ივერიონი / ირმა ჭკადუა: ჯოგლიძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, როცა აცხადებს, რომ სოსნაშვილის დნმ ხელოვნურად იყო დატანებული

ირმა ჭკადუა: ჯოგლიძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, როცა აცხადებს, რომ სოსნაშვილის დნმ ხელოვნურად იყო დატანებული

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსნაშვილის  ადვოკატი სოსო ჯოგლიძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, როდესაც აცხადებს, რომ სოსანაშვილის დნმ ხელოვნურად იყო დატანილი ნივთმტკიცებაზე.

როგორც ირმა ჭკადუა განმარტავს, ექსპერტიზის დროს დნმ- თან ერთად დგინდება და ზუსტდება ისიც, თუ რომელი დღიდან, საათიდან და წუთიდან მოხვდა კონკრეტული დნმ-ი ამა თუ იმ ნივთზე.

"სოსანაშვილის ადვოკატს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ის საუბრობს იმაზე, რომ თითქოსდა, დნმ ხელოვნურად იყო დატანილი. სამართალდამცავებმა შემოღობეს ადგილი ისე, რომ მასთან ვერავინ ახლოვდებოდა. იმ დღესვე ამოღებული იქნა მტკიცებულბები და იმ დღესვე გადაიგზავნა. 24 იანვარს ამოღებული იყო უკვე 2 დნმ. დნმ შეადარეს ყველა იმ ადამიანის დნმ-ზე, ვინც იქ იმყოფებოდა,- იქნებოდა ეს დამლაგებელი, მესაფლავე პოლიციელები თუ სხვა. სოსანაშვილის დნმ კი შედარებისთვის 7 თებერვალს აიღეს.

არის აპარატი, რომელიც სამხარაულის ბიუროშია განთავსებული. აპარატს აქვს თავისი მეხსიერება და წუთების და წამების დონეზეც კი შეუძლია დადგენა, თუ როდის მოხვდა დნმ ნივთზე. თუ ეჭვი ეპარებათ, შეუძლიათ "ეფ-ბი-აის" წარმომადგენლებიც კი მოიწვიონ. რაც შეეხება მის გენერალურ ინსპექციაში დაბარებას, 18-სა თუ 17- ში პოლიციის თანამშრომელთან კონფლიქტი მოუვიდა ბრალდებულს და დაბარებული სწორედ ამ საქმეზე იყო",- განაცხადა  ჭკადუამ.

ჭკადუას განცხადებით, სოსანაშვილის დაკავება მხოლოდ დნმ-ის გამო არ მომხდარა. მისი თქმით, საქმეში სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობს, საიდანაც იკვეთება, რომ დანაშაული, სავარაუდოდ, გია სოსანაშვილმა ჩაიდინა.

მისი განცხადებით, საქმეში დევს ინფორმაცია იმაზეც, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და მისი მოძრაობის არეალს განსაზღვრავდა.

"სოსანაშვილის დაკავება დნმ-ის ანალიზის გამო არ მომხდარა. ის, სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის გამო, მანამდეც ეჭვმიტანილთა სიაში იყო. მის წინააღმდეგ არსებობს სხვა მტკიცებულებებიც. ვაზაგაშვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, 12 იანვარს, 23:30 წუთზე სოსანაშვილი კომპიუტერთან იჯდა და ამოწმებდა, თუ სად და რა მანქანით გადაადგილდებოდა იური ვაზაგაშვილი და მასზე ინფორმაციებს აგროვებდა",- განაცხადა  ჭკადუამ.

შეგახსენებთ, ადვოკატ ჯოგლიძის  თქმით დნმ-ის ანალიზი სოსანაშვილს ორჯერ აუღეს, მათგან ერთი დალუქული არ ყოფილა და ის შესაძლოა ფალიაზე ხელოვნურად გადაიტანეს.

12-03-2015, 13:58
უკან დაბრუნება