ივერიონი / ვახტანგ ხმალაძე: მთავრობას არანაირი ვალდებულება არ აქვს, დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში

ვახტანგ ხმალაძე: მთავრობას არანაირი ვალდებულება არ აქვს, დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობას არ ეკისრება ვალდებულება, დაესწროს აღნიშნულ გამოსვლას. ამის შესახებ განცხადება ხმალაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა .


რაც შეეხება თავად პრეზიდენტის სიტყვას, ხმალაძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ზოგადად უნდა შეაფასოს ვითარება და მიმოიხილოს პრობლემები და მიღწევები.

"არანაირი ვალდებულება არ აქვს მთავრობას, რომ დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიიჩნევენ საჭიროდ. ასეთი რამეც მოვისმინე, რომ არსებული ტრადიციის თანახმად, მთავრობა უნდა დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. ეს არის აბსოლუტურად არაკორექტული განცხადება, ვინაიდან ტრადიცია იყო ისეთი პრეზიდენტის არსებობის პირობებში, რომელიც იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. 2013 წლის ნოემბრის მერე ეს შეიცვალა და პრეზიდენტს აღარ აქვს არანაირი აღმასრულებელი უფლებამოსილება. შესაბამისად, სტატუსია შეცვლილი მთლიანად, ამიტომ ასეთი ვალდებულება აღარ არის. ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ სწორი ტრადიციის შექმნას. როდესაც პარლამენტის წინაშე გამოდის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი და არა აღმასრულებელი პრეზიდენტი, თავად მისი მოხსენებაც განსხვავებული უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის გამოსვლისაგან. თანდათანობით, ალბათ ჩამოყალიბდება ეს ჩვეულებაც.

თავად პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს აქცენტები იმ საკითხებზე, რომელიც მას მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად,მან უნდა შეაფასოს ვითარება.

აქვე არის ერთი საკითხი, უნდა იყოს თუ არა დებატები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დებატები არ უნდა იყოს. რადგან დებატები უნდა გამართო მასთან, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა და მოეთხოვება რაღაცების გაკეთება. ჩვენს პრეზიდენტს არ მოეთხოვება რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, დებატები არ იმართება ასეთ დროს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

17-03-2015, 14:20
უკან დაბრუნება