ივერიონი / „არ ვარ მე ის კაცი“, დამიჯერეთ!

„არ ვარ მე ის კაცი“, დამიჯერეთ!

გენიალური პოლიკარპე კაკაბაძის კლასიკად ქცეულ ამ სიტყვებს „არ ვარ მე ის კაცი“, რომელიც მწერალმა თავის პერსონაჟს ყვარყვარე თუთაბერს ათქმევინა, ვინ იცის რამდენჯერ წამოვიძახე ამ ბოლო დროს... წამოვიძახე კი არა, მინდა დავდგე თბილისის ყველაზე მაღალ ადგილას და ვიყვირო - „არ ვააარ მეეეე იის კაააციიიი!“...

რაც ფეისბუკში გამოვჩნდი იუმორისტული თუ ტრაგიკომიკური ჟანრის მოთხრობებით და „საფირმო სიცილით“ ჩემი პერსონის პოპულარობა მატემატიკური პროგრესიით იზრდება.მატულობს მეგობრების რიცხვიც და ალბათ მალე იმ ნიშნულს მიაღწევს, რომლის შემდეგ, ფეისბუკის წესების თანახმად, ვეღარ შევძლებ ვირტუალური მეგობრების „დამატებას“!..

წესით უნდა მიხროდეს ჩემი მოთხრობების, ნოველების ასევე საკუთარი პერსონის მიმართ ესოდენ დიდი ინტერესი, მე კი პირიქით სევდასა და კაეშანს მიმატებს და ზოგჯერ მიფიქრია, ხომ არ გავქრე საერთოდ ამ ვირტუალური სამყაროდან, რომელსაც ძალიან ბევრი სასოწარკვეთილი ადამიანი, როგორც ხავსს ისე ებრაუჭება(?!)

ალბათ სწორედ ჩემი მხიარული ფოტო და „სასაცილო“ „უდარდელი“ მოთხრობები და ნოველები გახდა მიზეზი იმისა, რომ დღე არ გავა, სრულიად უცნობნა „ჩატში“ შემოსულმა ადამიანებმა თხოვნით არ მომმართონ. რა ვიცი, რას არ მთხოვენ! ზოგი საბანკო ანგარიშს მიგზავნის „იქნებ ოციოდ თეთრი ჩავურიცხო მის გაჭირვებულ ახლობელს“... ან ვუშუამდგომლო ხელისუფლებასთან გენიალური გამოგონების გასაჯაროებისთვის... ნიჭიერი მომღერლები და უბრალოდ ბიჭიერი ადამიანები თანადგომას მთხოვენ და მათი შესაძლებლობების „ერის სამსახურში ჩაყენებას“... უბრალოდ, უმუშევარი ოჯახის მამები აღსარებასავით მწერენ ,რომ დავეხმარო სამსახურის მოძებნაში, თორემ თავს მოიკლავენ და „მათი ცოდვა ჩემ ნამუსზე იქნება“ რომ დახმარების ხელი დროზე არ გავუწოდე!..

ვკითხულობ ყველაფერ ამას და გული ვეღარ იტევს ამდენ ნეგატიურ ინფორმაციას, ამდენ ცრემლს, გოდებას, განწირულთა სასოწარკვეთილ ძახილს...

ამიტომ ხალხნო, ჩემო საცოდავო, ამავე დროს ნიჭიერო თანამემამულეებო, რა გიყოთ, რით გიშველოთ, რით დაგეხმაროთ? მეც, ერთი ჩვეულებრივი პენსიონერი ვარ, რომლის სიმდიდრე მხოლოდ და მხოლოდ ის გულიანად გაცინებული ჰაბიტუსი და „სასაცილო“ მოთხრობებია, რომელმაც შეცდომაში შეგიყვანათ და გაფიქრებინათ, რომ კაცი, რომელიც ასე ბედნიერი სცილით იცინის და „სასაცილო“ მოთხრობებს წერს უბედნიერესი და ალბათ მთავრობასთან დაახლოებული „ფავორიტია“... რომ სასაცილოდ და სამხიარულოდ აქვს საქმე და მხოლოდ იმით ირთობს თავს, რომ ფეისბუკი მხიარულების და „ღლაბუცის“ ასპარეზად გაუხდია!...

მებო, დებო, შვილებო! „არ ვარ მე ის კაცი“, ვინც გგონივართ და ვინც პრობლემებს გადაგიჭრით!

ქვეყანაში, სადაც 14 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი დახურეს, სადაც ყოველი მესამე ტაქსის მძღოლი ინტელიგენტი, მეცნიერებათა კანდიდატი, დოქტორი, კვალიფიციური ინჟინერი და სპეციალისტია, სადაც პოლიტიკაში პირადი პრაგმატული ინტერესებით და მიზნებით მოდიან, სადაც ნიჭიერებას კლავენ და დიდი ხანია გულიანად გაციბებული ადამიანი არ მინახავს, სიკეთეს ნუ ელით!...

ჩვენ სამიზნე ვართ! სამიზნე ვართ „მიმზიდველი გეოპოლიტიკური“ მდებარეობით, დიდი ხნის წინ დაკონსერვებული დიდძალი ნავთობისა და გაზის მარაგით!სამიზნე ვართ, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შატატებისთვის... და ვინ იცის, კიდევ ვისტვის!... და ვიდრე ეს მონსტრები ერთმანეთში არ შეთანხმდებიან, არ მორიგდებიან, როგორ გაიყონ,გაინაწილონ მსუყე ლუკმა და მიმზიდველი „დერეფანი“ სახელწოდებოთ საქართველო, სიკეთეს ნუ ელით!

„არ ვარ მე ის კაცი“!... „ის კაცები“ სულ სხვაგან არიან! სხვა საქმით გატაცებულებს და დაკავებულებს დახსობილი აქვთ სმენა, წართმეული აქვთ თვალისჩინი ხედავენ და ესმით მხოლოდ ის, რაც სურთ და... სულ ტყუილად შეჰღაღადებთ სასოწარკვეთილი ღაღადისით... ისინი არიან „ის კაცები“, ვისაც მხოლოდ შეუძლიათ აკეთონ საქმე, რასაც „პატრონები“ უბრძანებენ!

თამაზ ჭეიშვილი

30-04-2015, 11:14
უკან დაბრუნება