ივერიონი / თინა ხიდაშელი: ალასანაის განცხადებაში ახალი რა არის?

თინა ხიდაშელი: ალასანაის განცხადებაში ახალი რა არის?

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.


როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არაფერს არ გეგმავს.


"ირაკლი ალასანაის განცხადებაში ახალი რა არის? ე.წ. კაბელების საქმეზე არაფერს არ ვგეგმავ და ვერც ვერაფერს დავგეგმავ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იმ საქართველოში დავბრუნდეთ, სადაც თავდაცვის ან რომელიმე სხვა მინისტრები რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე რამეს გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, "რუსთავი-2" ოცნებობს ამაზე, იქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვუყურებთ ქართული ჯარისკაცების წინააღმდეგ, არაფერს არ ვგეგმავ, არ დავგეგმავ. ეს არ არის ჩემი საქმე. საქმე პროკურატურაშია, სასამართლოშია. ერთადერთი მინდა, მივმართო სამართლადამცველებს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ ამ საქმის გამოძიება, სასამართლომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს პროცესი და პროცედურები, რათა ჯარის გარშემო ამ ტიპის აჟიოტაჟი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. სხვას არაფერს გავაკეთებ ამ მიმართულებით, რადგან ეს არის ყველაზე მთავარი, რაც განგვასხვავებს ჩვენ იმ საქართველოსგან, რომელიც 1-ელ ოქტომებრს დასრულდა", -განაცხადა ხიდაშელმა.


ე.წ. კაბელების საქმე არის პოლიტიკური თემა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია თავად ღარიბაშვილი, ივანიშვილთან ერთად, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკარტების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან ქუთაისში დღეს განაცხადა.
ალასანიას თქმით, ღარიბაშვილმა "კაბელების საქმეზე" ხუთი უდანაშაულო ადამიანი ჩასვა ციხეში და ქართული საზოგადოება ამასთან დაკავშირებით მალე სიმართლეს გაიგებს.

8-05-2015, 13:51
უკან დაბრუნება