ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი: ფარისევლობისა და ფსიქოზის მორევში ვიძირებით,ხავსი კი ნელ-ნელა ძვრება ლოდებსაც!

გიორგი ტიგინაშვილი: ფარისევლობისა და ფსიქოზის მორევში ვიძირებით,ხავსი კი ნელ-ნელა ძვრება ლოდებსაც!

გვესაუბრება ახალგაზრდა თეოლოგი, მწერალი გიორგი ტიგინაშვილი.


  ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, რომ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს პუბლიკაციებს საპატრიარქოში (ზოგადად საქართველოს ეკლესიაში) არსებულ პრობლემებზე. ზოგიერთი ფიქრობს,რომ. საკუთარი შეხედულებების გაჟღერებით ნებსით თუ უნებლიეთ, მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს. არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კრიტიკა დროულია და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იტყვის ამას. როგორ ფიქრობთ, უშველის ასეთი კრიტიკა თუ მხილება ეკლესიაში რეალურად არსებულ პრობლემებს?

   მახსენდება გამოჩენილი ირანელი საზოგადო მოღვაწე – ალი შარიათი, რომელიც ამბობდა: "თუ არ შეგიძლია, ბოლო მოუღო უსამართლობას, მაშინ უამბე მაინც ყველას მის შესახებ". ჩემი პათოსის ერთ–ერთი მახასიათებელიც სწორედ ეს არის, რომ ყველას ღიად და გამჭვირვალედ გავანდო საკუთარი საწუხარი, რომელიც გარშემო ჩამოწოლილი რეალობის გულწრფელი გამოძახილია.
 მე, როგორც დედა ეკლესიის რიგით წევრს, სხვებთან ერთად, მაქვს ლეგიტიმური უფლება (მეტსაც გეტყვით, ვალდებულება) რათა მტკიოდეს წმინდა წიაღში გველივით შემოპარული უწესობისა თუ უკეთურების ყოველგვარი გამოვლინება, რომელიც რასაკვირველია შეძლებისდაგვარად მხოლოდ საღვთო შურისგებას, კეთილსინდისიერებას, პატიოსნებასა და შვილობრივ მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს, რამეთუ აღნიშნული თემა ერთობ ფაქიზი, საკრალური და სენსიტიურია.
   რაც შეეხება ჩემი პუბლიკაციების ირგვლივ გამართულ ბჭობა სჯა–ბაასსა და საზოგადობრივ დისკუსიებს, ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია და აბსოლუტურად ლოგიკურიც. აზრთა სხვადასხვაობა იმთავითვე ნებისმიერი ინფორმაციისა თუ შეხედულების მიმართ ყოველთვის თანმხლები პროცესია და შესაბამისად, ამ მხრივ არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი. ჩვეულებრივ კი ძალზე სასიამოვნო და გასახარია ის ფაქტი, რომ მავანის მხრიდან ტაბუირებულ და მიჩქმალულ მოცემულობას, ხალხი თანდათან აპროტესტებს და თავისუფლებისა თუ სამართლიანობის პრინციპით ეწინააღმდეგება.
   ვწუხვარ, რომ საპატრიაქროს თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი, ხშირ შემთხვევაში არასწორ გზას ირჩევს და ნაცვლად პრობლემათა აღმოფხვრაზე ზრუნვისა, მისი მიჩუმათებითა და გრიფით გასაიდუმლოებითაა დაკავებული, რის გამოც არსებული სინამდვილე ცხადია დამატებით ეჭვებსა და შეკითხვებს ბადებს სწორედ ამავე სისტემის მიმდევართა მისამართით. ხოლო უშუალოდ ჩემს წინააღმდეგ აღძრული ცილისწამებისა და გამოგონილი ბრალდებების გამავრცელებელ კონფორმისტებს კი ასე ვეტყოდი: მე არ მიკვირს თქვენი ისტერიული რეაქციის, რამეთუ სიმართლე ისეთივე აუტანელი და მწველია დამნაშავე ადამიანისათვის, როგორც შუადღის მზის სხივი – მედუზისათვის. აქვე ბალზაკის მიგნებასაც შეგახსენებდით: "იქ სადაც ყველა კუზიანია, იყო გამართული – სიმახინჯედ ითვლება!" სწორედ ამიტომ მიიჩნევთ განსხვავებულ აზრსა და არგუმენტებზე დამყარებულ მხილებას – ეკლესიის მტრობად.

   აჟიოტაჟია ატეხილი ახალ მსოფლიო კრებაზე. ბევრი წინასწარ შიშით შეჰყურებს მომავალი მსოფლიოს კრების შესაძლო გადაწყვეტილებას. თქვენ, როგორც ახალგაზრდა თეოლოგი, რას იტყვით ამის თაობაზე?

   ამ საკითხის ირგვლივ პროგნოზების გამოთქმა, წინასწარი გლოვა და დრამატიზება, არ მიმაჩნია გამართლებულ "რელიგიურ" მოვლენად. თუმცა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ალბათ ბუნებრივიც კია, რადგან ზოგისთვის ყოველგვარი სიახლე და ცვლილება, მაინცდამაინც ნეგატიურთან ასოცირდება ხოლმე, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით არასულიერი და არაკომპეტენტური მიდგომაა.
ვინც თვლის, რომ კრების მოწვევის მიზეზი არ არსებობს, ის თავს იტყუებს, ან საუკეთესო შემთხვევაში ზედმეტი მოშურნეობით ფრთხილობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და მისი არსებობა მუდმივი დინამიკა და ზეაღსვლაა სრულყოფილებისაკენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება ადმინისტრაციული მოწყობა, კანონიკა (რომელიც ადგილობრივი რეალობიდან გამომდინარე იქმნებოდა ყოველთვის) და სოციალური საკითხები. თანაც ამა თუ იმ გაფართოებული სესიების, ე.წ. "მსოფლიო კრების" რანგამდე კვალიფიცირებაც ნაჩქარევია, რადგან კონკრეტულად არ მოგვეპოვება ცალსახად ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი რომელიც კრებას ამგვარ კატეგორიას მიანიჭებდა. წინა შვიდი კრებაც, დრო–ჟამის შემდეგ იქნა აღიარებული, განხილულ საკითხთა მნიშვნელობის წონადობიდან გამომდინარე.
   მე პირადად არ ვარ წინააღმდეგი მერვე მსოფლიო კრებისა, თუკი ის დოგმატურ საკითხებს არ შეეხება და მოციქულთა და წმ. მამათა მიერ ნაანდერძევ ჭეშმარიტებას არ "გადახედავს". სხვა მხრივ აუცილებელიც კია თანამედროვე გამოწვევებსა და დაბრკოლებებზე, საყოველთაო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მკაფიო და მზრუნველობითი ერთობა დააფიქსიროს, რაც განმსჭვალული იქნება ცოცხალი ღმერთის მაცხოვნებელი საყვირის დამოწმებითა თუ ზნეობრივი მოხმობით.
   ეკლესია მარადიულად ახალ გზებს ეძებს, ოღონდ ძველი მიზნებითა და მასალით, რათა აღასრულოს საკუთარი მისია და ყველასათვის გასაგები გახადოს ქრისტეს პიროვნების არსი (რომ ის არის "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება") და შესაბამისად, დაგვანახოს ადამიანის როლი მასში. ამრიგად, თავად ეკლესიის ბუნება საღვთისმეტყველო თუ ონტოლოგიური თვალსაზრისით არათუ წინააღმდეგობაში მოდის თუნდაც ახალი მსოფლიო კრების გამართვის იდეასთან, არამედ, მას ორგანულად ეთანხმება კიდეც.

   მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკლესიები დღითიდღე მრავლდება, მრევლის ხარისხი სამწუხაროდ არ მატულობს და ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აშკარად ეტყობა. საუბედუროდ, ჭეშმარიტი სიყვარული, თანადგომა და თანალმობა არც მრევლში იგრძნობა. კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი?

   არსებობს, როგორც გლობალური, ისე ლოკალური ფაქტორებიც. ბერნარდ შოუ ამბობდა: "ადამიანები გადაეჩვივნენ სიყვარულს, მსოფლიოს სამომხმარებლო ურთიერთობები მართავს". ასეთ ვითარებაში, ალბათ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ, იმისათვის, რომ ამოვიცნოთ თუ რაში მდგომარეობს ამგვარი აპათია.
 დანანებითა და წრფელი მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკვირვებით, ქართულ საზოგადოებაშიც მართლაც იმძლავრა აგრესიამ, უხეშობამ, ეგოისტურმა ჩაკეტილობამ, ქილიკმა, გულცივობამ, ლანძღვა-გინებამ, წყევლამ, ცილისწამებამ, უზრდელობამ და ბოღმამ. ეს ყოველივე კი უმთავრესად იმის ბრალია, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს თავს, არ ვუკვირდებით საკუთარ მანკიერებებს, ცოდვისმიერ მიდრეკილებებსა და სისუსტეებს... მოკლედ, რომ ვთქვა არ გვცალია თვითშემეცნებისთვის, გვეზარება სულიერი ცხოვრება და იოლ გზას ვირჩევთ - სხვისი განკითხვით ვჩქმალავთ პირად დაცემულობას და სინანულს ვანაცვლებთ ჭორაობით. ამგვარ სულმდაბლობას ემატება "წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა", ანუ შური და ვიღებთ აბსოლუტურ ბიოორგანიზმს, რომელიც უპიროვნო ელემენტად ქვეითდება და კარგავს კეთილშობილი თუ ჭეშმარიტი ადამიანის სახეს.
გული მტკივა, რომ სიყვარულის სერიოზული დეფიციტია ირგვლივ. უნდა ვიფიქროთ ამაზე, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც ქრისტე ცოცხალი და პიროვნული ღმერთია. ქრისტიანობა სიხარულის, სითბოს, ურთიერთ-თანადგომისა და დაუზარელი გულისხმიერების გამონათებაა ამ დაცემულ სამყაროში. გვახსოვდეს ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვრის სიტყვები: "თუ გეყვარებათ ერთმანეთი, ამით გიცნობენ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ..."
   სულიერი გაგებით, სიყვარული მდგომარეობს საყვარელი პიროვნებისა და მოყვასის ხვედრის ყველანაირად გაზიარებასა და თანამზრახველობაში. სიყვარული გვამსგავსებს, ქმნის ერთობას, ანგრევს გამყოფ კედლებს და აქრობს სიშორეს. სწორედ ეს მოიმოქმედა იესო ქრისტემ ჩვენთან. მან მართლაც იშრომა ადამიანის ხელებით, იფიქრა ადამიანის გონებით, იმოქმედა ადამიანის ნებისყოფით და შეიყვარა ადამიანის გულით. ქალწული მარიამისაგან შობით იგი გახდა ნამდვილად ერთი ჩვენგანი, ყველაფერში ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა.
    როცა გვსურს, განვსაზღვროთ, თუ რამდენად ვართ ჭეშმარიტი ქრისტიანები, ამ შემთხვევაში უნდა დავუკვირდეთ ერთ საგულისხმო რეალობას და დავსვათ საკუთარ თავთან შემდეგი სახის შეკითხვა – რამდენად ვგავართ უშუალოდ ქრისტეს პიროვნებას?
    ჩვენი მარხვაც, ლოცვაც და ქველმოქმედებაც ფუჭი იქნება, თუკი მას ნამდვილ და უანგარო სიყვარულზე არ დავაფუძნებთ. ამიტომ ლიტონ და ტრაფარეტულ მჭერმეტყველებას, არავითარი შედეგი არ მოაქვს სულისათვის, თუკი ის სარწმუნოების სინათლიდან მომდინარე სიყვარულს არ გამოხატავს.
   რაც შეეხება მიზეზს, მოცემული სიცარიელეც, ალბათ ჯანსაღი მისიონერული მოღვაწეობის არარსებობის ბრალია. საპატრიარქოს მიერ უღირსებაზე წაყრუებისა თუ მფარველობის შედეგად ერის ურწმუნო კაცობამდე დასულ სასულიერო პირებს ნამდვილად არ ანაღვლებთ სხვისი სულიერი მდგომარეობა და მათთვის ნომინალური მრევლის ყოლა, რომელიც მარტოოდენ რიტუალიზმით კმაყოფილდება, საკმარისია.
   ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფარისევლობისა და ფსიქოზის მორევში ვიძირებით, ხავსი კი თანდათან ძვრება ლოდებსაც... ღმერთმა გვიშველოს!

    ქართული სულის გაუხეშებას და უზნეობის სტანდარტების ცხოვრებაში დამკვიდრებას ხელს ქართული მედია-საშუალებები უწყობენ. ეს განსაკუთრებით ტელე-მედიაზე ითქმის, რომელიც ზნეობის ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ყოველდღიურად ადამიანის თავისუფლების პროპაგანდით უზნეობის ჭაობისკენ მიაქანებს საზოგადოებას. როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ ბოროტებას?

    დიახ, სამწუხაროდ აშკარაა ფარული ხელის მიზანმიმართულად ცუდი ზრახვები, რომელიც საზოგადოების დეგრადირებასა და დაჩლუნგებას ემსახურება. სახეზეა სუბ–მას კულტურისა და მდარე ხარისხის სამაუწყებლო პროდუქტის შემოჩეჩება, რომელიც მარტოოდენ უხამსობის, გარყვნილების, ტინგიცობისა და მატრაკვეცობის პოპულარიზებისკენაა მიმართული. საზოგადოებას – ქაჯოგადოებამდე დაყვანას უპირებენ და ამ ყოველივეს ფსევდოჰუმანისტი ბომონდი, თავმომწონე სნობ–ჯგუფი და უინტელექტო ელიტა ტირაჟირებს, რომელიც ვითომ და რომანტიული რაკურსით ცდილობს ცოდვებისა და ამორალურობის რეკლამირებას.
   სადღეისოდ, თითქმის ყველა ტელეარხი, ნაცვლად შემეცნებითი და პოზიტიური დანიშნულების მაუწყებლობისა, უმეტესად ეპატაჟურ, სკანდალურ, სისხლიან და დაძაბულობის შემომტან სიუჟეტებსა თუ გადაცემებს ამზადებს. ეს ყოველივე კი ისედაც შეჭირვებულ და დათრგუნულ მოსახლეობას, დამატებით სტრესს ჰგვრის და უდიდეს სულიერ ზიანს აყენებს.
   რაც შეეხება ამ ნიაღვართან ბრძოლას, ვფიქრობ რომ ქვეყანაში ალტერნატიული სივრცე უნდა გაჩნდეს, სადაც ბოროტებას შეებრძოლებიან არა აგრესიით, არამედ სიკეთის გამრავლებით. ამასთან, ტრადიციული და ქრისტიანული ოჯახის ინსტიტუტი უნდა გავაძლიეროთ, სადაც მოზარდ ახალგაზრდობას, ჯანსაღი განვითარებისათვის სასათბურე და უყვედრელი პირობები ექნება, სადაც თავად მშობლები იქნებიან მაგალითი კეთილშობილებისა, სიმშვიდისა, ზრდილობისა და წიგნიერებისა. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული განათლების ხელმისაწვდომობასა და დასაქმებაზე, რათა რეალიზდეს თითოეული მოქალაქე და არაფრის მომცემ შოუებსა და გართობა–ქილიკს აღარ მიეცეს.

    ახლოვდება 17 მაისი – ლგბტ-ს უფლებების საერთაშორისო დაცვის დღე. ამ დღის მოახლოებასთან ერთად აქტიურად ისმის მოწოდებები ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე. სხვათაშორის, „უფლებადამცველ“ არასამთავრობოებთან ერთად ამ მარათონში ღიად ჩაებნენ პარლამენტარებიც. მაგალითისთვის მარიამ საჯაიას დასახელებაც კმარა, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ორი ადამიანის, თუნდაც ერთსქესიანთა ქორწინებას და მხოლოდ ჰეტეროსექსუალთა რეგისტრაციის პრაქტიკას განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის წარმომადგენლების დისკრიმინაციად აღიარებს. თქვენი კომენტარი...

    საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს ჰომოსექსუალური უფლებები. ჰომოსექსუალებს აქვთ უფლებები, როგორც მოქალაქეებს, მაგრამ არა როგორც ჰომოსექსუალებს. ეს აშკარაა შემდეგ მიზეზთა გამო. ჰომოსექსუალური ქმედებანი მორალურად მცდარია და არ არსებობს უფლება მცდარობის (დანაშაულის) საკეთებლად, ეს მორალური ნონსენსია. მორალური მცდარობის საკეთებლად არც სამოქალაქო უფლებები არსებობს. პირადულობის უფლება არ ნიშნავს ამორალურობის უფლებას. პირადულობის უფლებები არ ვრცელდება არაეთიკურ ქმედებებზე.
    ვინმე მარიამ საჯაიას უგუნურ განცხადებას, ძნელია შესატყვისი კომენტარი მოუძებნო. ძალზე სამწუხაროა, როცა საკანონმდებლო ორგანოში ამგვარი ტიპის უმწიფარ და არასერიოზულ დეპუტატებს ვხედავთ. მისი განცხადება არის აბსოლუტური მარაზმი და დემაგოგია. რა უცნაურია, რატომ ცდილობენ ჩვენი წამხედურა პოლიტიკოსები დასავლეთიდან მხოლოდ უარყოფითის გადმოტანას? მით უფრო მაშინ, როცა ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან, მხოლოდ 9 ქვეყანაშია დაშვებული სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაცია ჰომოსექსუალებზე (ზოგან ბავშვის აყვანის უფლებით). კეთილი ინებონ და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ქორწინების დეფინიციაში ქალისა და მამაკაცის დაოჯახება იგულისხმება. ამავე დროს, უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ეთნო–ფსიქოლოგია, მენტალიტეტი და მართლმადიდებელი მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი და პრინციპული დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი. ნუ პროვოცირებენ მილიონობით ადამიანზე და ცოტა უფრო რაციონალურად შეაფასონ მოვლენები!
   17 მაისი კი ჩემთვის, როგორც მრევლის წევრისთვის, ოჯახური სიწმინდის დაცვისა და მშობლების პატივისცემის დღეა. კათოლიკოს–პატრიარქმა ძალიან კეთილგონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როცა ეს დღე დააწესა ტრადიციული ფასეულობის სათაყვანებლად. ამით მოხდა აბსოლუტური ნიველირება–დევალვაცია ლგბტ მეხოტბე–პროპაგანდისტთა ზრახვებისა, რომელნიც სრულიად განეიტრალებულნი და განიარაღებულნი დარჩნენ.
   რაც შეეხებათ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, საყოველთაოდ ცნობილია თუ რა მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ გრანტიჭამია "ჭკუისკოლოფებს", რომელნიც თურმე და ყველა საკითხში ერთნაირად "კომპეტენტურნი" და "კვალიფიციურნი" არიან. ცინიზმი და უტიფრობაა ის, რაც ამჟამად ჩვენს სამშობლოში ხდება.

    სიტყვამ მოიტანა და საინტერესოა შენი აზრი: ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა თუ ჩვეულებრივი ორიენტაცია?

    ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ განხორციელებული ჰომოსექსუალიზმი – ეს არის ცოდვა, რამეთუ ამ მდგომარობაში მყოფი ადამიანის ხორციელი მისწრაფებების ფიზიკური რეალიზება პარტნიორთან წარმოადგენს საღვთო მცნების დარღვევას. ეს არის ღვთაებრივი განზრახვის შეგნებული დამახინჯება. ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს - ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ჰომოსექსუალიზმი იმგვარი ცოდვა, ანუ დაცემული ადამიანური ბუნების იმგვარი გამოვლინებაა, როდესაც შემოქმედის მიერ ჩაფიქრებულ მოვლენათა მსვლელობა კარგავს საწყის მიზან-მიმართულებას და თვითნებურად, მის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, რამეთუ იგი ადამიანის მიერ საკუთარი სქესობრივი როლის ორგანულობის დაკარგვაა, მისი დამახინჯებაა.
   ქრისტიანი პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის არჩევნის თავისუფლებას, როგორც ღვთივბოძებულ და ფუნდამენტურ უფლებას, მაგრამ, ამავდროულად, რჩება ავტონომიური ასევე ღვთივდადგენილი ნორმების შესაბამისად მოიწონოს, ან არ მოიწონოს გაკეთებული არჩევანი. თანახმად პავლე მოციქულისა - „ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.“
   ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა და ის ნორმიდან გადახრას ნიშნავს. ამას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები და ვითომ ობიექტური ფსიქიატრი ლიბერტარიანელები ნიღბავენ. მაშინ როცა 1992 წლამდე ეს მოვლენა ავადმყოფობად მიიჩნეოდა, თურმე რატომღაც ბუნებრივ მდგომარეობად ევოლუცირდა, რაც თვალთმაქცური დემაგოგიაა და მეტი არაფერი. მაგალითად, როგორ შეიძლება დაუშვათ, რომ აუტიზმი გუშინ ავადმყოფობა იყო და დღეს ჯანმრთელი მდგომარეობა? ამდენად, ის რაც გუშინ სნეულება იყო, დღესაც სნეულებაა, ოღონდ ამის აღიარება არ სურთ არც მოსყიდულ "ექიმებს" და არც სენშეყრილ ადამიანებს.
   ამდენად, მინდა მოვუწოდო ყველა ჰომოსექსუალს, რომ მოინანიონ თავიანთი მდგომარეობა, მოეშვან პროპაგანდას, ეცადონ გამოსწორებას და იცხოვრონ თავშეკავებით, რასაც მოწყალე უფალი აუცილებლად შეიწირავს და სიკეთით მიაგებს ცხონების საქმეშიც.

   ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა ქალთა ჩართულობა აქტიურ პოლიტიკაში. ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა (მაგ. ივანიშვილი), რომ კვოტების დაწესებასაც კი ითხოვს, რომ ამით გადაიჭრას ე.წ. გენდერული პოლიტიკა.
შენი აზრით, პოლიტიკაში „მატრიარქატის“ დამკვიდრებას და მამაკაცთა პოზიციების დასუსტებას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?

   ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ და საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. ჩემი მოკრძალებული აზრით, ნიჭიერ ქალთა ინტეგრირება ნებისმიერ სფეროს, მით უფრო პოლიტიკას მოუხდება და დიპლომატიური თვალსაზრისითაც მათი გამჭრიახობა და კეთილშობილება ბევრად უფრო პროდუქტიულ ეფექტს მოგვცემს, ვიდრე ეს სრული პატრიარქატისას გვაქვს. ჩემი პირადი დამოკიდებულებით ქალი და მამაკაცი აბსოლუტურად თანასწორნი არიან, როგორც ცხონებისა და გადარცენა–განმღრთობის საქმეში, ისე სოციალურ თუ ინტელექტუალურ სივრცეში. თუმცა მე, როგორც კონსერვატიული მსოფლმხედველობის ადამიანი, დავძენდი, რომ თანასწორთა შორის უპირატესობა ოდნავ მაინც მამაკაცისკენ იხრება, რადგან მას მეტი პასუხისმგებლობის, მზრუნველობისა და რაინდული თავგანწირვის მოვალეობა აკისრია.
   რაც შეეხება კვოტებს, ამგვარი წესით ქალთა წახალისება, ძალიან არასერიოზულ და უსაფუძვლო ახირებად მიმაჩნია.

5-04-2015, 10:46
უკან დაბრუნება