ივერიონი / გიორგი ტიგინაშვილი: ერი, რომელსაც სტიქიური, პოლიტიკური თუ სოციალური ჩაგვრის უღელი ადგას, ინკვიზიციური შეძახილებით არ უნდა შევაცბუნოთ!

გიორგი ტიგინაშვილი: ერი, რომელსაც სტიქიური, პოლიტიკური თუ სოციალური ჩაგვრის უღელი ადგას, ინკვიზიციური შეძახილებით არ უნდა შევაცბუნოთ!

ეს სტატია „ივერიონს“ ერთ-ერთმა ერთგულმა ავტორმა, გიორგი ტიგინაშვილმა გუშინ საღამოს გამოგვიგზავნა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო მისი დროულად გამოქვეყნება ვერ მოხერხდა.

ავტორმა სტატია ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებამდე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დადო.

ვითვალისწინებთ რა სტატიაში გამოთქმული მოსაზრებების აქტუალობას და ტიგინაშვილის განსხვავებულ ხედვას რელიგიურ სწავლებასთან დაკავშირებით, ვბეჭდავთ უცვლელად.

თუმცა, წინასწარ ვაცხადებთ, რომ ბოლომდე არ ვეთანხმებით მის მწვავე გამონათქვამებს, თუნდაც საქართველოს საპატრიარქოს პოზიციასთან დაკავშირებით.


                  "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი" (მთ. 9,13).


ერი განსაცდელსა და გლოვაშია. თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ, თავისი სისხლიანი თუ ტალახიანი ნაფეხურებით, თითოეული ჩვენგანის გულზე გადაიარა. მწუხარების შემაძრწუნებელი ემოცია და უსუსურობის დამთრგუნველი შეგრძნება ძალუმად აწვება ჩვენს სულებს.

საშინელი სურათის მომსწრენი გავხდით. უამრავი ადამიანი დაიღუპა, უსახლკაროდ დარჩა და მორალურად განადგურდა, დაიხოცნენ ცხოველებიც, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ზარალი უპრეცედენტო და აუნაზღაურებელია.

მიუხედავად კატასტროფული მოცემულობისა, ალბათ ყველა მოვლენას აქვს თავისი დადებითი მხარეც, რაც ამ დღეებში ყველა თაობის მოქალაქეთა ერთსულოვნებასა და გასაჭირის დაძლევის გზაზე ძმურ კონსოლიდაციაში გამოვლინდა. გულწრფელი მადლობა მათ ამისათვის. ღმერთმა სიკეთით მიაგოს ყველა დამხმარე და მშრომელ ადამიანს, ვინც სოლიდარობა და თანადგომა გამოხატა დაზარალებულთა მიმართ და ძალ-ღონე არ დაიშურა ქალაქის მოწყობა-დასუფთავებისათვის. მადლობა მათაც ვინც ლოცულობს გარდაცვლილთა სულების საოხად.

ამ ფონზე ძალიან სამწუხარო და აღმაშფოთებელია, როცა მორწმუნე საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი წარმართული მსოფლმხედველობის, ხალხური "ღვთისმეტყველების", ძველი აღთქმისეული პათოსისა და ხევისბერული ადათ-წესების მიმდევარი უფროა, ვიდრე მაცხოვრისეული სწავლა-მოძღვრების, სადაც ღმერთი, როგორც ტრანსცენდენტური და პიროვნული არსება არის აბსოლუტური სიყვარულისა და სახიერების ბუნებითი გამომხატველი და ის არასდროს არ მოქმედებს შურისგებითა და ანგარიშსწორებით საკუთარ შვილებზე.

დასანანია, როცა საკუთარ შეცდომებს, უძლურებას, არაპროფესიონალიზმს, უპასუხისმგებლობასა და უდიერებას ვერ ვხედავთ და ღმერთზე გადაბრალებითა და ზებუნებრივ ძალაზე ხელისგაშვერით ვცდილობთ თავის მართლებას.

გასაგებია რომ სეისმურ, გეოლოგიურ, ეკოლოგიურ და სამშენებლო სფეროში ყველანი კომპეტენტურნი არ ვართ და კვალიფიციურ შეფასებასაც ვერ დავიწყებთ, მაგრამ როგორ შეიძლება ისეთი თეოლოგიური თუ მორალური აბსურდისა და შეუსაბამობის თქმა, რომლის მიხედვითაც თურმე და იმ ადამიანებზე ვისაც არანაირი წვლილი არ მიუძღვის კომუნისტური რეჟიმის დროს ზარების გადადნობაში, სასჯელმა მოაწია და თანაც ათეულობით წლების შემდეგ?

როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღმერთმა დასაჯა ის დატუსაღებული ლომები, ულამაზესი ვეფხვები, თვალწარმტაცი ავაზები, უმწეო პინგვინები, მობაჯბაჯე დათვები, მოფარფატე ფარშევანგები თუ მოცურავე გედები, რომელთაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვით საეკლესიო ზარების გადადნობაში?

როგორ შეიძლება ისეთი აზრობრივი სიმახინჯის გაჟღერება, სადაც უნებლიედ, პირდაპირ რეინკარნაციის თეორიას ვამართლებთ და წარსულში ადამიანად მოსულ სულს თითქოს და ახლა ცხოველებში ვასახლებთ და "წინაპართა" ცოდვისათვის პირუტყვებს ვსჯით?

არ ვიცი, შესაძლოა სადღაც ხევში და მაღალ მთაში ასე ესმით (სადაც ალბათ ცოდვათა გამოსასყიდად ყოჩებსა და მოზვრებსაც კლავენ), მაგრამ ამგვარი აქცენტების დასმა და შეფასება, იერარქიის წარმოამდგენლებისა და მორწმუნე მრევლის მხრიდან, როგორც მინიმუმ უცოდინრობაა, ხოლო ჩვეულებრივ კი ანიმისტური თუ მითოსური ერესი.

ისედაც გაჭირვებისაგან მოქუფრული ერი, რომელსაც დღენიადაგ სტიქიური, პოლიტიკური თუ სოციალური ჩაგვრის უღელი ადგას, ნაცვლად ნუგეშისცემისა, დამატებით კიდევ ინკვიზიციური შეძახილებით უნდა შევაცბუნოთ?

ნაცვლად იმისა, რომ გათვითცნობიერებული ექსპერტების შეხედულებათა მოსმენით ვიმსჯელოთ გამრუდებული და უკუღმართული ინჟინერიის შესახებ, რომელიც ლოკალურად სტიქიის ზონაში დაფიქსირდა, ჩვენ მაინც ზეცაში კანკალით ვიყურებით და წალეკვაში ღმერთის ხელს ვხედავთ.

იმის მაგივრად, რომ ფეთქებად საშიში პროექტის წარდგინებიდან - დამტკიცებამდე გასავლელ აუცილებელ პროცესზე გვესაუბრა, დაგვეზუსტებინა მიზეზ-შედეგობრიობის საკითხი და სპეციალისტებისათვის მოგვესმინა, ჩვენ მაინც ჯიუტად ვიხედებით ღრუბლებში და ნისლს ზემოთ მჯდომარე სკიპტრიან თუ თეთწვერება ზევსს ვაბრალებთ ყოველივეს.

მინდა ვისურვო, რომ მილში დამალული მდინარესავით დახუთული აღარ იქნება ჩვენი აზროვნება და ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენასა და უანგარო სიყვარულზე დამყარებით სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და გავუფრთხილდები ღვთივბოძებულ ბუნებას, უმშვენიერეს ფლორასა და ფაუნას, აღარ მოვიხმართ ყოველივეს ეგოისტური ამბიციების ასავსებად, რომელის ღვარცოფმაც წარუშლელი სევდა დაგვამჩნია სხეულზე.

სასულიერო პირებს კი შვილობრივად მოვუწოდებდი, რომ თავი შეიკავონ დაუფიქრებელი, იმპულსური, აგრესიული და არაადეკვატური განცხადებებისგან. ქრისტე ღმერთი არ არის ავმეხსიერი და მძვინვარე. გახსოვდეთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: "შეუძლებელია, რომ სხვამ შეცოდოს და სხვა დაისაჯოს მისი ცოდვისთვის". შეწყვიტეთ ადამიანის მართლმსაჯულებითი ლოგიკის რაკურსიდან მსჯელობა. თავი ანებეთ ელინური და იუდაისტური ხასიათის სიმკაცრეს, რადგან ამგვარი ფანატიზმი სხვა არაფერია, თუ არა რწმენა - ცოდნისა და სიყვარულის გარეშე და შესაბამისად არ გაქვთ უფლება, რომ შეაშინოთ ერი და იქადაგოთ ის რაც თქვენთვის მხოლოოდენ რიტუალური კულტმსახურებაა და არა ცოცხალი ღმერთის რეალური დიდება. გაამხნევეთ ერი და ჯანსაღად განუმარტეთ მათ ცოდვისა და მადლის მნიშვნელობა, თუმცა იქამდე ამისათვის საკუთარი თავის განსწავლა და გულის ქურაში გამთბარი ქრისტეს გაცნობა დაგჭირდებათ.

თქვენთვის უსაყვარლესი ძველი აღთქმიდან შეგახსენებთ: "ძენი არა მოკუდენ მამათათვის, თითოეული თვისითა ცოდვითა მოკუდეს" (II სჯ.24,16). ამდენად, უსაფუძვლო და უადგილოა, როცა საღვთო შურისგებაზე ასე პროფანირებულად ვსაუბრობთ. უფალმა შესაძლოა დაუშვას რაღაც, მაგრამ ეს არ იყოს მისი ნება. როგორც წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს: „ჩვენდამი ღვთის სიყვარული იმდენად დიდია, რომ ვერანაირი ცოდვა, რაც უნდა დიდი იყოს, ვერ შეძლებს მის ჩაქრობას". ე.ი. უფლის სიყვარული ადამიანისადმი ცოდვის ყოველგვარ იარას არჩენს.

ასე, რომ დაიღალა ხალხი ფარისევლური და უტიფარი ბრძნადმეტყველების მოსმენით, ავტორიტეტების შეხედულებათა გაკერპებითა და უცდომელობის პრიმატით. ამრიგად, არც ისე ბნელა, როგორც ეს მავანს ჰგონია.

რისხვა, შურისძიება, ჩაგვრა და შევიწროვება -  ღმერთის შინაგან ბუნებაში არსებული თვისებები კი არ არის, არამედ ესაა დღევანდელი ქართული საზოგადოების ცნობიერებაში გარდასახული ღვთის სახე, უფლის აღქმა იმ დესპოტური ტიპის ხალხის მიერ ვისთვისაც ესოდენ დამახასიათებელია ფატალისტური აზროვნება, მონური სულისკვეთება, სიძულვილის ენა, დაუნდობლობა და ბოღმა - ბალღამი.

რაც შეეხება ზოოპარკს, ცხადია ის უნდა გადავიდეს სხვა, უფრო უკეტეს და დაცულ ადგილას. თავის მხრივ ისიც მკრეხელობაა საეკლესიო წმინდა ატრიბუტიკისა თუ ინვენტარის ხარჯებით აშენებულ მიდამოში (თუკი ეს ისტორია საერთოდ სიმართლეს შეესაბამება) არსებობდეს პირუტყვთა საერთო საცხოვრებელი, მაგრამ იმის თქმა რომ ცხოველები და სრულიად უდანაშაულო ადამიანები ზარებმა დახოცა, აბსოლუტური მარაზმია.

ისე კი საინტერესოა, რატომ მანამდე არასდროს არ გაჟღერდა მსგავსი ბრალდება ზოოპარკის ტერიტორიასთან დაკავშირებით? პირადად ჩემში ეს მომენტი იწვევს ხსენებული ამბის ავთენტურობაში დაეჭვებას, რამეთუ თავისთავად იბადება ლეგიტიმური კითხვა - რატომ აქამდე არ დასვა ეკლესიამ პრინციპულად ეს საკითხი?

ბოლოს კი სწორედ დღევანდელობას ერგება და მინდა გავიხსენო ბერძენი ღვთისმეტყველის - ალექსანდრე კალომიროსის საგულისხმო სიტყვები: "დემონმა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ, რომ მას მხოლოდ თავისი თავი უყვარს და მხოლოდ მაშინ გვწყალობს, როდესაც ისე ვიქცევით, როგორც მას სურს და ვძულვართ მაშინ, როდესაც ისე არ მოვიქცევით, როგორც მან გვიბრძანა და იმ ზომამდე სწყინს ჩვენი ურჩობა, რომ ამას მარადიული ტანჯვით გვაზღვევინებს ჯოჯოხეთში, რომელიც მან სწორედ ამ მიზნით შექმნა.

ვის შეუძლია უყვარდეს მტანჯველი? ისინიც კი, ვინც ღვთის რისხვას გაექცევიან და რამენაირად ასიამოვნებენ ამ საშიშ ტირანს, ისინიც ვერ შეძლებენ მის სიყვარულს.

ხედავთ, თუ რამხელა სიცრუე დასწამა დემონმა ყოვლადმოწყალე, ყოვლისმოყვარე და უსაზღვროდ კეთილ შემოქმედს, მის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებული, დამახინჯებული სწავლების მეშვეობით? ამიტომაც ჰქვია ეშმაკს ბერძნულად "დიაბოლოს" - ცილისმწამებელი"

P.S. შევთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, რომ მოგანიჭოს სუფთა რწმენა, მაცხოვნებელი ცოდნა და საკუთარი ცოდვების განცდა, რათა სხვაში აღარ ვეძებოთ ამა თუ იმ პრობლემის მიზეზი. ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამინ

 

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), პუბლიცისტი

16-06-2015, 11:05
უკან დაბრუნება