ივერიონი / დააჩმორებენ თუ არა გიორგი მარგველაშვილს და ვის დარჩება ავლაბრის რეზიდენცია?!

დააჩმორებენ თუ არა გიორგი მარგველაშვილს და ვის დარჩება ავლაბრის რეზიდენცია?!

დღევანდელ ხელისუფლებაში კატა-თაგვობანას თამაში გრძელდება - პრეზიდენტ მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსახლებას უპირებენ და ათონელზე საგანგებოდ აშენებულ სამთავრობო რეზიდენციაში უნდა გაამწესონ.

თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს რეზიდენციას ართმევენ, სასაცილოა, თორემ დღევანდელი რელობის გათვალისწინებით მარგველაშვილს საგანგებო რეზიდენცია არც სჭირდება - მისი ადრინდელი პატრონები იმდენად მონდომებული არიან დააკნინონ პრეზიდენტის უფლებამოსილება, განსაკუთრებულ სტატუსს ავლაბრის რეზიდენციაც ვერ შეუნარჩუნებს!

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, სად დაიგეგმა ეს ავანტიურა და ვინ ვის დავალებას ასრულებს, მაგრამ საინტერესოა, რატომ დადგა დღის წესრიგში ახლა ავლაბრიდან მარგველაშვილის გამოსახლება, როცა კახა კოჟორიძის ნათქვამს თუ ვერწმუნებით, მთავრობამ იცოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება (რომ იგი ათონელზე გადასვლას არ პირებდა) და მითუმეტეს ათონელის რეზიდენცია საპტივატიზაციო ნუსხაში ყოფილა შეტანილი?!

რა უნდათ ამით - მარგველაშვილის საბოლოო დისკრედიტაცია და ვულგარულად თუ ვიტყვით, „ტრუბაში გაძვრენა“, თუ საზოგადოება კიდევ ერთი შოუს მოწმე და მონაწილე ხდება?

მარგველაშვილი, მოგვწონს არ მოგვწონს, ივანიშვილის დავალებით ჩვენს მიერ არჩეული პრეზიდენტია, რომელსაც კონსტიტუციურად გარამტირებული უფლებები აქვს (მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურად შეუკვეცეს), თუმცა ახალი ინიციატივით აპირებენ თავზე გადაახიონ ეს კონსტიტუცია!!!

 

ცალკე საუბრის თემაა სააკაშვილის ახირება, ანუ, სჭირდებოდა თუ არა გაძვალტყავებულ სახელმწიფოს პრეზიდენტს ასეთი ფეშენებელური რეზიდენცია, მაგრამ, რადგან, ამის პრეცენდენტი დავუშვით და მარგველაშვილიც იქ გავამწესეთ, დავტოვოთ იქ და ავლაბრიდან ვისმინოთ მისი სეფე-სიტყვა!

საეჭვო არ არის, ეს ყველაფერი მოახლოებულ არჩევნებს და მარგველაშვილზე აგორებულ მითქმა-მოთქმას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, მას სიმპათიები აქვს „ნაციონალების“ და ალასანიას მიმართ და არ არის გამორიცხული, მათი სიმპათიები პოლიტიკურ ალიანსად იქცეს.

შეიძლება მავანს ორი კურდღლის დაჭერა სურს და ავლაბრის რეზიდენციაზეც უჭირავს თვალი, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ეს იქნება საბოლოო გამოცდა მარგველაშვილისთვის - დარჩება თუ არა იგი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც კონსტიტუცია უმაგრებს ზურგს, თუ საბოლოოდ დააჩმორებენ... ან იქნებ, ახალი ხელოვნური სკანდალის მოლოდინში უნდა ვიყოთ?!

                            ანდრია ლისაშვილი

21-04-2015, 11:08
უკან დაბრუნება