ივერიონი / 17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას პროტესტს უცხადებს

17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას პროტესტს უცხადებს

17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას ღია საპროტესტო წერილს უგზავნის.

"თბილისის ყოფილი მერისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავასათვის ახალი ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით 17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას პროტესტს უცხადებს. რიჩარდ ჟარნეცკი (ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკური ჯგუფი), ჰეიდი ჰაიტალა (ევროპის პარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის წევრი, აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის - ევრონესტის თანათავმჯდომარე), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტიის ერთერთი ლიდერი ევროპის პარლამენტში), ანა გომეში (სოციალისტთა და დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფი, ცნობილი პორტუგალიელი პოლიტიკოსი) და სხვები მიიჩნევენ, რომ შერჩევითი სამართლის მრავალ შემთხვევას საქართველოში, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წუხილი გახდა, ემატება გიგი უგულავასათვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტი. ევროპარლამენტართა აზრით, ამის მიზეზი 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის შემდგომი გახანგრძლივება და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებისა და ევროპული სამართლის სტანდარტების იგნორირებაა. წერილის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ყურად იღოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ანგარიშში ასახული კრიტიკა სამართლიანი სასამართლოს პირობების დარღვევების გამო და ხაზს უსვამენ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად განიხილება", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა.

25-03-2015, 13:56
უკან დაბრუნება