ივერიონი / თვითმარქვია ადგილობრივი „ბელადები“, უსტატუსოდ დარჩენილი სოფელი და საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინში!

თვითმარქვია ადგილობრივი „ბელადები“, უსტატუსოდ დარჩენილი სოფელი და საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინში!

რა იქნება ხვალ, როდის ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, დარჩება თუ არა „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში?  - ეს ის კითხვებია, რომელიც საზოგადოების უმეტესობას აწუხებს.

ამ მხრივ განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობა რეგიონებში, სადაც „ოცნების“ იდეამ ჩაილურის წყალი დალია, ხოლო გადაპორტირებული „ნაციონალები“ ჯიუტად ცდილობენ არსებული პრივილეგიებოს შენარჩუნებას!

სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფელი თითქოს უპატრონოდაა  მიგდებული - ქართველ გლეხკაცს უიმედობისა და უილაჯობის განცდა იპყრობს და მომავალს შიშით შეჰყურებს.

დასავლეთ საქართველოში ადრე სახნავ-სათესად გაპიროვნებული ნაკვეთები ფინანსური სიდუხჭირის გამო ან საერთოდ დაუმუშავებელია, ან თხილის პლანტაციებით იფარება, რომელიც ამ ბოლო ხანებში ადგილობრივი მოსახლეობის გადარჩენის ერთადერთ იმედად იქცა!

სხვათაშორის, სოფელშიც ძალიან აქტუალურია პოლიტიკა. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „ნაციონალების“ მიმართ ნოსტალგია გაუჩნდა, რადგან მათი აზრით, ისინი „რაღაცას მაინც აკეთებდნენ“, ხოლო დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ფორმალურად „ქართული ოცნების“ სახელს ატარებს, სინამდვილეში კი ისევ „ნაციონალური“ სახეებითაა გადავსებული, მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის იბრძვის და საზოგადოების პრობლემები ნაკლებად აინტერესებს - ადგილებზე ინფრასტრუქტურა საერთოდ მოშლილია და დღევანდელი გადასახედიდან მის აღდგენას არანაირი პირი არ უჩანს. მართალია, სააკაშვილის მზეს უკვე აღარ ფიცულობენ, მაგრამ არც ივანიშვილზე ამოსდით მზე და მთვარე!..

ხალხი აქტიურად საუბრობს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და ადგილობრივ ფავორიტებსაც ასახელებს _ უფრო სწორად იმ ადამიანების თუ მაფიოზურ-ნომენკლატურული ჯგუფების სახელებს, რომლებიც აქედანვე აქტიურ სამზადისში არიან და მიზნის მისაღწევად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ცდილობენ.

კითხვაზე: რატომ უნდა მისცეთ ხმა მავანს და მავანს, პასუხი მარტივია: სხვა რეალურ ძალას ვერ ვხედავთ, ისინი კი სხვებს სჯობიაო! ზოგიერთ რაიონებში უკვე საუბრობენ მოკლე და გრძელ როქზე, ანუ ფუნქციების (სტატუსების) გაცვლა-გადახალისებაზე, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის - ერთი გამგებელი გახდება, მეორე მაჟორიტარი დეპუტატი - იმუნიტეტსაც მიიღებს და სოლიდურ პენსიასაც გაინაღდებს, რაც მთავარია, „ხალხის რჩეული“ იქნება!

ასეთი დასკვნა რამდენიმე რაიონის მაგალითზე ჩამოგვიყალიბდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება!..

მთავარი პრობლემა მაინც არა იმ კონკრეტული ადამიანების ამბიციებშია, არამედ, მოსახლეობის (ამომრჩევლის) მენტალობაში, რომელსაც ვერ გაურკვევია, თუ რა პრინციპით უნდა აირჩიოს თავისი წარმომადგენელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში - რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს იგი და არის თუ არა ვიღაცის „კაი ბიჭობა“ საკმარისი არჩევანის გასაკეთებლად.

ერთი სიტყვით, რეგიონებში საარჩევნო მარათონი უკვე დაწყებულია - ხნულში „პირველი თესლი“ იყრება, ანუ ხალხის „მოთაფლვის“ ხანა დაიწყო. დღევანდელმა ხელისუფლებამ იცის, რომ მისი ავტორიტეტი ძალიან დაბალია და მაქსიმალურად ეცდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და ისეთი ადამიანების წინა პლანზე წამოწევას, რომელიც ხალხს არ აღიზიანებს - მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად გამოდგება ესა თუ ის ოდიოზური (ხშირ შემთხვევაში ძალზე დაბალი ინტელექტის) ფიგურა სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში - მთავარია, უმრავლესობა არ დაკარგოს და სკამი არ შეერყას!

ნიშანდობლივია ისიც, რომ ადგილებზე გარკვეული ნაწილი ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია - იმ ადამიანების მოლოდინში, რომლებიც რეალურად დაანახებენ პერსპექტივას და „რაღაცას“ მაინც შეცვლიან! არადა, ასეთი ძალის არსებობა ჰაერივით საჭიროა - ქვეყანა უნდა გამოვიდეს იმ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ორ ათეულ წელიწადზე მეტია იმყოფება - საჭიროა ინიციატივა ხელში აიღონ სხვა ხედვისა და მენტალიტეტის ადამიანებმა, რომლებიც არსებითად გრძნობენ პრიორიტეტთა შორის პრიორიტეტებს და მზად არიან უანგაროდ ჩაებან ახლებურად გააზრებული საქართველოს მშენებლობის ფერხულში!

აქსიომაა: არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს მოვლენის ზედაპირზე ტივტივებს, უფლება არ აქვს პრეტენზია ჰქონდეს სახელმწიფოს მართვაზე _ მიუხედავად სხვადასხვა „სახელისა“ და „გვარისა“, ისინი ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს და მათი მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება მაქსიმალური კომფორტის მიღება მოსახლეობის უმრავლესობის გაღატაკების ხარჯზე!

თუ სახელმწიფოთა არსებობის ლოგიკას დავეყრდნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი ძალა ნამდვილად გამოჩნდება, რადგან ამაზე მოთხოვნილება საზოგადოებაში უკვე არსებობს!

                                    ზაურ ნაჭყებია


21-04-2015, 11:35
უკან დაბრუნება