ივერიონი / "ახალი კორუფციული წყარო მუნიციპალიტეტებში"- ნიკა მელია თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებზე საუბრობს

"ახალი კორუფციული წყარო მუნიციპალიტეტებში"- ნიკა მელია თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებზე საუბრობს

უახლოეს მომავალში შესაძლოა მერიას პრივატიზაციის და ობიექტების გასხვისებისთვის საკრებულოს თანხმობა აღარ დასჭირდეს.  თვითმმართველობის კოდექსში ინიცირიებული ცვლილბეები მერიის დამოუკიდებლობის გაზრდას კიდევ რამდენიმე საკითხში ითვალისწინებს.

 

საკანონმდებლო ინიციატივა ირაკლი ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის და ის უკვე რეგისტრირებულია საკანომდებლო ორგანოში.

 

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა მუნიციპალიტეტებში კორუფცია გაიზარდოს.

 

"მარტივად შეძლო ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მერიასა და საკრებულოში თავიანთი ახლობლებისთვის, პარტიის წევრებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ქონების გადაცემა. ეს ცვლილება სწორედ ამას ემსახურება და მეტს არაფერს. ეს არის დამატებით კიდევ ერთი ახალი კორუფციული სქემა,"- აცხადებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საკრებულოში ირაკლი აბესაძე კი ფიქრობს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საკრებულოს უფლებამოსილებები იზღუდება.

 

"მთლიანად ხდება საკრებულოს კომპეტენციის შეზღუდვა და გაუქმება ქონების განკარგვის ნაწილში. საკრებულოს არ ექნება უფლებამოსილება

არქიტექტორის სამსახურის უფროსის კანდიდატურა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურები შეითანხმოს,"- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 

საკრებულოში გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენელი ზაზა ვეკუა კი ფიქრობს, რომ მართველი გუნდი ძალაუფლებას კარგავს და ცდილობს ქონება დაიტაცოს.

 

"ეს არის ქონების დატაცების მცდელობა რაც შეიძლება  სწრაფად ისე გაანიავონ და გაყიდონ ქონება, რომ არ იყოს ზედმეტი თვალი და ყური,"- აცხადებს ზაზა ვეკუა.

 

კანონში არსებული ხარვეზების შესახებ საუბრობენ, რესპუბლიკურ პარტიაში. დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ პოზიციების შეჯერება და კანონის დახვეწა მოხდება.

11-06-2015, 19:43
უკან დაბრუნება