მთავარი გვერდი > "სახალხო პარტია" იტოვებს უფლებას წინ აღუდგეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებას!

"სახალხო პარტია" იტოვებს უფლებას წინ აღუდგეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებას!


5-06-2015 / 13:08

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად ერთ-ერთი აქტუალური თემაა ჯანსაღი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბება. როგორც წესი, მმართველი ძალა საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობის გარეშე, მხოლოდ მისთვის სასურველი სუბიექტების მონაწილეობით, ყოველი ახალი არჩევნების წინ ახდენდა ამ საკითხის ტრანსფორმაციას ძირითადად ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, როგორ მოერგო საარჩევნო სისტემა საკუთარი გამარჯვების უზრუნველსაყოფად და, მეორე მხრივ, საარჩევნო პროცესში შემოეცურებინა თავისი ფარული პოლიტიკური ინტერესი. სხვა თემების განხილვა ხდებოდა "დემოკრატიისთვის" ბრძოლის ფონის შესაქმნელად, რათა ძირითადი ამოცანა გადაფარულიყო.

 

სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლებაც წარმატებით აგრძელებს შევარდნაძე-სააკაშვილის გზას (დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი ხომ მათი სულიერი ან პირდაპირი სტრუქტურული მემკვიდრეობაა). ამ მემკვიდრეობითობის დამადასტურებლად, ახლახან, პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივით მოწყობილი კონფერენციაც კმარა, რომელსაც 14 პოლიტიკური პარტია, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრება წინასწარ განსაზღვრული სიის მიხედვით, ძირითადად, იმ სუბიექტების შემადგენლობით გაიმართა, რომლებიც არაერთგზის არიან მხილებული საარჩევლო პროცესის უკანონო მანიპულაციებში. კონფერენციაზე არ იყო მიწვეული ის პოლიტიკური ძალები რომელთაც თავისი არგუმენტირებული პოზიცია გააჩნიათ ამ საკითხებზე.

 

მონაწილეთა ცინიკური მტკიცებით, კონფერენციაზე მიღებული დეკლარაცია, ეს არის ზოგადი კონსენსუსი განსხვავებული შეხედულებების მქონე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და ამ პოზიციას წარმოაჩენენ როგორც ქართული პოლიტსპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების საერთო პოზიციად.

 

კონფერენციაზე მიღებული დეკლარაციის თანახმად კონფერენციის მონაწილეები (საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით ზურგგამაგრებულები), საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ რაიონების მიხედვით ერთმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნების ნაცვლად, შემოღებული იქნეს დღემდე არარსებული რეგიონული მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა. სავარაუდოდ, რეგიონებად ჩათვლილი იქნება კონსტიტუციით არგანსაზღვრული, მხოლოდ შევარდნაძე-სააკაშვილის ბრძანებულებათა საფუძველზე ჩამოყალიბებული დღეს არსებული დაყოფა.

 

საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის რაში სჭირდებათ ეს ცვლილება სხვა საუბრის თემაა. ამჟამად ამ ცვლილების პოლიტიკურ შემადგენელზე გვინდა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება.

"სახალხო პარტიას" მიაჩნია, რომ ეს განცხადება არის ხელახალი მცდელობა საქართველოს მოსახლეობას რამენაირი ფორმით შემოაპარონ საქართველოს რეგიონულ-სამხარეო მოწყობის პრინციპებზე გადაყვანის რუსული გეგმა. ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის გაკეთილშობილების საფარქვეშ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია საქართველოს ფედერაციად ან კონფედერაციად გადაქცევისკენ. რაც თანამედროვე გეოპოლოტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დამღუპველია საქართველოს სახელმწიფოსთვის.

 

წინა მცდელობა (სხვა მცდელობებს აღარ შევეხებით), თვითმმართველობის კოდექსით დაეკანონებიათ სამხარეო მოწყობა და დაწყებულიყო ამ გეგმის განხორციელება, ჩავარდა. ამ საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტაში უდიდესი როლი მიუძღვის საზოგადოების ნაწილს, ქართულ ეკლესიას და პირადად საქართველოს პატრიარქს, რომლის პრინციპულმა პოზიციამ შესაძლებელი გახადა ამ დანაშაულებრივი წამოწყების ჩაშლა.

 

"სახალხო პარტია" აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის რეზოლუცია, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარედგინა პარლამენტს, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მიერ საქართველოს დაშლის გეგმის განხორციელების დასაწყისის ინსპირაცია, რომელსაც ხელს უწყობა ნაციონალების მიერ დატოვებული საკონსტიტუციო სასამართლო, ე.წ. "არასამთავრობოთა კასტა", სატელიტი პოლიტიკური ჯგუფები და "ქართული ოცნების" მხრიდან რესპუბლიკური პარტია და მოუწოდებს ხელისუფლებას_ დაიჭიროს პრინციპული პოზიცია ამ საკითხის მიმართ და არ დაუშვას ორგანულ კანონით სამხარეო ოლქების შექმნა.

 

"სახალხო პარტია" იტოვებს უფლებას მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება გამოიყენოს და წინ აღუდგეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებას – საქართველოს მხარეებად დაყოფის და შემდგომ საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს გაქრობის შესახებ.

 

საქართველოს ფედერალური დაყოფის მომხრეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ 

ნუ იმალებით!

თუ მიგაჩნიათ, რომ ფედერალიზმი საქართველოსთვის სასარგებლოა, ღიად წარმოადგინეთ არგუმენტები და გახსენით საჯარო დისკუსია! N

ნუ ცდილობთ სხვადასხვა გზით შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება!


უკან დაბრუნება