ივერიონი / მარიამ რამინაშვილი: "განათლების სამინისტროს კორუფციული სცენარი - რომელი კერძო სკოლა მიიღებს უფლებას, სწავლის დაწყების განსხვავებული თარიღის განსასაზღვრად?

მარიამ რამინაშვილი: "განათლების სამინისტროს კორუფციული სცენარი - რომელი კერძო სკოლა მიიღებს უფლებას, სწავლის დაწყების განსხვავებული თარიღის განსასაზღვრად?

"საგანმანათლებლო ალიანსის" თანათავმჯდომარე მარიამ რამინაშვილი „ივერიონთან“ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

 

29 აპრილს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი სასკოლო ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებირებით, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა ოფიციალურად ასაკობრივი ფსიქოპრობლემების არსებობით ახსნა... საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს კი კანონპოროექტი წაკითხულიც არ აქვს, რაც კარგად დაფიქსირდა გუშინ ქუთაისში, როცა პარლამენტთან შეკრებილ მშობლებს კანონის არარსებულ ფორმულირებაზე ესაუბრებოდა დეპუტატი ბაშალეიშვილი. აქვე,  დავაზუსტებ და გეტყვით, რომ მან კანონპროექტს, რომელიც წაკითხულიც კი არ ჰქონდა, მხარი არ დაუჭირა (თუ წაკითხული ჰქონდა, მაშინ, უბრალოდ, დეპუტატმა მოატყუა ამომრჩეველი ან კიდევ  ამოუცნობი მფრინავი ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობდა. ვერაფერს იტყვი, "ქართული ოცნების" ფანტაზიებს საზღვრები არ აქვს...)...

რაც შეეხება არგუმენტებს, ამ შემთხვევაშიც საოცარ ფაქტთან გვაქვს საქმე - საპარლამენტო უმრავლესობისთვის არსებობს ოფიციალური და არაოფიციალური არგუმენტაცია. ოფიციალურად, როგორც მოგახსენეთ, - ბავშვების ფსიქოფიზიკური შეუსაბამობა სახელდება. აი, არაოფიციალური კი განსხვავებულია, პირად მიმოწერაში, მობოდიშების სახით. უცვლელად გთავაზობთ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატის პირადი მიმოწერის ტექსტს: ,,პარტიული ინტერესები ყოველთვის ამომრჩევლების ხმებზეა გათვლილი. ამ შემთხვევაში კი, პირიქით, არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე გასვლა გვიწევს და თქვენნაირ ამომრჩეველს გაგვინაწყენებს, რაც ცუდია. საქმე მარტო სურვილში არაა, საქმე იმაშია, რომ ინფრასტრუქტურა და ფინანსები და ბევრი სხვა ქვეყნის მასშტაბით არაა მზად."  ანუ,  როგორც ირკვევა, არაოფიციალური აღიარებით,  სახელმწიფოს არ აქვს მზაობა ბევრი ასპექტით და არა ბავშვებს, რომელსაც სწორედ მზაობის არარსებობის გამო უქმნიან მთელი ცხოვრების პრობლემას, რომელზეც იმდენი დაიწერა, აღარ ვაპირებ გავამახვილო ყურადღება.

ახლა მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. კერძოდ, როგორ აპირებს სამინისტრო გარიგებებში შევიდეს კერძო სკოლებთან... და არავინ იცის, ამ გარიგებების მიღმა რა მოლაპარაკებებთან გვექნება საქმე...

მაშ ასე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №88/ნ (2014 წლის 15 ივლისი) არეგულირებს სწავლის დაწყებასა და დამთავრებას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ანუ კერძოსა და საჯაროში ერთნაირად. არსებობს გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობა ამავე ბრძანების მე-6 პუნქტით:

,,6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების  თარიღები შემდეგ შემთხვევებში:

ა) "ზოგადი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები, ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო პერიოდი და სხვ.), აგრეთვე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის  სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;

გ) აუცილებელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას.".

ანუ რა მოხდება?  სამინისტროს პირადი გარიგებების ფართო შესაძლებლობა მიეცემა, რომელ კერძო სკოლაზე დაუშვას გამონაკლისი მოყვანილი ბრძანების მე-6 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად; ვის მისცეს უფლება, სწავლის დაწყების თარიღად სხვადასხვა რიცხვი განსაზღვოს; რომელი კერძო სკოლა ,,იმსახურებს" მინისტრის კეთილგანწყობას, მოსწავლეთა კონტიგენტის გაზრდით რომ დააჯილდოოს. ამით, სწორედაც რომ, ორი კურდღლის დაჭერა გახდება შესაძლებელი -  ერთი, მინისტრის პირადი ინტერესი (ვერ გეტყვით,  რა ფორმით გამოხატული) და საზოგადოების იმ ნაწილის კეთილგანწყობა, რომელიც ამ გადაწყვეტილების ბენეფიციარი აღმოჩნდება. მოკლედ, კორუფციული გარიგების მთელი სპექტრი გადაიშლება...  

პირად საუბრებში აძლევენ რჩევებს უმრავლესობიდან, (სხვათა შორის, სამინისტროდანაც მიიღეს შემოთავაზება კერძო სკოლებმა სწავლის თარიღის გადაწევის შესახებ) - მშობლებო, გაჩუმდით და კერძო სკოლებში შესვლის შესაძლებლობა მოგეცემათო. ანუ სცენარი წინასწარ განსაზღვრულიც კია... თუმცა გაგრძელებას არავინ ადასტურებს - დღევანდელი მოქმედი რეგულაციით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე სემესტრიდან პირველკლასელთა მობილობა გაიხსნება, ამ ბავშვებს შესაძლებლობა არ ექნებათ, კერძო სკოლებიდან გადავიდნენ საჯარო სკოლებში, ამიტომ მშობლები ან იძულებული გახდებიან ისარგებლონ იმავე კერძო სკოლის მომსახურებით  ან წლის ბოლოს მიიღონ გადაწყვეტილება, უკვე გამეორებით შეიყვანონ შვილები საჯარო სკოლების პირველ კლასში... ქარიშხალიც გავლილი იქნება, ნერვებიც დაწყვეტილი და, საერთოდაც, ამ დროისთვის არსებული პირები იქნებიან კი ხელისუფლებაში ?!

ახლა მეორე, თუნდაც ყველანაირი გარანტიები გასცეს სამინისტრომ, რომ შეცვლის კანონს, დაუშვებს გამონაკლისებს და ა. შ. იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები მე-2 სემესტრიდან გააგრძელებენ სწავლას საჯარო სკოლებში, ისმის კითხვა - რა ქნან იმ მშობლებმა, ვისაც იმ ერთი სემესტრის თანხა არ გააჩნიათ, განსაკუთრებით,  იმ ეკონომიკური გაუსაძლისი პირობების ფონზე, რაც ამავე ხელისუფლების დიდი რუდუნებით მიღწეულია უკვე საქართველოში?!  თუ პრობლემა არაა ეკონომიკურად შეჭივრებული საზოგადოების დაჩაგვრა?! ან კონსტიტუციით გათვალისწინებული თანასწორობა სადაა?! არაა ეს მცდელობა საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით დაყოფის, რაც აშკარად დისკრიმინაციულია?!... (თუმცა კონსტიტუციის უგულვებელყოფაც აღარაა დღეს პრობლემა !!!) 

სახელმწიფოს მხრიდან მისი უუნარობის, არასწორი პოლიტიკის განხორციელების გამო, ვერ იქნა უზრუნველყოფილი  სასკოლო გარემოსარსებულ გამოწვევებთან  შესაბამისობაში მოყვანა და მიღებულ იქნა მარტივი გამოსავალი - დაზარალდეს ბავშვი -  ოფიციალური არგუმენტაციით, მშობლების აზრისა თუ სურვილის დისკრედიტაციით, საზოგადოების შეურაცხყოფით ამის მიღწევა ამ ხელისუფლებას, სწორედაც რომ, ხელეწიფება და არც ამ შემთხვევაში მოქცეულა განსხვავებულად -  სამინისტროს წინ მისული მშობელთა ჯგუფი ,,ყოფილების" სახელით მონათლა და არც კი მოისმინა მათი არგუმენტაცია, ხოლო კანონპროექტის ინიციატივა ვიწრო პარტიული ინტერესების შემცველად გაასაღა და საბოტაჟის კვალიფიკაცია მისცა.

უბრალოდ რეზიუმესთვის - მთავრობის წარმომადგენლებო, ხელისუფლების მესვეურნო და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებო ! თქვენი უუნარობით, არაკომპეტენტურობითა და პირადი ამბიციების დაკმაყოფილების გამუდმებული სურვილით სახელმწიფო ისეთ დღეშია, რომ მას პრობლემების გამოგონება ან ხელოვნურად დაძაბულობის შექმნა არ სჭირდება , საქართველოს სახელმწიფოს ყველა მმართველი ინსტიტუცია უკვე განადგურებულია და თავისი არსებობის უკანასკნელ წამებს ითვლის.

 

30-04-2015, 19:31
უკან დაბრუნება