ივერიონი / რა იქნება დაჭერების შემდეგ?!

რა იქნება დაჭერების შემდეგ?!

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრებას დადებითად შეხვდა. ვარაუდობენ, რომ პროკურატურა წინა ხელისუფლების უფრო მაღალ ეშელონებზეც გავა და ამით ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს.

 

დაპატიმრებების სერია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილია და ახალმა ხელისუფლებამ ეს დაპირება საზოგადოებას აუცილებლად უნდა შეუსრულოს, რომ მისი ნდობა მოიპოვოს, მაგრამ დამაფიქრებელია, რა უარყოფით კვალს დატოვებს იგი ქვეყანაში. ეჭვგარეშეა, გამოძიება ბევრ ამაზრზენ დანაშაულებრივ ფაქტს დადებს, სამაგალითოდ დაისჯებიან დამნაშავენიც, თუმცა ჯერჯერობით არაფერს ვამბობთ იმაზე, რა იქნება ხვალ – როგორ რეალობაში მოუწევს ქვეყანას ცხოვრება.

 

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ადვილად შესაძლებელია პროკურატურა სააკაშვილზეც გავიდეს და მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სააკაშვილი, როგორც სახელმწიფოს მეთაური და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მთავარი დირიჟორი, პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ გაექცევა, მაგრამ რას მოიგებს ამით მსოფლიო თანამეგობრობის თვალში საქართველო, როგორც სახელმწიფო და რას მიიღებს დაჭერების სერიით ეიფორიაში მყოფი საზოგადოება?

 

არსებობს აზრი, რომ წინა ხელისუფლების სამაგალითოდ დასჯით, ანალოგიური ქმედების ჩადენას ახალი ხელისუფლება ვერ გაბედავს, მაგრამ რა ბერკეტები რჩება საზოგადოებას, რომ ამ "დამსჯელი ხელისუფლების" საქმიანობა სრულად გააკონტროლოს? ხომ არ გამოიწვევს ეს ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების ალტერნატივის სრულ ნიველირებას და სათავეს დაუდებს ერთპარტიულობას და უკონტროლობას ქვეყანაში?

 

უკვე ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ "ნაცმოძრაობა", როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტია, უნდა გაუქმდეს.  სხვათა შორის, გახშირებული დაჭერებისა და დასაჭერად დაანონსებული მაღალჩინოსნების ფონზე ადვილად შესაძლებელია, "ნაცმოძრაობის" სრული დისკრედიტაცია (დემორალიზება) მოხდეს და საქართველოს პარლამენტი ოპოზიციის გარეშე დარჩეს. 

რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ვეჭვობ, მან მკვდრეთით აღდგომა მოახერხოს, რაც ისევ და ისევ ივანიშვილის ფაქტორით არის განპირობებული. სწორედ ივანიშვილზეა დამოკიდებული, შეუწყობს თუ არა იგი ხელს ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციური მუხტის არსებობას, მისცემს თუ არა მიძინებულ და მისავათებულ პოლიტიკურ სუბიექტებს რეაბილიტაციის საშუალებას?

 

არავინ დავობს იმაზე, რომ 1 ოქრომბრის არჩევნებში, "ნაციონალების" ანტიპათიასთან ერთად, გადამწყვეტი როლი ივანიშვილის ფულმა ითამაშა და დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ საარჩევნო ბარიერის გადასალახად. არადა, სასურველი იქნებოდა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სხვა პოლიტსუბიექტებიც გვეხილა. მით უმეტეს, ამის აუცილებლობა მოსალოდნელი პოლიტიკური რყევების ფონზე უფრო გამოჩნდება.

 

ძნელია, ზუსტად განსაზღვრო, როგორი იქნება ქვეყნის პერსპექტიული პოლიტიკური რეალობა, მაგრამ დღევანდელი ფონი  გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა საქართველო ახალი პოლიტიკური მონსტრის (იგულისხმება კოალიცია "ქართული ოცნება") ამარა დარჩეს, რაც არანაკლები თავის ტკივილი იქნება საზოგადოებისთვის.

 

ეს ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ახალგამოკვეთილმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ხელი შეუწყოს ოპოზიციური ნიშის დამკვიდრებას ქვეყანაში. მისი განცხადება, რომ წელიწადნახევრის შემდეგ წავა პოლიტიკიდან და გადავა სამოქალაქო სექტორში, ანუ ოპოზიციაში, სრულ გარანტიას არ იძლევა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი დაცული იქნება.

 

დასკვნა მარტივია: აქედანვე უნდა ვიზრუნოთ სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებაზე, რაც ახალ ხელისუფლებას ძალაუფლებით ტკბობის და დანაშაულებამდე დასული თვითნებობის საშუალებას არ მისცემს.

 

ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, რომ სამოქალაქო კონტროლის საუკეთესო საშუალებაა საზოგადოებრივი დარბაზის შექმნა და ამ ინიციატივას თავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნებაც უნდა უმაგრებდეს ზურგს. სამწუხაროდ, ამ ინიციატივას "ქართული ოცნებიდან" გამოხმაურება არ მოჰყოლია. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც არჩევნების შედეგების გათვალისწინებით თავისი ფუნქცია თითქმის დაკარგა, სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა იმის ნიშანწყალიც არ ჩანს, რომ იგი მალე მკვდრეთით აღდგომას მოახერხებს.

 

მე ისევ "ძველ ჩვენებას" ვაწვები და, ვფიქრობ, რომ რაც მალე შეიქმნება საზოგადოებრივი დარბაზი, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ერთპარტიული დიქტატის შხამი და სამსალა საკუთარ თავზე მრავალგზის გამოსცადა.

 

მოდით, დავფიქრდეთ: დავიჭირეთ უგულავა, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ზედ მივაყოლეთ სააკაშვილიც. რა იქნება მერე? ეშველება ამით ქვეყანას და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება? არა მგონია, მარტო დაჭერებით სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენ ახალი ხელისუფლებისგან რეალური ნაბიჯები და ამ ნაბიჯების გაკონტროლებაც გვჭირდება!

 

მალე დაჭერების ეიფორია ჩაცხრება და ახალი ხელისუფლება საქმის კეთების აუცილებლობის წინაშე დადგება. აი, სწორედ მაშინ გამოჩნდება, რამდენად გამართლდება საზოგადოების მოლოდინი და რამდენად სწორი იყო ჩვენი არჩევანი.

 

ზაურ ნაჭყებია

 

17-11-2012, 13:42
უკან დაბრუნება