ივერიონი / "ახალი მემარჯვენეები": ამ განცხადებით ბურჯანაძე "ყველაზე რეაქციონერი პროპუტინისტი პოლიტიკოსების რიგში" ჩაეწერა

"ახალი მემარჯვენეები": ამ განცხადებით ბურჯანაძე "ყველაზე რეაქციონერი პროპუტინისტი პოლიტიკოსების რიგში" ჩაეწერა

პარტია "ახალი მემარჯვენეები" "გაერთიანებული დემოკრატუილი მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში ბურჯანაძემ თქვა, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა.

"ახალი მემარჯვენეები" აღნიშნავენ , რომ ამ განცხადებით ბურჯანაძე "ყველაზე რეაქციონერი პროპუტინისტი პოლიტიკოსების რიგში" ჩაეწერა.

"გაერთიანებული დემოკრატუილი მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა ისეთი რამ, რასაც ოდნავ დემოკრატიული შეფერილობის მქონე რუსი პოლიტიკოსებიც კი ღიად არ ლაპარაკობენ. ამ განცხადებით ის ჩაეწერა ყველაზე რეაქციონერი პროპუტინისტი პოლიტიკოსების რიგში.

ამგვარი პოლიტიკური უპასუხისმგებლობით გაჟღენთილი განცხადება არა მარტო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, ვისი ტერიტორიებიც ოკუპირებული და ანექსირებული აქვს პუტინის რუსეთს და ვისაც შესაძლოა კვლავ ემუქრება მსგავსი აგრესია.

ეს განაცხადი მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრივი პერსპექტივის, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. მსგავსი განცხადება ქ–ნმა ბურჯანაძემ ერთ–ერთ ქართულ ტელევიზიაშიც გააკეთა და მაშინ ქართულმა საზოგადოებამ ეს ყურს მიღმა გაატარა.

ან ბურჯანაძემ უნდა უარყოს მსგავსი განაცხადების არსებობა და მკაფიო განმარტება მისცეს ქართულ საზოგადოებას, ან ჩვენმა თანამოქალაქეებმა, მათ შორის მისმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ქართულ პოლიტიკაში ღიად საქმიანობს ადამიანი, ვინც უკვე დიდი ხანია გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად აღვივებს ნიჰილიზმს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ; ვისთვისაც, როგორც ჩანს, პუტინისთვის ხელი ჩამორთმევა უფრო ფასეულია, ვიდრე საქართველოს სტრატეგიული ინტერესები; ვისაც პუტინის "წარმატებები" უფრო ახარებს, ვიდრე უკრაინელი ან სხვა ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.

საქართველოს ბევრი საფრთხე და გამოწვევა აქვს და ერთ–ერთი გამოწვევა სწორედ ამგვარი განწყობების ლიდერების და პოლიტიკური ჯგუფების არსებობაა ჩვენს ხელისუფლებაში და ოპოზიციაში.

ყველას, ვისაც მსგავსი განწყობებით და ზრახვებით მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, ვარწმუნებთ, რომ პუტინის პოლიტიკას მომავალი არ აქვს; რომ უკრაინაც აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოც, რაოდენ რთული არ უნდა ჩანდეს ეს დღევანდელი გადასახედიდან", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

16-04-2015, 14:16
უკან დაბრუნება