ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი: მთავრობას მართავს მთავრობის მეთაური და არა მე, კულისებიდან!

ბიძინა ივანიშვილი: მთავრობას მართავს მთავრობის მეთაური და არა მე, კულისებიდან!

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უარყოფს, რომ ის მთავრობას კულისებიდან მართავს.

"მთავრობას მართავს მთავრობის მეთაური და არა მე, კულისებიდან. მინისტრები ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. ძალიან იშვიათად თუ დამირეკავენ რჩევისთვის და ეს ნორმალურია, ეს მთელ მსოფლიოში ხდება. მე მათი მართვის არავითარი ბერკეტი არ მაქვს. არავინ არაა ჩემი ნათესავი და არავისთან ვმეგობრობდი მათგან, ვინც დღეს მთავრობაში არიან. მე საზოგადოებაში დიდი ნდობა მაქვს და ძალიან კარგად იციან ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ დღეს, როგორც მოქალაქე, ყველასგან მოვითხოვ კანონის დაცვას. მე ხმას ამოვიღებ და ჩემს ხმას ძალა ექნება. აქედან გამომდინარე, მგონი ამას დიდ ანგარიშს უწევენ და ისინი, ვინც კანონს არღვევენ ან ამის სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ აგრესიულები არიან, იმიტომ, რომ მათთვის ხიფათს წარმოვადგენ", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს ოპოზიცია ამ თემაზე მუდმივად.


"საჩემოდ ვაკეთებ რამეს? მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც აბსოლუტურად აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს - "ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიაზროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა და საკუთარი წარმატებები, მთელი ერის წარმატებაში უნდა ვეძებოთ და არა ცალკე". თუ ჩემი ინტერესები საერთო საზოგადოების ინტერესებს ემთხვევა, არაფერს პირადულს არ ვაკეთებ და არაფერს არ ვაფუჭებ, რისთვის შფოთავენ? თანაც ვერაფრით ასაბუთებენ, რომ ვმართავ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

9-04-2015, 19:12
უკან დაბრუნება