტი დრო კი მის ძაგებასა და მუხლებს შორის ჩაკირული უკუღმართობის მხილებას მოხმარდა, მაგრამ მოწადინებული აქტივისტების მრავალმხრივი ცდის მიუხედავად, მისი რეამინაცია ვერ ხერხდება!..


მოსალოდნელი სავალალო შედეგები ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე იყო ცნობილი და თითქმის ხელჩართული ჭიდილი მიდიოდა, ერთის მხრივ, საღ აზრსა და მეორე მხრივ, ლობისტურ დაჯგუფებას შორის. ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, დარგის სპეციალისტთა უმეტესობის არგუმენტებს, პროფესიული ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები კულუარულ თუ საჯარო გამოსვლებში პათეტიკურად პასუხობდნენ, რომ „გულრწფელად აწუხებთ ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტორულ საქმიანობაში შექმნილი ვითარება, ასე გაგრძელება დაუშვებელია, მათი ძალისხმევა მიმართულია პრობლემის გადაწყვეტისკენ“  და ა.შ., თუმცა, შედეგი დღემდე არ ჩანს - დიდი ხანია უაზროდ იწელება კანონში ცვლილებების შეტანა!

 

სრულმასშტაბიანი ცვლილება ხან ევროდირექტივების არსის გარკვევას, ხან კი სტრუქტურულ რეორგანიზაციას და უსახსრობას დაუკავშირდა. უფრო გამოცდილმა და გაიძვერამ, ევროდირექტივით რეკომენდირებული საზედამხედველო ორგანოს შექმნა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის მიღებას მიაბა (ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში არ არსებობს და ახლო მომავალშიც ვერ იქნება, გარდა ამისა, კომერციული ბანკების ლობისტები თავგამოდებით შეეცდებიან  მისთვის ხელშეშლას).

 

მოკლედ, ხელოვნურად შეიქმნა ალიბი თითის სხვისკენ გასაშვერად. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და მართლაც, საგანგაშო მდგომარეობის გამო, კანონში ცალკეული მუხლის ამოქმედება რაღაც აბსურდული მიზეზებით რამდენჯერმე გადავადდა და „პრობლემის მშვიდ გარემოში“ გადაწყვეტა სახვალიოდ გადაიდო. სინამდვილეში კი არც შეწყვეტილა და გაფაციცებით მიმდინარეობს ვარიანტების შემუშავება, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს გავლენის სფერო და ინტერესის ობიექტი. ყველაფერი ეს შორს გამიზნული ჩანაფიქრის რეალიზაციის ნაწილია. სქემა უკვე გაშიფრულია და ცნობილია საიდან იღებს „უბედურება“ სათავეს, ვის და რისთვის დასჭირდა დარგის თვითრეგულირებაზე გადაყვანა, ვინ დაიწყო და ვინ რა ფასად ჩაითრიეს „საქმეში“. ცნობილია ყველას როლი და დამსახურება. ძნელი მისახვედრი სულაც არაა, რომ გარკვეულ პირთა წრეს დღესაც აწყობს ასეთი ქაოსი. როგორც ჩანს, საქართველოს ახალი მთავრობის და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ზოგიერთი ჩინოვნიკიც აღმოჩნდა ჩაფლული ამ „გარიგებათა მორევში“, მათი განკითხვის დროც დადგება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გამოჩნდება ვინ სად ზის და რომელ ნიღაბს ატარებს!

 

საშური უფრო სხვა რამაა.

იმათთვის, ვისაც ეს ეხება (ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ევალება და ხალხის საწუხარი აწურებს), არ უნდა იყოს გასაგებად რთული (შეიგნონ უნდა), რომ კანონი არ ვარგა. უფრო სწორია ითქვას, რომ ეს აქტი წინააღმდეგობრივი, გაუაზრებელი, გაუმართავი, კერძო მიზნების უზრუნველსაყოფად შეკოწიწებული წინადადებების თუ ნორმების ასხმას წარმოადგენს  და ამდენად, დაუყოვნებლივ შესაცვლელია. ის, რაც კარგი იყო, უკვე გაფუჭდა. რაც დარჩა - ნადგურდება და ხვალ გვიანი იქნება!

 

ჭიქაში ქარიშხლის ხელოვნურად აზვირთება რომ არ დამბრალდეს, შევეხები რამდენიმე არსებითად მნიშვნელოვან გარემოებას.

მოდი, ვნახოთ რა მოთხოვნები მოქმედებს დღეს კერძო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისათვის?


კანონის თანახმად, სექტორში ბუღალტრული აღრიცხვა უნდა წარმოებდეს საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, გამოსაყენებლად სავალდებულოა  მხოლოდ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ გამოქვეყნებული სტანდარტები. აქ, საგულისხმოა, რომ ასეთი განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილია არა სხვა, არამედ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია და ეს სავსებით მისაღებია. მაგრამ რა ან ვინ არის ეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია?


კანონი ამ საკითხზე იძლევა კონკრეტულ, ცალსახა განმარტებას: „აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ესაა ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი ან ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ აღიარებული რეგიონალური ორგანიზაციის ნამდვილი წევრი ან ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად აკრედიტებული პირ“. „ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“.

 

საქართველოში აკრედიტებულ ორგანიზაციად მიიჩნევა „ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია“ (ბაფ). ყოველშემთხვევაში, ასეთად აქვს წარმოდგენილი ეს ორგანიზაცია მის ხელმძღვანელობას და ამ „უპირატესობით“ (IFAC წევრობით) ის დიდი ხანია მანიპულირებს (თარგმნის სტანდარტებს, ყიდის მათ დაინტერესებულ პირებზე, ავრცელებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს,მოუწოდებს სუბიექტებს მასთან გაწევრიანებაზე, აგულიანებს ობიექტებს არ გააფორმონ ხელშეკრულებები ბაფ-ის არაწევრ აუდიტორებთან და ა.შ). თუმცა მოდი ვნახოთ, არის თუ არა ბაფ-ი აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებული და მაშასადამე, სრულფასოვნად აკრედიტებული?

 

...აღმოჩნდა, რომ სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ცენტრში ასეთი აკრედიტებულად რეგისტრირებული პროფესიული ორგანიზაცია არ იძებნება.

 

ამდენად, ბაფ-იც არ არის აკრედიტებული ორგანიზაცია! 

 

ბაფ-ი და სხვა პროფესიული ორგანიზაციები ვერ იქნება აკრედიტებული იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად არ არის შემუშავებული (აღიარებული, დამტკიცებული) აკრედიტაციის წესი. ამ უკანასკნელს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი. კანონის თანახმად, აკრედიტაციის ცენტრს ევალება ეს წესი 2015 წლის 1 ივნისამდე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

 

აქედან გამომდინარე, საქართველოში არ არის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ თარგმნილი და ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები (რომ არაფერი ვთქვათ ორიგინალთან მათ ავთენტურობაზე ან თარგმნის ხარისხსა და სანდოობაზე). არის მხოლოდ ბაფ-ის (არააკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის) მიერ თარგმნილი და დასტამბული სქელტანიანი გამოცემები, რაც კანონის მოთხოვნების თანახმად, არ არის საკმარისი პირობა მათი ლეგიტიმურად ცნობისთვის. სხვა რომ არაფერი, ეს ხარვეზიც სრულიად საკმარისია ბუღალტრული აღრიცხვის ქართულად თარგმნილი „სტანდარტები“ (მისი შემადგენელი ნაწილებით) მივიჩნიოთ არაკონდინციურ, შესასრულებლად არააუცილებელ ბეჭდურ პროდუქტად (რომლის სახმარი ღირებულება გამოცემის დანახარჯებსა და გასაყიდ ფასზე ბევრად ნაკლებია). ეს მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი არგუმენტია!

 

... და მაინც, მოდი ვნახოთ, სტანდარტებთან მიმართებაში დაცულია თუ არა კანონის კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ მათ რეგისტრაციასთან დაკავშირებით?


ამ შემთხვევაშიც, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბუღალტრული აღრიცხვის არც ერთი სტანდარტი საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში რეგისტრირებული არ არის.
სააგენტოს კომპეტენციაში არც შედის ამ ტიპის დოკუმენტების, მათ შორის პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად.

 

ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არ არის გამოსაყენებლად ვარგისი, ქართულად თარგმნილი და სათანადოდ რეგისტრირებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები. აქედან გამომდინარე, ის გამოსაყენებლად სავალდებულო არ არის და მეწარმე სუბიექტს (ვერც დიდს, ვერც საშუალოს და მცირეს), ამ ხარვეზის (თუ დაკანონებული განუკითხაობის) აღმოფხვრამდე, ვერც მოსთხოვ ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვას სტანდარტების შესაბამისად.

 

მაშ, როგორ უნდა ვაწარმოოთ კერძო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვა, რომელი სტანდარტებით? რა ხდება?

აქამდე ეს ფაქტი არ იყო ცნობილი? რას აკედებდა ბაფ-ი, რომელსაც ჯერ კიდევ 1999 წლიდან კანონის ძალით ევალებოდა კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება? რაში იხარჯებოდა ან ვის ინტერესებს ხმარდებოდა ამ მიმართულებით ორგანიზაციის ანგარიშზე თავმოყრილი კერძო შენატანები თუ უცხოური გრანტები?

 

სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით, არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. ცნობილია, რომ წინამორბედი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კერძო სამართლის ყველა იურიდიული პირი (გარდა მცირე საწარმოსი და არაკომერციული იურიდიული პირისა) 2001 წლიდან ვალდებული იყო ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ეწარმოებინა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე საწარმოებსა და არაკომერციულ იურიდიულ პირებს უფლება ქონდათ (არ იყო სავალდებულო) გამოეყენებინათ ეს სტანდარტები.


იყო თუ არა ასეთი გადაწყვეტილება სწორი, სრულდებოდა თუ არა ის, სხვა საკითხია და ცალკე განხილვის საგანი, თუმცა საწარმოებს მოეთხოვებოდა დარიცხვის მეთოდით განესაზღვრათ შემოსავლები და ხარჯები, აგრეთვე საანგარიშგებო პერიოდის  შედეგები და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულის შეუსრულებლობისთვის ისინი ისჯებოდნენ კიდეც. ახალი რეგულაციით კი ფინანსური ანგარიშგების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადება სავალდებულოა 2015 წლის 1 ივნისიდან. 

 

როგორ შეიძლება ეს გავიგოთ? აქამდე რაც იყო გაკეთებული (დახარჯული მატერიალური თუ ფულადი რესურსი) წყალში გადაიყარა? ისე ჩამოიწერა, რომ არავის მოეკითხოს? დამსახურების მითვლისთვის თუ გრანტების მოზიდვის მომდევნო ნაკადისთვის ხომ არ ხდება ახალი თარიღების დაფიქსირება?


კანონის მოქმედების (თუ უმოქმედების) გამო, ბუღალტრულ აღრიცხვასთან შედარებით, გაცილებით უარესი შედეგების წინაშე აღმოჩნდა აუდიტური საქმიანობა. ამ სფეროს რეგულაციაშიც ანალოგიურად ბევრია წინააღმდეგობრივი და გაუმართავი დებულებები, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულად საგანგაშოა.

 

ვისაც გულდასმით აქვს წაკითხული დღეს მოქმედი კანონი, „აღმოაჩენს“, რომ საქართველოში არ არის არც ერთი აუდიტორი/აუდიტორული ფირმა და მათ არ გააჩნიათ აუდიტის ჩატარების, აუდიტური საქმიანობის უფლებამოსილება.

ეს როგორ? იკითხავს ალბათ გაცოფებული ოპონენტი. როგორ და აი, ასე (ნახეთ რა წერია კანონში):

 

2. საქართველოში აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.


3. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დამტკიცებული აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი, რომლებიც ამ კანონის მიღების დღისთვის მიღებული და გამოცემულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ და რომლებიც გადამუშავებული, შეცვლილი, დამტკიცებული და გამოცემული იქნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ.


4. აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი არის აუდიტისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განსახორციელებლად ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ სახელმძღვანელოდ გამოცემული დოკუმენტების კრებული.

 

5. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) საქართველოს სახელმწიფო ენაზე ხელმისაწვდომობის მიზნით ისინი ქართულ ენაზე უნდა თარგმნოს და გამოსცეს იმ აკრედიტებულმა პროფესიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრია.

 

6. აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ, ქართულ ენაზე თარგმნილ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISA) რეგისტრაციაში გასატარებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ამ სტანდარტებს აქვეყნებს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.

 

7. სავალდებულოა მხოლოდ შესაბამის პერიოდში მოქმედი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) ქართული თარგმანის გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების ინგლისური ტექსტი.


მკითხველს არ გადავღლი კანონის ციტირებით, მოკლედ ვიტყვი, რომ აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება უნდა წარმოებდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეს სტანდარტები უნდა იყოს თარგმნილი მხოლოდ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ ქართულ ენაზე და გამოქვეყნებული სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია არ არის; შესაბამისად არ გვაქვს მთავარი ინსტრუმენტი: გამოსაყენებლად სავალდებულო ქართულ ენაზე თარგმნილი ბუღალტრული აღრიცხვის და არც აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი; ისინი არც ერთი არაა რეგისტრირებული სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში. 

მოდი ახლა ვნახოთ, ვინ უნდა ჩაატაროს აუდიტი?

 

კანონის თანახმად, „სუბიექტის აუდიტი შეიძლება ჩაატაროს აუდიტორმა ან აუდიტორულმა ფირმამ“. სავსებით სწორია.აუდიტი უნდა ჩაატაროს  აუდიტორმა, მაგრამ ახლა ვნახოთ ვინ არის ეს „აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა“?კანონში განმარტებულია, რომ „აუდიტორი ესაა სერტიფიცირებული პირი, რომელიც არის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორთა რეესტრში და ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას;

 

„აუდიტორული (აუდიტური) ფირმა (შემდგომ − აუდიტორული ფირმა) − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქართველოში არსებული ფილიალი, რომელიც არის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორთა რეესტრში და ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას სერტიფიცირებული პირის (პირების) მეშვეობით“.

ამ განმარტებიდან აშკარად გამოკვეთილია სამი აუცილებელი პირობა:

 

1 - სერტიფიკატის ქონა (კვალიფიკაცია); 2 -აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრობა; 3 - აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაცია. აქედან, აკრედიტაციასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, გარკვეულია, რომ საქართველოში არ არის სრულფასოვნად აკრედიტირებული პროფესიული ორგანიზაცია (თორემ ისე, არააკრედიტირებული - რამდენიმეა, მათ შორისაა, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია - IFAC-ის წევრი; აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაცია - EFAA-ის წევრი; ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოება და ა.შ).

 

ისინი აკრედიტებული ვერ იქნებოდნენ თუნდაც იმის გამო, რომ აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების განმახორციელებელი პირებისთვის არ არსებობს „ხარისხის კონტროლის შემმოწმებლის სერტიფიცირების პროგრამა და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის დებულება“, რაც (აფსურდულია, მაგრამ მაინც)აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას უნდა გაეკეთებინა ჯერ კიდევ კანონის ამოქმედებამდე (2013 წლის 1 იანვრამდე).ამდენად, როგორც ხედავთ,აკრედიტაციასთან დაკავშირებით კანონის რამდენიმე მუხლი და ძირითადი პირობები, უკვე დარღვეულია და მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ აუდიტის/მარწმუნებელი მომსახურების ჩატარებაზე სრულფასოვნად უფლებამოსილი აუდიტორი ან აუდიტური ფირმა საქართველოში არაა (სხვათა შორის, ეს უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებულ ფილიალსაც და ფიზიკურ პირებსაც ეხება).დანარჩენ ორ პირობასთან (სერტიფიცირებასთან და აუდიტორთა რეესტრთან) დაკავშირებითაც არსებობს სერიოზული პრობლემა და აი, როგორი: მოდი, ჯერ ვნახოთ ვინ არის სერტიფიცირებული პირი?

 

კანონის თანახმად, „სერტიფიცირებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელიც აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ აღიარებულია სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად და რომელიც თავის კვალიფიკაციას ადასტურებს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად“.

 

როგორც აქედან ირკვევა, კანონი ცნობს სერტიფიცირებული პირის ორ კატეგორიას - სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტერს და სერტიფიცირებულ ბუღალტერს.


პრობლემა იმაშია, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად, სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრები და სერტიფიცირებული ბუღალტრები საქართველოს არ ჰყავს. ასეთი სერტიფიკატები არავის გაუცია და არც ასეთი სერტიფიკატების გამცემი ინსტიტუტი (ორგანიზაციული სტრუქტურა) არსებობდა.
უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავალდებულებდა აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას 2013 წლის 1 ივლისამდე უზრუნველეყო ბუღალტერთა (სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად და სერტიფიცირებულ ბუღალტრად) სერტიფიცირების პროგრამების შემუშავება, ასეთი პროგრამა  შემუშავებული (მიღებული, დამტკიცებული, გამოქვეყნებული) ჯერ არაა. ე.ი. არც აუდიტის ჩატარებაზე კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ფიზიკური თუ იურიდიული პირი გვყავს!


... და თუ მაინც ოპონენტი გაკვირვებული წამომაძახებს: რას ამბობ, აბა ვინ არიან ბაფ-ის მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრები? ვინ არიან, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. საქმე იმაშია, რომ კანონში წერია: „თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი დაადასტურებს, რომ აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი იგივეა, რაც სერტიფიცირების სტანდარტი, რომლითაც ეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ახორციელებდა პირთა სერტიფიცირებას აკრედიტაციამდე, აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია თავის მიერ ამ სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირებული პირი სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრად აღიაროს“. 
აკრედიტაციის ცენტრს კი ასეთი პროცედურა ჯერ არ ჩაუტარებია; ამ ცენტრში ჯერ არც ერთი აკრედიტებულად რეგისტრირებული პროფესიული ორგანიზაცია არ ფიქსირდება; აკრედიტაციის ცენტრისთვის არავის მიუმართავს, გაერკვიააკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი იგივეა თუ არა, რაც სერტიფიცირების სტანდარტი, რომლითაც ეს აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია ახორციელებდა პირთა სერტიფიცირებას აკრედიტაციამდე.

 

ამ უაზრო (არაკონდიციური) კანონის მიღებამდე მოქმედებდა აუდიტორთა სერტიფიცირების ერთიანი წესი: საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო (და არა კერძო სამართლის სუბიექტი) ტესტირების საფუძველზე განსაზღვრავდა აუდიტორის კვალიფიკაციას და გასცემდა შესაბამის სერტიფიკატს სფეროების მიხედვით (საქართველოში მხოლოდ ასეთი სერთიფიკატის მქონე აუდიტორები არიან). 2013 წლის 1 იანვრისათვის მოქმედ ასეთ სერთიფიკატებს, კანონიანახმად, 5 წლით გაუგრძელდათ ვადა, თუმცა მათი მფლობელი მხოლოდ სერტიფიცირებული ბუღალტრის დონეზე განიხილება და „უფლება აქვს, რეგისტრირებული იყოს მხოლოდ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების არმქონე პირთა რეესტრში.“ ეს ნიშნავს, რომ  აუდიტს, როგორც ასეთს, ისინი ვერ ჩაატარებენ (კანონის მიხედვით, აუდიტად მოიაზრება მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების აუდიტი), სერტიფიცირებულ ბუღალტერს (საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ კვალიფიცირებულ პირებს) კი უფლება აქვთ (განწირულნი არიან) „გამოხატონ სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების შესაბამისი მოსაზრებები“. გარდა ამისა, ხუთწლიანი ვადა, რომელიც სერტიფიცირებულ აუდიტორებს დაუტოვეს, უკვე მალე ამოიწურება.კადრების მომზადებას დრო და პირობები სჭირდება. ინგლისისა და უელსის ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, სწავლება, რომელსაც ბაფ-ი უალტერნატივოდ გვთავაზობს ბუღალტერთა სერტიფიცირებისთვის, დროში გაწელილი, ძვირი პროცესია!

 

მოქმედი პრაქტიკის თანახმად, ქართული უმაღლესი განათლების სისტემით აკრედიტებული უნივერსიტეტის თუ ინსტიტუტის დიპლომირებული კურსდამთავრებული, რომელიც გადიოდა საგნებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და კვალიფიცირებულია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტისსპეციალისტად, „სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრის“ ან „სერტიფიცირებული ბუღალტრის“ სტატუსის მისაღებად იძულებულია ACCA-ის სწავლება და ტესტირება თავიდან გაიაროს!


დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, ნათლად არაა გამოკვეთილი, თუ ვინ უნდა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა (ბუღალტერმა თუ „სერტიფიცირებულმა პროფესიონალმა ბუღალტერმა“ ან/და „სერტიფიცირებულმა ბუღალტერმა“ (იგივე აუდიტორმა). რა განსხვავებაა ბუღალტერსა და აუდიტორს შორის? სად იწყება და მთავრდება ერთის კომპეტენცია ან იწყება და მთავრდება მეორის? თუ ბუღალტერი იგივე აუდიტორია, მაშინ რა საჭიროა სხვადასხვა დასახელება, ერთისთვის აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციის წევრობა და განგრძობით სწავლება, ხოლო მეორისთვის (ბუღალტრისთვის) ასეთი ვალდებულება რატომ გამოკვეთილად არ ჩანს?


სავსებით მისაღებია, ბუღალტერი და აუდიტორი პროფესიული ორგანიზაციის წევრი გახდეს, გადიოდეს განგრძობით სწავლებას და დროგამოშვებით ადასტურებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული და სპეციალობის მიხედვით კვალიფიცირებული პირი სტატუსის მისაღებად კვლავ თავიდან რატომ უნდა გადიოდეს სწავლებას?

 

რატომ არ შეიძლება, რომ შემუშავდეს ბუღალტერთა („სერტიფიცირებულ პროფესიონალი ბუღალტრის“ ან„სერტიფიცირებული ბუღალტრის“) სერტიფიცირების ისეთი ერთიანი პროგრამა, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან, უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოხდეს მხოლოდ ასეთი პროგრამის აკრედიტაცია და კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ, პროფესიულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო მარეგულირებელმა თუ საზედამხედველო ორგანომ გამარტივებული ტესტირების საფუძველზე სცნოს (განსაზღვროს) მათი კომპეტენცია?

 

არა და, თუ სერტიფიცირებული პირების ახალი ნაკადი არ წამოვიდა, საერთოდ აუდიტორების (პროფესიის) გარეშე დავრჩებით!

ცალკე „ხათაბალა და თავსატეხია“ კანონით განსაზღვრული რეგულაცია აუდიტორთა რეესტრის შესახებ. ეს ის მე-3 აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც აუდიტის ჩატარება ნებადართული არაა. „საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხოეთში რეგისტრირებული პირის საქართველოში არსებული ფილიალი და ფიზიკური პირი საქართველოში აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას იძენენ აუდიტორთა რეესტრში (შემდგომ − რეესტრი) რეგისტრაციის შემდეგ“.

 

უდავოა, რეესტრი საჭიროა და აუცილებელიც, ოღონდაც არა ისეთი, როგორიც კანონის მიხედვითაა შემოთავაზებული: „რეესტრს აწარმოებს (აწარმოებენ) აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია (ორგანიზაციები).

 

) სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებული არიან ის აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომლებსაც აქვთ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება;

 

ბ) სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების არმქონე პირთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებული არიან ის აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომლებსაც არ აქვთ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლება“.

 

ჯერ ერთი, როგორც ვნახეთ, საქართველოში არ არსებობს არც ერთი აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაცია. მეორე, დავუშვათ, ბაფ მივიჩნიეთ აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციად და სხვა ალტერნატივა არ არის. მაშინ რა ქნას იმ აუდიტორმა/აუდიტორულმა ფირმამ, რომელსაც გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება, თუმცა მიზეზთა გამო, არ სურს ბაფ-ის წევრობა (ასეთი კი ბევრია). დაანებოს თავი აუდიტურ საქმიანობას და გადაკვალიფიცირდეს (პირობითად) მიმტანად? მესამე, ვთქვათ, არის სხვა აკრედიტებული პროფესიული ორგანიზაციაც და მასაც აქვს აუდიტორთა რეესტრი. რომელია უფრო სანდო? როგორ უნდა განასხვაონ ისინი მომხმარებლებმა, რომელს მიმართონ?

 

ასეთი მიდგომა, გარდა იმისა, რომ დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს, დაუშვებელია.


აუდიტორთა რეესტრი უნდა იყოს ერთიანი და უნდა აწარმოოს საჯარო რეესტრმა (ან სახელმწიფო მარეგულირებელმა, საზედამხედველო ორგანომ), ისე, როგორც ამას აკეთებდა საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო (ეს სრულებითაც არ გამორიცხავს იმას, რომ სავალდებულო აუდიტის ჩატარებისთვის იყოს დაწესებული გამკაცრებული კრიტერიუმი). 


სხვათა შორის, თუ ამჟამად მოქმედი კანონის ლოგიკას გავყვებით,  ეს ერთიანი რეესტრი, ჯერ კიდევ არსებობს და ფაქტობრივად მოქმედია კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ
2013 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადა „საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 30 ივნისის დადგენილება „საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს შესახებ“, ამ საბჭოს ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა და „საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო მისი ლიკვიდაციისთანავე გადასცემს ინდივიდუალური აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმების ერთიან რეესტრს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.მაშ, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი? აქ გარკვევით წერია:ერთიან რეესტრს გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და არა არქივს. გაუგებარია, სხვა რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს ამ რეესტრს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის გადაცემის შემდეგ?


ცხადია, აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მისი წევრი აუდიტორთა რეესტრი (ეს მისი საქმეა), მაგრამ ა(ა)იპ-ის მიერ წარმოებული რეესტრი სახელმწიფოსთვის ვერ იქნება და არც უნდა იყოს „განსაკუთრებული ავტორიტეტი“.
მართალია, კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, „2015 წლის 1 ივნისამდე აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრება არ მოითხოვება“.

 

ასეთი ცვლილება (პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანების მოთხოვნის გადავადება) უკვე მესამედ ხორციელდება და ეს გამოსავალი სულაც არ არის. დროის გაწელვა მხოლოდ ბაფ-ს აძლევს ხელს. ასეთი „ხრიკი“ უფუნქციოდ დარჩენილი აუდიტორების ბაფ-ში იძულებით გაწევრიანებას უქმნის მოტივაციას.  პრობლემები უფრო ღრმაა და სწორედ ისინია დროულად მისახედი (და არა გავლენათა სფეროების გადანაწილებაზე გამოდევნება).

 

ამრიგად, ჩვენ ვნახეთ, რომ მოქმედ კანონში არის პრინციპულად მიუღებელი, უაზრო, გაუმართავი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დებულებები, რაც ქმნის ქაოსს, აზარალებს ეკონომიკას, უმუშევარს ტოვებს ასეულობით კვალიფიციურ პირს და აქედან გამომდინარე, წარმოშობს გარდაუვალ აუცილებლობას, კანონში შევიდეს ფართო მასშტაბიანი ცვლილებები და დამატებები. უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ შესაქმნელია ახალი კანონპროექტი სრულიად განსხვავებულ, პროევროპულ კონცეფციაზე დაყრდნობით. 1 ივნისამდე დარჩენილი დრო უნდა მოხმარდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროს ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო რეგულაციების შემუშავებას.

 

გადავადებების (გაჭიანურების) გარეშე, აუცილებელია:

• შეიქმნას დამოუკიდებელი საზედამხედველო მარეგულირებელი ორგანო (არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ უწყებას მიებმება მისი ინსტიტუციური მოწყობა, მათ შორის, დასაშვებია ფინანსთა სამინისტროც  მოვიაზროთ. სრულიად ალოგიკური იყო საქართველოს პარლმენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს გაუქმება და ამდენად, შესაძლებელია ვიფიქროთ მის აღდგენაზეც, მით უმეტეს, არსებოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პრაქტიკული გამოცდილებაც. სრულყოფაზე ყოველთვის შეიძლება მუშაობა); 


•    პროფესიულ ორგანიზაციებს შეექმნათ თანაბარი სასტარტო პირობები (შემდგომ, მოვლენების განვითარება თვითონ გამოხშირავს მათ შორის სუსტსა და ფორმალურ წარმონაქმნს). ეს აუცილებელია კონკურენტული გარემოს და რეგულაციებზე მუდმივი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით;

 

თუ ევროპული ოჯახი ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს, ევროპის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივების მიხედვით რეკომენდირებულია სახელმწიფო ზედამხედველობის ინსტიტუტის არსებობა. ეს რეკომენდაცია (თუ მოთხოვნა) ცნობილი იყო კანონის მიღებამდეც.


მაშ, რატომ ვახდენთ დრომოჭმული და უარყოფილი თვითრეგულირების მექანიზმის რეამინაციას? ვის აძლევს ეს ხელს?

დროა ამ კითხვებს პასუხი გაეცეს!

 

ერთადერთი პასუხი კი ამ კითხვებზე ახალი, გამართული, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ჩარჩო რეგულაციის  მიღებაა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, მარტო ბაფ-ის ლობისტების მოსაზრებებზე და კულუარებში კი არა, პროფესიონალი და დარგის განვითარებაზე ორიენტირებული ექსპერტების მონაწილეობით უკვე დროა (თუ ძლიერ დაგვიანებული არ არის) მუშაობდეს დროის მოთხოვნის შესაფერ პროექტზე.

 

1 ივნისამდე ცოტა დრო დარჩა.

 

იური პაპასქუა,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი

5-03-2015, 11:51
უკან დაბრუნება