ივერიონი / გამორიცხავს თუ არა პროკურატურა კიწმარიშვილის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიას?

გამორიცხავს თუ არა პროკურატურა კიწმარიშვილის საქმეში თვითმკვლელობის ვერსიას?

მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, გამორიცხავს თუ არა პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში თვითმკვლელობის ვერსიას. 

როგორც კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატები თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფს, ხემლძღვანელობას უკვე შეხვდნენ და 6- პუნქტიანი დოკუმენტი გადასცეს, სადაც მათ მიერ შეთავაზებულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზეა საუბარი. 

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს უკვე ატარებს და გარდაცვლილის მხარეს უახლოეს პერიოდში შედეგებს გააცნობს. 

"ჩვენ გამოძიებას მივაწოდეთ 6-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილი და მითითებულია გარკვეული სახის ინფორმაციები, რომელთა გადამოწმებას ვითხოვთ. ამის პარალელურად, ვსწავლობთ შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ მასალებს. გვაქვს იმედი, რომ შეხვედრა, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, უფრო ნაყოფიერი იქნება",-აღნიშნა ადვოკატმა. 

მისივე თქმით, წარდგენილი მოსაზრებების ირგვლივ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდებიან.

"დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ადვოკატებს, ფაქტებიდან გამომდინარე, გვწამს, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. ჩვენს მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარკვეული სახის ინფორმაცია იქნება მიღებული, რაც გამორიცხავს თვითმკვლელობას", - განაცხადა ადვოკატმა. 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

31-03-2015, 13:05
უკან დაბრუნება