ივერიონი / ჩაისვეს ავტომობილში, სადაც იჯდა ჭიკაიძე და შესთავაზეს, რომ ყოფილიყო ზონდერი- სკანდალური ჩვენება

ჩაისვეს ავტომობილში, სადაც იჯდა ჭიკაიძე და შესთავაზეს, რომ ყოფილიყო ზონდერი- სკანდალური ჩვენება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულს კითხავენ. როგორც გიორგი ოქროპირიძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, მას მახარაძე არ მოუკლავს, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს, რომელიც მისივე თქმით პოლიციის მხრიდან მოდიოდა. ოქროპირიძე შს ყოფილ მინისტრსაც ასახელებს. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და ინფორმაციას ჟურნალისტებს ადვოკატები და პროკურორები აწვდიან.

 

ადვოკატ მათე ხარჭამაძის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ოქროპირიძემ აღნიშნა, რომ მკვლელობამდე იგი საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს "თაღლაურასთან", სადაც ავტომობილში იმყოფებოდა შს მაშინდელი მინისტრი ალექსანდე ჭიკაიძე, ჩაისვეს ავტომობილში და მას შესთავაზეს, რომ ყოფილიყო ზონდერი. უარის შემდეგ კი, როგორც ადვოკატი ამბობს, ოქროპირიძის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა- "სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმას, რომ შეუთითხნეს ბრალდება", - აცხადებს მათე ხარჭამაძე.

 

პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემაც, რომელიც ამბობს, რომ დღეს ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებაში არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად, პროკურორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას.
"ოქროპირიძემ თქვა, რომ ის პირადად ჭიკაიძის ავტომანქანაში გაესაუბრა და შესთავაზეს, რომ ზონდერი ყოფილიყო, რაც ალბათ, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. ეს არის ბრალდებულის მიერ გამოგონილი ფაქტები და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. მან თქვა რომ 2014 წლის 2 სექეტემბერს იმყოფებოდა მის სახლთან ახლოს ერთ-ერთ ეზოში, როდესაც ბერძენიშვილი მივიდა მასთან და უთხრა, რომ ლაშა მახარაძეს ესროლა ცეცხლსასროლი იარაღით. მან ასევე თქვა, რომ მკვლელობის ფაქტი მას ნანახი არ აქვს და მოისმინა ბერძენიშვილისგან თითქოს ბერძენიშვილმა მოახდინა მისი მიმართულებით გასროლა. ასევე ოქროპირიძემ აღნიშნა ის, რომ ამის შემსწრე იყო არაერთი ადამიანი, თუმცა სად არიან ეს ადამიანები, არავინ არ იცის. დაცვის მხარეს მათი დაკითხვა და შემდეგ სასამართლოში წარმოდგენა არც კი უცდია", - განაცხადა პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ.

 

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ არ არსებობს მკვლელობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საქმეში, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში დაკითხულია მოწმე, რომელიც არის იმ ლომბარდის თანამშრომელი, რომელიც მდებარეობს აბაშიძის ქუჩაზე, იქ სადაც მკვლელობა მოხდა. პროკურორის თქმით, აღნიშნულმა მოწმემ აღნიშნა, რომ მახარაძის მკვლელობის დღემდე ანუ 2 სექტემებრამდე რამდენიმე დღით ადრე კამერები არ ფუნქციონირებდა და ამოქმედდა მას შემდეგ რაც გამოცვალეს პროცესორი, ანუ მკვლელობის დღის შემდეგ. პროკურორის ინფორმაციით, გამოძიებამ ამოიღო შედარებით მოშორებით არსებული სთვალთვალო კამერის ჩანაწერი, თუმცა როგორც ნიკოლოზ ნინიძე აცხადებს, აღნიშნულ ჩანაწერს ცუდი ხილვადობა აქვს.
წყარო: „პირველირადიო“

29-05-2015, 16:52
უკან დაბრუნება