ივერიონი / ზვიად კვაჭანტირაძე: რიგის სამიტი არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები

ზვიად კვაჭანტირაძე: რიგის სამიტი არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,  ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ თამარ ბერუჩაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება რიგის სამიტთან დაკავშირებით, კონტექსტიდან ამოვარდნილი გაშუქდა. ამის შესახებ  კვაჭანტირაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.


"ჩემი გაგებით თამარ ბერუჩაშვილს არაფერი გაუგებარი არ უთქვამს. ეს არის კონტექსტიდან ამოგდებული სიტყვები, რომელიც ძალიან ეშმაკურად გამოიყენა ოპოზიციამ, მათ შორის ჩვენმა გუშინდელმა პარტნიორებმა. მათგან კიდევ უფრო მიკვირს ასეთი განცხადებები, რადგან თურმე ნოემბრამდე ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, როდესაც ისინი განაგებდნენ ასეთ საკითხებს და ამ ორ თვეში გაფუჭებულა ყველაფერი. ეს არის მტკნარი სიცრუე. არაფერი მსგავსი არ ხდება.

თამარ ბერუჩაშვილმა ზუსტად განსაზღვრა თუ რას უნდა ველოდოთ კონკრეტულად რიგის სამიტზე და რას უნდა ველოდოთ რიგის სამიტის შემდეგ. მის განცხაედებაში ნათლად არის საუბარი იმაზე, რომ რიგის სამიტი არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები, ვიზის ლიბერალიზაციის საბოლოო გახსნის თაობაზე. რიგის სამიტზე იქნება მიღებული ტექნიკური სახის რეკომენდაცია და ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება აბსოლიტურად დადებითი რეკომენდაცია, ევროკავშირის საბჭოს მისამართით. ხოლო ევროკავშირის საბჭო არის უფლებამოსილი ე.წ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

7-03-2015, 21:14
უკან დაბრუნება