ივერიონი / რას შეცვლის მთავრობის შეცვლა! ანუ, რატომ უნდა ვთქვათ უარი „ჯადოსნურ კვერთხზე“ და მესიაზე?

რას შეცვლის მთავრობის შეცვლა! ანუ, რატომ უნდა ვთქვათ უარი „ჯადოსნურ კვერთხზე“ და მესიაზე?

ირაკლი წერეთლის საპროტესტო აქცია წარმატებით გრძელდება. შიმშილობის მეორე დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა თანამდებობა დატოვა და ახლა „ერთი ბარტყი“ სჭირდება დღევანდელ მთავრობას, რომ მისი ნდობის აუცილებლობის წინაშე დადგეს პარლამენტი. ამით „ნაციონალების“ მთავარი მოთხოვნა შესრულდება - მთავრობა გადადგება!

დიახ, მთავრობა ხელახლა რომ უნდა დაკომპლექტდეს, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ საკითხავი უფრო ის არის, რას შეცვლის ეს დღევანდელ რეალობაში? არც არაფერს!

თუ ზოგადად საქართველოს ხელისუფლებაში ათეული წლების მანძილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, არა მგონია, ივანიშვილმა საგანგებოდ დაგმანული სკივრი გახსნას და იქიდან „რევოლუციური“ მთავრობა ამოაფრინოს. ღარიბაშვილის შესაძლო შეცვლის გარდა, რამდენიმე ახალ „სახესაც“ წარუდგენენ საზოგადოებას და ყველაფერი ამით დამთავრდება!

მიუხედავად იმისა, რომ დავით სერგეენკო სიმპათიებით სარგებლობს საზოგადოებაში, საეჭვოა, მან არსებითი გარდატეხის შეტანა შეძლოს - საქმე იმაშია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება სისტემური ცვლილებები განახორციელოს ქვეყანაში - არა აქვს ანტიკრიზისული გეგმა და, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია (თუნდაც თეზისების სახით).

ორ ათეულ წელზე მეტია, ქვეყანა „ზემოდან“ მიღებული დირექტივებით იმართება, რომელიც ზემოთ ხსენებული სტრატეგიის არსებობის აუცილებლობას არ ითვალისწინებს. გამონაკლისი არც ივანიშვილის მიერ დანატოვარი მთავრობაა. პირიქით, ნაცვლად სისტემური ცვლილებისა, მათ შესანიშნავად მოირგეს „ნაციონალური“ მართვის სისტემა (ძალადობის ელემენტების გარეშე) და ხშირ შემთხვევაში გადააჭარბეს კიდეც. რაც არ უნდა უნიათო მთავრობა ვეძახოთ, ისინი თავიანთ საქმეს უნაკლოდ აკეთებენ - მაღალი ხელფასები და პრემიები, უაზრო და ძვირადღირებული მივლინებები, მაქსიმალური კომფორტი, ნეპოტიზმი საკადრო პოლიტიკაში, ბიზნეს-წილების გადანაწილება და მონოპოლიზმი - ეს ყველაფერი დღევანდელი მთავრობის სავიზიტო ბარათია!..

ისმება კითხვა: რა მიზანს ემსახურება ღარიბაშვილის მთავრობის „დამსახურებულ პენსიაზე“ გაშვება და ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე დადგეს, რომელსაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება?

ჯერ ერთი, არა მგონია, მმართველ კოალიციას ახალი მთავრობის დამტკიცება გაუჭირდეს (თუმცა, არავინ იცის, რა დირექტოვები აქვთ მიღებული კოალიციის რეაქციულ წევრებს). მეორეც, ვადამდელი არჩევნები არც ყოფილ და არც დღევანდელ ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს - ყოფილს იმდენად, რამდენადაც მისთვის უკეთესია, რაც მეტი დრო გავა და „ქართული ოცნება“ რაც შეიძლება მეტ შეცდომას დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაარწმუნონ საზოგადოება მმართველი კოალიციის უუნარობაში. დღევანდელს კი იმიტომ, რომ ამისთვის საჭირო ფონი შემზადებული არ არის - ლარის კურსის კატასტროფულად დაცემამ და სხვა არაპოპულარულმა ნაბიჯებმა „ქართული ოცნების“ ავტორიტეტი კატასტროფულად შეარყია. ივანიშვილი ეცდება დარჩენილ დროში მისთვის დამახასიათებელი „ტრიუკები“ ჩაგვიტაროს და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნოს, რომ მის მიერ აღებული კურსი სწორია და წარსულში დაბრუნება ქვეყანას კატასტროფას უქადის, იმაშიც, რომ მისმა „რჩეულებმა“ არ გაამართლეს, მაგრამ მთლად ისე არ გაფუჭებულა საქმე, ყველაფერს (მის დამსახურებას) ხაზი გადაესვას!

ძნელია ბოლომდე განჭვრიტო მოვლენათა განვითარების დინამიკა, მაგრამ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ივანიშვილი იძულებული გახდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში და არჩევნებამდე დარჩენილ დროში საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა! თუმცა, თუ მისი სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენთ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყანაში „რაიმე სახის უბედურებასთან გვექნება საქმე“!

ის, რომ ივანიშვილს კადრების შერჩევისას „გემოვნება“ ღალატობს, მრავალგზის დაადასტურა (თანაბრად ეხება როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდს). არც მოცემულ შემთხვევაში უნდა ველოდოთ არსებით გარდატეხას საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით: ძნელი სათქმელია, მას პოლიტიკური ნება არა აქვს, თუ ამის იქით არ იხედება! ყოველ შემთხვევაში, კადრების შერჩევის ივანიშვილისეული პრაქტიკა კრიტიკას ვერ უძლებს!

ვეთანხმები ბატონ გია ხუხაშვილს, რომ ორი წლის მანძილზე 12 მინისტრის შეცვლა მთავრობის არასტაბილურობაზე მეტყველებს, მაგრამ ესეც ხომ „ნაციონალების“ გადმონაშთია - ისინიც ჩოხასავით იცვლიდნენ მინისტრებს და პრემიერ-მინისტრებს, პასუხისმგებლობას მთავრობის უუნარობაზე კი არასდროს არავინ არ იღებდა. არა მგონია, მთავრობის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი ახლა მაინც დადგეს დღის წესრიგში და საზოგადოებამ ყველაფერი გაიგოს იმ შეცდომებზე თუ დანაშაულობებზე, რომელიც სხვადასხვა სამინისტროებში თუ უწყებებში ხდებოდა და დღესაც წარმატებით გრძელდება!

საზოგადოების დაბოლებაა და მეტი არაფერი, ზოგიერთი „ჩიტმჭერების“ წინასწარმეტყველება შავლიაშვილის, ხოკრიშვილის და ჯანყარაშვილის შესაძლო დაპატიმრებების შესახებ. ჯერ ერთი, ეს არ მოხდება, მეორეც, რომც მოხდეს, არაფერი შეიცვლება - დიდი, დიდი ახალი მინისტრები უფრო პატარა „ტორტის ნაჭერს“ დასჯერდებიან!

ჩვენ ყოველთვის, ყველაფერს სხვას ვაბრალებთ და არც კი ვფიქრობთ, რომ ამ რია-რიაში ყველაზე დიდი დამნაშავე თავად საზოგადოებაა - საზოგადოება, რომელმაც საკუთარი უფლება-მოვალეობები ვერ გაისიგრძეგანა და ხელისუფლების ჭეშმარიტ ოპონენტად ვერ იქცა, საზოგადოება, რომლისთვისაც სულერთია, ვინ მოვა ხელისუფლების სათავეში, საზოგადოება, რომელიც ყველას ყველაფერს პატიობს - თვით სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების ფეხქვეშ გათელვის ჩათვლით და დედამიწაზე მოსიარულე ახალ მესიას ელოდება. საზოგადოება, რომელიც დღემდე ვერ გარკვეულა. რომ ყველა არჩევნები ფარსია, რადგან, ჩვენი პასიურობით, თუ მერკანტილურ გრძნობამდე დასული აქტიურობით ხელს ვუწყობთ არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე კასტის (ბანდის) მოსვლას ხელისუფლებაში, რომლებიც ჩვენთვის „სარაიას“ აშენებას მას შემდეგ გვპირდებიან, თავისას რომ აიშენებენ!

აქედან გამომდინარე, ვიდრე საზოგადოება თეთრის და შავის ერთმანეთისგან გარჩევას ვერ მოახერხებს (ან ამის სურვილი არ ექნება), მთავრობები წავლენ და წამოვლენ - გასაფუჭებელს გააფუჭებენ, წასაღებს წაიღებენ, ქვეყანას შაგრენის ტყავივით შემოგვადნობენ ხელში და მერე... ვაი და ვიში ამას არ უშველის - არც გამოტენილი ციხეები (თუმცა, თითო-ოროლას თუ გაიმეტებენ, ისიც მოსაჩვენებლად) და არც საქართველოდან გაქცეულთა არმია იქნება ის „წამალი“, რომელიც ქვეყანას მალამოდ დაედება და უმკურნალებს!..

არ არის საკმარისი წარამარა ვიძახოთ - საჭიროა „ახალი ძალა“, საჭიროა „ახალი ძალა“. დიახ, ახალი ძალა ნამდვილად საჭიროა, მაგრამ იგი ხალხის წიაღიდან უნდა იშვას და ამის მოთხოვნილება საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს. ოღონდ, დრო არ ითმენს - მსგავსი ახალი შეცდომები მომავალში ძვირად დაგვიჯდება... და რაც მთავარია, მესიისა და „ჯადოსნური კვერთხის“ მოლოდინი ჩვენი ცნობიერებიდან აუცილებლად უნდა გაქრეს!

ზაურ ნაჭყებია

29-04-2015, 12:04
უკან დაბრუნება