ივერიონი / დიმიდტი ხუნდაძე: პრობლემების მოგვარების მექანიზმებია მოსაფიქრებელი

დიმიდტი ხუნდაძე: პრობლემების მოგვარების მექანიზმებია მოსაფიქრებელი

 "ერთადერთი, რამაც შეიძლება ყველა წარმატებული პროექტი შეაჩეროს, არის  პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში". აღნიშნული განცხადება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი  ხუნდაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტს გამართული აქციის შეფასებისას გააკეთა.

"რამდენიმე დღის წინ IPM-მა გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რის მიხედვითაც  ჯანდაცვა წარმატებულ პროექტებში კვლავ უცილობო ლიდერია. ეს ბუნებრივია, რადგან ამ მიმართულებით გაკეთდა ის, რაზეც ცოტა ხნის წინ მოსახლეობას ოცნებაც კი არ შეეძლო. ამ კვლევაში საყურადღებოა  მოსახლეობის დამოკიდებულება მომავალში ჯანდაცვის პროექტების მიმართ, სადაც პროცენტები იკლებს. ეს დამოკიდებულება გამოწვეულია ერთადერთი შიშის ფაქტორით, რომ არ მოხდეს ამ პროექტების შეჩერება. ამ აზრის ფორმირებას ხელი ოპოზიციამ შეუწყო. მათი მიზანია, ყველაზე დიდი პოზიტივი ნეგატივად აქციონ.

მივმართავ მოსახლეობას, თქვენი შიში უსაფუძვლოა. ერთადერთი, რამაც შეიძლება ყველა წარმატებული პროექტი შეაჩეროს, არის  პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, იმ მოქალაქეებისთვისაც, ვინც შაბათს თავისუფლების მოედანზე იდგნენ, ჯანდაცვა ერთ-ერთი დიდი პოზიტივია, თუმცა, როგორც ჩანს, ნაკლებად აქვთ გათვითცნობიერებული ის ფაქტი, რომ ეს წარმატებული პროექტი სწორედ რომ მთავრობის და პარლამენტის მიერ იქნა შემუშავებული და განხორციელებული. ასევეა სხვა სფეროებშიც.

როდესაც ერთი მხრივ აღიარებ მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და მეორე მხრივ, ითხოვ ამავე მთავრობის გადადგომას, ცოტათი გაუგებარია ჩემთვის. ეს არა ხალხის, არამედ უფრო  ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის მიზნებს ემსახურება. თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყანაში პრობლემები არის და ამიტომ არა ათასობით, არამედ თითოეული ადამიანის აზრი და მოთხოვნაა გასათვალისწინებელი.

პოლიტიკური სტაბილურობა არის ყველაფრის საწინდარი ქვეყანაში და ამაზეა დამოკიდებული ჩვენი საგარეო იმიჯიც. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, თითოეულმა მოქალაქემ და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, ხელისუფლებამ. რა არის საჭირო ამ სტაბილურობისთვის: ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სწორი პოლიტიკური მენეჯმენტი და არა  პრობლემების იგნორირება, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. დღეს პრობლემების მოგვარების მექანიზმებია მოსაფიქრებელი ყველგან და ყველაფერში", - განაცხადა ხუნდაძემ.

23-03-2015, 12:17
უკან დაბრუნება