ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტიციების ზრდა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა არსებობს

ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტიციების ზრდა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით წინა წლებთან შედარებით პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების  მოცულობა გაიზარდა.

 როგორც პრემიერმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, თუ რეგიონში არსებულ ურთულეს ვითარებას გავითვალისწინებთ, ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

"ინვესტიციების ზრდა ნიშნავს, რომ არსებობს ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39%-ით აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს და 35%- ით ამავე დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21% შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 343 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია.
მეორე ადგილზეა მშენებლობა 295 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – გადამამუშავებელი მრეწველობა 174 მლნ აშშ დოლარით", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  2014 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის მაჩვენებლის შემდეგ.

მისივე თქმით,ასევე წინა წელთან შედარებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები  78%-ით გაიზარდა.

"სულ ახლახანს დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციას მოუტანს.
2014 წელს, რეალური მშპ-ს წლიურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 4,7% შეადგინა (ნაცვლად 5%იანი პროგნოზირებული ზრდისა). ამასთან, 2014 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდამ 7,2%, მე-2 კვარტალში 5,2%, მე-3 კვარტალში 5,6%, შეადგინა.
- 2014 წლის 9 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით (ორნიშნა მაჩვენებლით) გაიზარდა მშენებლობა (16,3%) და ფინანსური შუამავლობა (10,6%). ასევე მაღლი ზრდებია გადამამუშავებელ მრეწველობაში (9,1%), ტრანსპორტში (8,5%), ვაჭრობაში (8,0%), კომუნიკაციებში (6,2%), უძრავ ქონებასა (6,1%) და სასტუმროებისა და რესტორნების (5,2%) სექტორებში", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 2014 წელს ეკონომიკურ ზრდაში აშკარა წარმართველი როლი ეჭირა კერძო სექტორს, აღნიშნავს ღარიბაშვილი.

"2014 წელს პროდუქციის გამოშვება სამეწარმეო სექტორში  12.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა - 11 ათასი ადამიანით.
"სამშენებლო სექტორის აქტივობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 20%-ით; 2015 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია - 23%-ით, 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20,5%-ით, ევროკავშირთან -76%-ით, რუსეთთან კი - დაახლოებით 6-ჯერ (487,5%-ით).
"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შეღავათიანი სესხით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფით ისარგებლა 64 მეწარმემ. მათ უკვე დაიწყეს წარმოებების შექმნა. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია 111, 900, 000 აშშ დოლარს აღემატება.  მხოლოდ ამ პროგრამაში - "აწარმოე საქართველოში" ჩართული საწარმოები 2015 წლის ბოლოსთვის  დაახლოებით 4 ათასზე მეტს ადამიანს დაასაქმებენ.
დღესაც, ამ პრესკონფერეცნიის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე კიდევ სამი ახალი პროექტის დაფინანსებას გადავწყვეტთ "აწარმოე საქართველოს", ფარგლებში. ძალიან მახარებს, რომ დიდია დაინტერესება ამ პროექტით", - განაცხადა ირაკლი  ღარიბაშვილმა.

26-03-2015, 13:24
უკან დაბრუნება