ივერიონი / "ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით"

"ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით"

საიტი resonancedaily.com აქვეყნებს წერილს "ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მმართველ კოალიციაში "თავისუფალი დემოკრატების" ბედი შესაძლოა სხვამაც გაიზიაროს, ამის მიზეზი კი შეიძლება გუნდში არსებული უთანხმოების გასაჯაროება გახდეს.

საუბარია იმაზე, რომ პრემიერ ღარიბაშვილს მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მიერ საჯაროდ გაკეთებული გარკვეული განცხადებები არ მოსწონს, ეკა ბესელიას თქმით კი, შესაძლოა, პრინციპულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციების გამო კოალიციიდან პოლიტიკური ძალის გაშვების საკითხიც დადგეს.

ვინ შეიძლება გაუშვან კოალიციიდან - ძნელი სათქმელია, თუმცა, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პრემიერის მინიშნება მკაფიო იყო და ის "მრეწველებზე" გაკეთდა. ზურაბ ტყემალაძის მტკიცებით კი, ზუსტად იცის, რომ ნაგულისხმევი მისი პარტია არ ყოფილა და "კუჭი იმას ეწვის, ვინც დამნაშავედ გრძნობს თავს".

ცნობისათვის, ეს ერთმანეთისაკენ ხელების გაშვერა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

პრემიერმა განაცხადა, რომ მას ყველაზე მეტად არ მოსწონს ის, რომ "გუნდში განხილვის გარეშე ხდება რაღაც საკითხების პირდაპირ საჯაროდ გამოტანა.გუშინ კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ამავე საკითხზე განმარტებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ "პოლიტიკურ პროცესს უფრო მეტად უხდება შეჯერებული და კოორდინირებული პრინციპები და განცხადებების გაკეთება და თუ შეხედულებები განსხვავდება პრინციპულ საკითხზე, პოლიტიკური ერთობის შიგნით დადგება საკითხი, როგორც "თავისუფალი დემოკრატების" შემთხვევაში მოხდა".

ვისი განცხადებები არ მოსწონს პრემიერს და რომელი პოლიტიკური გუნდის სავარაუდო გარიცხვის საკითხი შეიძლება დადგეს? კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთთან შეუჯერებელი განცხადებებით ხშირად გამოდიან, რის გამოც მედიაში არაერთხელ დაწერილა კოალიციის შიგნით არსებულ შიდა დაპირისპირებაზე და ამდენად, ღარიბაშვილის განცხადების ადრესატი ბევრი პოლიტიკოსი შეიძლება იყოს, როგორც "რესპუბლიკელები", ისე თავად ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ადამიანები.

მაგალითად, იგივე ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დაუპირისპირდა და ასევე ამ საკითხში ქუცნაშვილის მომხრე 20 დეპუტატიც, რომელთა ნაწილმაც საჯაროდ განაცხადა, რომ საგანელიძე ყველაფერს მათთან შეუთანხმებლად, ერთპიროვნულად წყვეტს და ეს მათი ფრაქციისათვის მიუღებელია.

ამ პროტესტანტ დეპუტატებს შორის იყვნენ დავით ლორთქიფანიძე და ომარ ნიშნიანიძეც. ასევე, თავად უმრავლესობის რიგებიდან ითქვა ისიც, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი უკმაყოფილებას გამოთქვამდა თამარ კორძაიას განსხვავებული პოზიციების გამო, მიიჩნევდა, რომ მისი ადგილი "რესპუბლიკელებშია" და კორძაიას საკითხი სხდომაზეც დასმულა.

თავად "რესპუბლიკელების" მხრიდან კი კოალიციის მისამართით არა მარტო კრიტიკული გამონათქვამები, ხმამაღალი ბრალდებებიც ხშირად ყოფილა. მაგალითად, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პრესკონფერენციაც მოიწვია, სადაც კონკრეტული ფაქტებით არაუფლებამოსილი პირებისა და სტრუქტერების მხრიდან თვითმმართველობებში "რესპუბლიკური პარტიის" წევრების მიმართ პოლიტიკური ნიშნით წნეხსა და კადრების დანიშვნაზე საუბრობდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ომარ ნიშნიანიძის თქმით, ალბათ ყველა იმ დეპუტატის მიმართ იყო გაფრთხილება, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, მათ შორის შეიძლება ადრესატი იყო თავადაც, ქუცნაშვილიც, "რესპუბლიკელებიც" და გოგი თოფაძეც.

"ეს გაფრთხილება გარკვეულწილად პრევნციასავით იყო, რომ ყველამ ჭკუას მოვუხმოთ და იმ ზღვარს არ გადავცდეთ, რასაც კოლეგიალობა და გუნდურობა ჰქვია და საერთო სახელმწიფო საქმე არ დავაზიანოთ," - მიიჩნევს ნიშნიანიძე.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, საჯაროდ გამოტანილ შეუთანხმებელ განცხადებებში პრემიერმა გოგი თოფაძის ნატოს საწინააღმდეგო განცხადებები იგულისხმა.

"ეს განცხადება ნატო-ზე გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა და ჩვენს პარტიასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. კოალიციაში ახლა გაცილებით უკეთესი კომუნიკაციაა, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ღარიბაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ის სწორედ იმას ეხებოდა, რასაც ჩვენ კოალიციაში ვიცავთ.

"კოალიცია ჰქვია იმ ხალხს, რომელიც ამბობს ევროპასა და ნატო-ს. ჩვენ სხვა არაფერზე არ გავერთიანებულვართ. ჩვენ ვართ ლიბერალები, ვიღაც არის კონსერვატორი, იდეურად ჩვენ სხვადასხვა ვართ, ერთადერთი, რაც გვაერთიანებს, ეს არის ევროპა და ნატო. ამას გაუსვა ხაზი ბატონმა ღარიბაშვილმა და ძალიან მომეწონა, რომ კოალიციის პრინციპებს ის ისე იცავს, როგორც ჩვენ ამას ვითხოვთ.

"ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ კოალიცია იყოს ის, რაც შეთანხმებულია და არა ისე, რომ ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს. არავის გავკიცხავ, ყველას ის აზრი ჰქონდეს, რაც უნდა, მაგრამ ჩვენი კოალიცია მიშას ჩამოსაგდებად, ევროპაში წასასვლელად და ნატო-ში შესასვლელად შეიქმნა და კარგია, რომ პრემიერმა ამას ხაზი გაუსვა", - ამბობს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ვინც ამ პრინციპებს არ ეთანხმება, იმან თავისი გზა და კვალი უნდა იცოდეს.

"ვისაც ევროპაში არ უნდა, ჩემი აზრით, ის მომავალ არჩევნებზე ამ კოალიციაში ვერ იქნება. თოფაძემ სხვებთან ერთად ხელი მოაწერა სწორედ იმ დებულებას, რომ ნატო-ში გვინდა. გულში რას ფიქრობდა, მაგაზე არავინ არ აღელდებოდა. დღეს ჩვენ მყარი პასუხი გვაქვს - კოალიცია ნატო-ს მხარესაა. თუ ვინმე არ არის, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ჩემი სამსჯელო არ არის", - აღნიშნავს ბერძენიშვილი და არ ჰგონია, რომ კოალიციის წევრების სხვა განცხადებები იყოს ნატო-ზე გაკეთებული გამონათქვამის საპირწონე.

"იყო კამათი, კოალიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ შევჯერდით და ეს ძალიან კარგია. "რესპუბლიკელების" წნეხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, დაინტერესებული მხარე ვარ, მაგრამ პრემიერის განცხადება ამგვარ საკითხებს არ ეხებოდა.

"ჩვენ ძალიან კარგად გავიგეთ, ვის ეხებოდა განცხადება. როდესაც ჩვენ გვეხებიან, ისეთი სახით გვეუბნებიან - "რესპუბლიკელებო", ისე და ასეო - რომ გვესმის. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვეხებოდა.

"კოალიციაში განსხვავებული აზრის დევნა არ მიმდინარეობს. განსხვავებული აზრები არის, მაგრამ მერე რაზეც შევჯერდებით, იქ მტკიცედ უნდა ვიყოთ. ნატო-ზე უკვე შეჯერებული ვართ და კურსზე განსხვავებული აზრი, ეს სხვაა," - დასძენს ბერძენიშვილი.

ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე გიგი თოფაძემ "რეზონანსთან" კომენტარისთვის ვერ მოიცალა, განგვიცხადა, რომ სუფრაზე თამადობს და, სამწუხაროდ, ვერ დაგველაპარაკებოდა.

ფრაქციის წევრ ზურაბ ტყემალაძის თქმით, პრემიერს მათი პარტია არ უგულისხმია და ეს დარწმუნებით იცის. მისივე თქმით, თოფაძის გამონათქვამზე არანაირი შენიშვნა არ მიუღიათ და არც კოალიციაში ყოფილა ამ თემის განხილვა-საყვედური.

"არ ვიცი, ადრესატი ვინ იყო, მაგრამ დარწმუნებით გეუბნებით, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით, რადგან ჩვენ არაფერი ისეთი საკითხი არ გამოგვიტანია სამსჯელოდ.

"ნატო-ზე გაკეთებული განცხადება არ მგონია. თოფაძეს არასდროს უთქვამს ის, რომ კურსს გადავუხვიეთ, მან თქვა ის, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ძალიან შორეული პერსპექტივაა, თუკი საერთოდ არის და გაიმეორა ის, რაც თქვეს აშშ-ს პრეზიდენტმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მათ თქვეს, რომ ნატო-ს გაფართოებას ნუ ელოდებითო და თოფაძემ ეს გაიმეორა.

"თუ "რესპუბლიკელებს" თავისი საკითხების გადაფარვა სურთ, არ გამოუვათ, ჩემო კარგო. ყველას თავისი შეხედულება აქვს და ჩვენ ამისთვის არ გადაგვიხვევია. მის გამონათქვამზე არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია, ან რატომ უნდა ყოფილიყო კოალიციაში ამის განხილვა?! ჩვენ კი არ ვიძახით ნატო-ზე უარს, ნატო იძახის გაფართოებაზე უარს," - აცხადებს ტყემალაძე.

მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტია" მათკენ ხელს ნუ გამოიშვერს, რადგან განსხვავებული პოზიციები ძალიან ხშირად სწორედ მათ აქვთ.

"თუ რაღაც კოალიციის გადაწყვეტილება არის მისაღები და ვიღაც საბოლოო განხილვამდე და მოხარშვამდე ამ თემას საჯაროდ გამოიტანს, ეს სწორი არ არის და პრემიერმა ასეთი ადამიანები იგულისხმა. ჩემი ღმა რწმენით, ასეთი საკითხი არასდროს გამოგვიტანია. "რესპუბლიკური პარტია" ჩვენსკენ ხელს ნუ გამოიშვერს, განსხვავებული პოზიციები მათ ძალიან ხშირად აქვთ. პრემიერმა ჩვენ არ გვიგულისხმა, შეიძლება იგულისხმა "რესპუბლიკელები", შეიძლება ყველა ის პერსონაჟიც, რომლებსაც პოლიტსაბჭოს განსახილველი საკითხები გარეთ გამოაქვთ.

"გვარებს ვერ ვიტყვი. იმას აეწვას კუჭი, ვინც დამნაშავედ გრძნობს თავს. ჩემი პარტია კი ადრესატად არ მიმაჩნია. ან რას ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებზე კოალიციის რიგებში არ ვიყოთ?! ვინ მემუქრება, რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიები?! არ მგონია, რომ კოალიციის დატოვება მემუქრებოდეს, თუმცა თუკი ეს საკითხი დადგება, არც ეს იქნება პრობლემა", - დასძენს ტყემალაძე."

29-03-2015, 12:09
უკან დაბრუნება