ივერიონი / ლევან ბერძენიშვილი: ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადავდგამ!

ლევან ბერძენიშვილი: ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადავდგამ!

პარლამენტს საქართველოს სომეხთა სათვისტომომ, სომეხთა გენოციდის განხილვის მოთხოვნით მიმართა. მოხდება თუ არა ამ საკითხის განხილვა და რა პოზიცია ექნება პარლამენტს, ამასთან დაკავშირებით "ნიუპოსტი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.

ბერძენიშვილი განმარტავს, რომ სომეხთა გენოციდის აღიარება, საკმაოდ სათუთი საკითხია, რადგან საქმე სამ სამეზობლო ქვეყანას ეხება და მკვეთრი გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოსთვის საკმაოდ საზიანო აღმოჩნდეს."განხილვა არის მთელი პროცედურა და ბიურომ უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა ამ საკითხს განსახილველად. საქართველო მუდმივად ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური, ვინაიდან ეს საკითხი ეხება სამ მეზობელ ქვეყანას და რომელიმე მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება არც ამ პარლამენტში და არც მომავალი მოწვევის პარლაენტში მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს არის ისეთ გარემოცვაში, სადაც ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოუდგენელია პოლიტიკური სამეზობლოს გათვალისწინების გარეშე. ჩვენ ამ საკითხში გამოცხადებული გვაქვს ღრმა ნეიტრალიტეტი, ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს პიროვნულ ინტერესებთან, ადამიანურად გასაგებია, თუ ვინ რას განიცდის მაგრამ პოლიტიკურად მე მეჩვენება, რომ ამ საკითხზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში შეუძლებელი იქნება - ამბობს ბერძენიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა სომეხთა გენოციდის საკითხი განიხილა, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, ხოლო საქართველს ინტერესებში რეგიონში დაძაბულობის გაზრდა არ შედის.

"პირადად მე ამ საკითხს არ ვწყვეტ და მე ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადავდგამ იმისთვის, რომ კარგი ბიჭი გამოვჩნდე. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი რომ ვიყო, მაშინ ვიქნებოდი თავისუფალი. მე ვფიქრობ ისე, როგორც ფიქრობს საქართველო, ხოლო საქართველოს ინტერესში არ შედის დაძაბულობის გაზრდა რეგიონში. მე ერთი რამ ვიცი კარგად, ლიტერატურაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარტო სიმართლეს აწვებოდენ და დიდი მსხვერპლი გამოიწვიეს, მაგალითად - გრეგერსი გიბსენის დრამიდან. ასე რომ, მხოლოდ სიმართლით სიარული პოლიტიკაში შეუძლებელია, ეს არის ჩემი პირადი აზრი. ემოციებით და სიმართლით საკითხები არ წყდება, საკითხები უნდა გადაწყდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,"-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

19-04-2015, 10:58
უკან დაბრუნება