ივერიონი / კითხვები რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ არსებობს

კითხვები რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ არსებობს

"მთლიანად მონოპოლიზებული აქვს ინფორმაციაზე წვდომა თავად ბანკის პრეზიდენტს და ჩვენთვის ინფორმაციის მხოლოდ ის ნაწილია ხელმისაწვდომი, რასაც ის საჭიროდ მიიჩნევს" გასული კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა, დაახლოებით 3 თეთრით. ლარს სულ რაღაც 8-9 თეთრი აშორებს 1999 წლის თებერვლის ანტირეკორდამდე, როცა 1 დოლარი 2,4510 ლარი ღირდა. ხელისუფლებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) შორის კი ბრალდებები არ წყდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით მიმდინარე კვირას წარდგება და ამის შემდეგ გაირკვევა, გახდება თუ არა საჭირო მისი საქმიანობის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

 

თამაზ მეჭიაური, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე: "არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და რამდენიმე დეპუტატი ჯერ უპირობოდ მოვითხოვდით სებ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდეგ ჩვენი სიტყვები უკან წავიღეთ. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ლარის კურსი, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, უფრო დაბალ ნიშნულზე უნდა ყოფილიყო. ეს ბევრ კითხვას ბადებდა. დეპუტატების, ექსპერტების ან თუნდაც მოსახლეობის ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარის კურსის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი იყო მთავრობის როლი, მეორე ნაწილს მიაჩნდა, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად ეროვნულ ბანკს ეკისრებოდა. მესამე ჯგუფი ამბობდა, რომ ამაში დამნაშავეა როგორც მთავრობა, ისე ეროვნული ბანკი. მეოთხე ჯგუფში ამბობდნენ, რომ ლარის დევალვაციაში დამნაშავე მხოლოდ საგარეო ფაქტორები იყო. კურსი კი კვლავ ეცემოდა. 

 

ამ ყველაფერზე რეაგირებისთვის, დაახლოებით ორი კვირის წინ, კომიტეტის სხდომის გამართვა გადავწყვიტეთ სებ-ის ანგარიშისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოსასმენად. თუმცა, პირველ კვირაში პრეზიდენტმა ისარგებლა მინისტრთა კაბინეტის წარდგენის გადავადების უფლებით, მეორე კვირაში კი სებ-იც და მთავრობის ეკონომიკური გუნდიც EBRD-ის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. საკომიტეტო მოსმენისთვის დაგვრჩა მიმდინარე კვირა, როცა სებ-ის ანგარიშის მოსმენას ვაპირებთ. 

 

თუ ლარის კურსთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები მაინც დარჩა, არ გამოვრიცხავ, რომ წამოვჭრათ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. საგამოძიებო კომისიის მანდატი მეტ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, კომერციულ საიდუმლოებაზეც. თუ შემდეგ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება ან იმპიჩმენტის აუცილებლობა დადგება, ამისთვის შესაბამისი საკონსტიტუციო მექანიზმები არსებობს. პრეზიდენტს შეუძლია პირდაპირ გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან სებ-ის პრეზიდენტი, ანდა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დადგეს იმპიჩმენტის საკითხი, რის შემდეგაც სებ-ის პრეზიდენტის გათავისუფლებას სიითი შემადგენლობის ნახევარი სჭირდება.

 

- ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მთავრობას დიდი ბანკების ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არა აქვს. არსებობს თუ არა თეორიული შესაძლებლობა, ლარის გაუფასურება მსხვილი კომერციული ბანკების მიერ იყოს პროვოცირებული?

- თეორიულად ყველაფრის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ თავს შევიკავებ შეფასებისგან, ვიდრე არ იქნება საკომიტეტო მოსმენა. 

 

- სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აღნიშნა, ლარის გაუფასურება, ერთი მხრივ, კარგიც არის, რადგან ექსპორტმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნაო...

- პატივს ვცემ საერთაშორისო ორგანიზაციების აზრს, მაგრამ უპირველესად პასუხები უნდა გავცეთ იმ კითხვებს, რომლებიც მოსახლეობას აინტერესებს. 

 

- EBRD-ის პრეზიდენტმაც თქვა, რომ სებ-ის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია, იმავდროულად, მადლობა ფინანსთა მინისტრსაც გადაუხადა...

- არ მინდა ასეთი პატივსაცემი პიროვნების მოსაზრებებზე კომენტარი გავაკეთო. თუმცა, სებ-ისა და მთავრობის მთავარი შემფასებელი მოსახლეობაა. ჯერჯერობით უნდა მიეცეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შესაძლებლობა, დაწყებული სამუშაო ბოლომდე მიიყვანოს.

 

- ლარის კურსის ცვლილების გამო, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან არ გაქვთ შეკითხვები? 

- შეკითხვები ყველასთან გვაქვს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალეა, სამაგიეროდ, ძალიან დაბალია სებ-ის გამჭვირვალობის ხარისხი. მთლიანად მონოპოლიზებული აქვს ინფორმაციაზე წვდომა თავად ბანკის პრეზიდენტს და ჩვენთვის ინფორმაციის მხოლოდ ის ნაწილია ხელმისაწვდომი, რასაც ის საჭიროდ მიიჩნევს.

 

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- თუნდაც, რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით მხოლოდ საერთო მოცულობა ვიცით, მაგრამ არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ გაიზარდა ამ სესხების მოცულობა, რომელმა ბანკმა რამდენი მიიღო, შემდეგ რეალურად ეკონომიკაში წავიდა ეს ფული თუ გამოყენებული იყო სპეკულაციური მიზნებისთვის. არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად მიზნობრივად ხდებოდა სავალუტო რეზერვების გამოყენება, რამდენად მოხმარდა ლარის კურსის დარეგულირებას. ბევრი შეკითხვაა, რაზეც პასუხი უნდა მივიღოთ.

 

წყარო:  "კვირის პალიტრა"

19-05-2015, 22:42
უკან დაბრუნება