ივერიონი / ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა ფონდმა უნივერმაღ "თბილისის" შენობა შეიძინა

ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა ფონდმა უნივერმაღ "თბილისის" შენობა შეიძინა

თანაინვესტირების ფონდი ყოფილი უნივერმაღ "თბილისის" შეძენასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც ფონდში "კომერსანტს" განუცხადეს, ფონდმა შენობა ჰოლანდიურ საინვესტიციო ჯგუფ "დორიფორისგან" შეისყიდა, სადაც თანამედროვე, A კლასის სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი" განთავსდება.


პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება და იგი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრში არსებული ძველი კომერციული ფართის რეკონსტრუქციას. ა კლასის სავაჭრო ცენტრის ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ² იქნება.


ფონდის ინფორმაციითვე, შენობის სამხრეთ ნაწილში 300-მდე ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, რაც საგრძნლობლად შეამცირებს ქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას.


"პროექტ "გალერეა თბილისს" ბევრი უპირატესობა გააჩნია. მისი დამტკიცებული დიზაინი უცველი რჩება და წამყვან ებრაულ არქიტექტურულ კომპანიას ეკუთვნის, რომელსაც ევროპის დედაქალაქებში არაერთი წარმატებული არქიტექტურულ- დიზაინერული პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია სავაჭრო ცენტრის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა - მომხმარებლებისთვის "გალერეა თბილისში" მოხვედრა სხვადასხვა საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. "გალერეა თბილისი" უნიკალურია იმითაც, რომ მის შენობაში "თავისუფალი თეატრი" და "ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი" იქნება ინტეგრირებული. ეს გარემოება ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორთათვის. ზემოაღნიშნული უპირატესობების გათვალისწინებით სავაჭრო ცენტრების ნებისმიერი საერთაშორისო ოპერატორისთვის საინტერესო იქნება საქართველოში "გალერეა თბილისის" პროექტის ფარგლებში შემოსვლა.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების დასკვნით ნაწილზე მუშაობა და მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება. ამავე წლის შემოდგომაზე "გალერეა თბილისი" ოფიციალურად გაიხსნება,"–აცხადებენ ფონდში.


ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ინვესტიცია, რომლის მოცულობა $70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება ქალაქის ცენტრში წლების მანძილზე უმოქმედო შენობის და გაჩერებული პროექტის განახლებას მოემსახურება.


"ძველი კონსტრუქციის ჩანაცვლებით "გალერეა თბილისი" სრულჰყოფს რუსთაველის გამზირის საწყისი მონაკვეთის იერსახეს და უცხოელი ტურისტების მიზიდულობის ახალი ცენტრი გახდება. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების საქმეში. იგი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას და საერთაშორისო ბრენდების შემოსვლას. პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებზე სხადასხვა პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი ჯამში 1000 ადამიანს გაუტოლდება," – აცხადებს ბაჩიაშვილი.


მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, შენობა პროექტ "პანორამა თბილისის" ნაწილი გახდება, თუმცა თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და საუბარია დამოუკიდებელ პროექტზე, რომელსაც "პანორამა თბილისთან" არავითარი კავშირი არ აქვს.


შეგახსენებთ, რომ, როგორც ცნობილია, "პანორამა თბილისის" ნაწილი იქნება ყოფილი "ცეკავშირის" შენობა, რომელსაც მერიამ კოეფიციენტი შეუცვალა, რაც ტერიტორიის მფლობელს მაღალსართულიანი შენობის აგების უფლებას აძლევს. უკვე ცნობილია, რომ პროექტის ავტორები ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას გეგმავენ.


შენობა თანაინვესტირების ფონდმა მისი ყოფილი მფლობელისგან, შეიძინა, რომლის პრეზიდენტიც მამუკა ხაზარაძეა.


რაც შეეხება ყოფილ უნივერმაღ "თბილისს", შენობაში "თბილისი პლაზას" რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო. როგორც ინვესტორი კომპანიის "მოვატ ჯორჯიას" წარმომადგენელმა რამდენიმე კვირის წინ "კომერსანტთან" განაცხადა, პროექტირება სრულდებოდა და სამშენებლო ნახაზები საბოლოო სახეს იღებდა. უჩა გელაშვილის თქმით, მერიასთან პროექტი შეთანხმებული იყო და დგინდებოდა. როგორ უნდა დამონტაჟდეს კონდიცირების და წყალმომარაგების სისტემები.

 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონს შეადგენდა.


უნივერმაღის ადგილას ახალი პროექტის განხორციელების შესახებ ჯერ კიდევ 2007 წელს გაცხადდა, თუმცა რამდენიმე წელია პროექტი შეჩერებულია. გასულ წელს თბილისის პლაზას ინვესტორმა მთავრობასთან საინვესტიციო ვალდებულებების გადავადების შესახებ მიაღწია შეთანხმებას. პროექტი თავდაპირველად 100 მილიონის ღირებულების იყო.


იმის შესახებ, რომ "თბილისი პლაზას" პროექტით თანაინვესტირების ფონდი იყო დაინტერესებული, ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.


მაშინ "კომერსანტისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ თბილისის უნივერმაღის ფართოდ რეკლამირებულ პროექტს კომპანია "ვილბრუკი" აღარ განახორციელებდა. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გვაცნობა, "ვილბრუკი" ობიექტის მმართველი უნდა ყოფილიყო, თუმცა მასთან ხელშეკრულება შეწყვეტილია.


წყარო; „კომერსანტი“

 

8-04-2015, 13:25
უკან დაბრუნება