ივერიონი / ზურაბ ჯაფარიძე: მილიარდერმა შექმნა ფონდი კაიმანის კუნძულებზე ...

ზურაბ ჯაფარიძე: მილიარდერმა შექმნა ფონდი კაიმანის კუნძულებზე ...

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე თანაინვესტირების ფონდის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გასული ინფორმაციის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისგან შენიშვნა მიიღეს.

"მილიარდერმა შექმნა ფონდი კაიმანის კუნძულებზე, შემდეგ თავისი დეიდაშვილი დანიშნა ამ ფონდის მმართველი კომპანიის მოწილედ, შემდეგ ამ კომპანიამ აიღო სესხი იმავე მილიარდერის ბანკიდან, რომლის პროცენტის უდიდესი ნაწილი უნდა გადაგვეხადა ჩვენ, მოქალაქეებს. მას შემდეგ, რაც ეს სქემა გასაჯაროვდა, მილიარდერმა შენიშვნა მისცა საკუთარ საყვარელ დეიდაშვილს, რომელიც ამ საყვედურს არ დაეთანხმა და მივიღეთ ახალი სქემა:

მილიარდერი, კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიიდან ფულს ასხამს დეიდაშვილზე გაფორმებულ მმართველ კომპანიაში, რომელიც სესხს იღებს მილიარდერისავე ბანკიდან, რომლის პროცენტის დიდ ნაწილს ისევ მილიარდერი დააფინანსებს.

ჰოდა, თაღლითი თუ არ ხარ, და სათბურის გაკეთება გინდა, მარტივად და პირდაპირ რატომ არ აკეთებ?" - წერს ჯაფარიძე Facebook-ში.

თანაინვესტირების ფონდმა განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც ფონდი განმარტავს, ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის ბიძინა ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებენ, რადგან "ფონდი მანდატის შესაბამისად, ავტონომიურად იღებს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას და არ აქვს ინვესტორებთან მათი შეთანხმების ვალდებულება". ივანიშვილმა ფონდს შენიშვნა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მასთან შეუთანხმებლად მიღების გამო მისცა.

"ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით დაფაროს სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი. შეღავათების დაფარვა მხოლოდ მისი კაპიტალით განხორციელდება, შესაბამისად, ეს თანხები არ დააწვება ტვირთად ფონდის სხვა ინვესტორებს და პარტნიორ კომპანიებს", - აცხადებს თანაინვესტირების ფონდი.

8-04-2015, 11:40
უკან დაბრუნება