ივერიონი / სოსო ცინცაძე: „თუ უსუფაშვილმა ასეთი სარისკო ნაბიჯი გადადგა, მაშინ ქვეყანაში მართლაც რაღაცას უნდა ველოდოთ!“

სოსო ცინცაძე: „თუ უსუფაშვილმა ასეთი სარისკო ნაბიჯი გადადგა, მაშინ ქვეყანაში მართლაც რაღაცას უნდა ველოდოთ!“

ექსპერტი სოსო ცინცაძე “ივერიონს“ ეგზოტიკურ ირაკლი წერეთელზე,  აკადემიურად რისკიან დავით უსუფაშვილსა და უნიფხვო ქართველებზე ესაუბრა.

-ბატონო სოსო, ირაკლი წერეთელმა მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. პოლიტპატიმარი წევრების გათავისუფლებისა და საქართველოში ნატოს საჰაერო ბაზების განთავსების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. თქვენი აზრით, მისი მოთხოვნები და მოქმედება დროული და პატრიოტულია თუ გასაკვირი?

-ირაკლი წერეთლის საქციელი ეგზოტიკურია, რომელიც არაფერს შეცვლის. მას დიდი გამოცდილება აქვს იმისა, თუ რა შედეგი მოჰქონდა ხოლმე მის პერიოდულ  “შიმშილობებს“.  მოკვდა ირაკლი წერეთელი, ჩაესვენა მისი პოლიტიკური ვარსკვლავი, არადა მე მახსოვს, 80-იანი წლების დასასრულს,  რუსეთისა და დასავლეთის პრესა, რომლებიც მის კაბინეტთან რიგში იდგნენ, აფასებდნენ მას, როგორც ქართული  პოლიტიკის  ამომავალ ვარსკვლავს. წავიდა ის დრო, თუმცა  ძნელია პოლიტიკოსისთვის, როგორც სპორტსმენისა  და მსხიობისთვის, შეეგუოს  მისდამი ინტერესისა და მოთხოვნილების გაქრობას. რატომ შიმშილობს, განა არ იცის, რომ მისი შიმშილობის გამო  არც ნატო შემოიყვანს  ჯარს საქართველოში და არც მერაბიშვილს გაათავისუფლებენ?!

-როგორც ამბობენ, დავით უსუფაშვილი და მიხეილ სააკაშვილი საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს. რატომ გაუჭირდა  ქართულ სპეცსამსახურს ამ ცნობის დაზუსტება?

-ეს ინფორმაცია თუ დაზუსტდა, დიდი ტრაგედია იქნება. ჩვენმა  სპეცსამსახურმა  თუ ეს ვერ დააზუსტა, ე.ი. არაპროფესიონალი და გადამწიფებულია.  ტექნიკაც  ასეა, მაგალითად, სარეცხის მანქანა, რომელიც აშრობს კიდეც, ვერ მუშაობს დუბლირებულად და მალე ხდება გამოსაცვლელი. აქედან გამომდინარე, სპეცსამსახურები  და უშიშროება  ცალ-ცალკე  უნდა იყვნენ, რომ ეფექტურად იმუშაონ.

 უსუფაშვილი  არ არის ირაკლი ალასანიასა  და ირაკლი წერეთლის მსგავსად  ბარიკადებზე ამსვლელი პოლიტიკოსი. მისი სტილი უფრო აკადემიურია (თინა ხიდაშელისგან განსხვავებით).  მე ის მიტნგზე  მგზნებარე სიტყვით გამოსული არც მახსოვს და თუ ასეთმა ადამიანა ასეთი სარისკო ნაბიჯი გადადგა, ესე იგი, მას  არ მოსწონს,  რაც ქვეყანაში ხდება და მართლაც რაღაცას უნდა ველოდოთ! 

-როგორ შეაფასებთ საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილ ახალ-ახალ თავატეხს  და რა ვითარებაა დღეს ჩვენს ქვეყანაში?

-“გადაფარვის“  საკითხი დღესაც არ არის ექსკლუზივი. ეს ხელისუფლებაც  ცდილობს ერთი პრობლემის მეორით გადაფარვას. მაგრამ ესეც ხომ  ერთგვარი ხელოვნებაა და გებელსის მსგავსი პიარმენეჯერი ჩვენ არ გვყავს. ჩიხში თუ არა,  კრიზისი უთუოდ აშკარაა ქვეყანაში. უკვე საგარეო ფაქტორებსაც  ვეღარ იშველიებს ხელისუფლება. ადრე გაიძახდნენ, ნახეთ,  რა ხდება რუსეთშიო, თუმცა  იქ 10 დღეა  24% - ით  გამყარდა რუბლი და ესენიც ჩაჩუმდნენ, ვეღარ იმართლებენ თავს და არც პასუხი აქვთ. არც კრიმინალი  შემცირებულა, ყოველდღე ისმის მკვლელობისა და აწიოკების  ამბავი.

-26 მაისს უნდა ჩატარდეს თუ არა სამხედრო აღლუმი?

-ჩემთვის ამას არ აქვს პრინციპული  მნიშვნელობა. ქვეყანას ისე უჭირს, რომ ეკონომია აუცილებელია. რუსთაველზე ნახევარი  საათით გაატარო სამხედრო ტექნიკა და მერე ამის გამო  საწვავი გააძვირო, მიუღებელია.

სამხედრო ტექნიკის  დემონსტრირებასაც ხომ აქვს  თავისი ფუნქცია.   9 მაისის აღლუმი პუტინს ძვირი დაუჯდება, მაგრამ უღირს, რათა მსოფლიოს  დაანახოს თავისი ძალა. ჩვენ ვისზე უნდა მოვახდინოთ შთაბეჭდილება ჩვენი სამხდრო ტექნიკით - რომელ მეზობელზე? აშშ არასოდეს აწყობს საზეიმო აღლუმებს. მან რომ თავისი ტექნიკა გამოიტანოს, გამოფენას დასჭირდება ერთი  თვე. თუ ღმერთი გწამთ, ნიფხავ-პერანგი არ გვაცვია და აღლუმებს მივსდევთ (პატრიოტიზმი არავინ დამიწუნოს)? ყოველდღე დესერტივით გვაწვდიან სინფორმაციო გამოშვევები ამა თუ იმ  ოჯახის საშინელ სიღატაკეს - როგორ ცხოვრობს დედა და 3 შვილი 30 ლარზე და იმასაც ართმევენ. ვის ვეჯიბრებით, რას ვეჯიბრებით? დღეს ჩვენ აღლუმის, ფესტივალის, კონცერტების და გართობის დრო  გვაქვს?!

                                   ესაუბრა ია ჯღარკავა

28-04-2015, 14:40
უკან დაბრუნება