ივერიონი / ზუგდიდიდან დანახული საქართველო

ზუგდიდიდან დანახული საქართველო

ოთხწლიანი ლოდინის  შემდგომ, საზოგადოება „ზუგდიდელის“ ეგიდით მკითხველის სამსჯავროზე გამოვიდა საკმაოდ ორიგინალური,  რუდუენებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული წიგნი „ზუგდიდი“ (წარსული და თანამედროვეობა).

 


სათაურის მიხედვით შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ მის წინაშეა ეთნოგრაფიულ-ისტორიული ხასიათის თხზულება, თუმცა წიგნის მიზანდასახულობა გაცილებით მეტია _ ზემოთხსენებული წიგნი ფიგურალურად შეიძლება შევადაროთ ზვავის აღძვრის სტადიას, რომელსაც ციცქნა კენჭის ჩამობზრიალება იწვევს პიტალო კლდისგან _ ადვილმოსალოდნელია ხვალ-ზეგ იგი მოგვევლინოს ჩვენი სამშობლოს პირუთვნელი ბიოგრაფიის _ დედასაქართველოს ქვაკუთხედად.


ეპოქალური წიგნი „ზუგდიდის“ იდეის ავტორია აწგანსვენებული, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ კვარაცხელია. მთავარი რედაქტორი: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ჭითანავა. პროექტის საორგანიზაციო ჯგუფში წარმოდგენილნი არიან: ექსპრემიერი ოთარ ფაცაცია, ენერგეტიკოსი იური გუგუჩია, აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა; ზუგდიდის ინტელიგენციის გამოცდილი სამეურნეო მუშაკები: მურმან ნაჭყებია, კუკური როგავა, რევაზ ცაავა, თამაზ ცანავა, თენგიზ შანავა, ბონდო ჯიქია. წიგნის სარედაქციო საბჭოში არიან სხვადასხვა დარგის ცნობილი მეცნიერები: გონელი არახამია, ტიტე მოსია, ლეო ჩიქავა.


წიგნი გამოცემულია აკადემიურად, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე, ბიბლიოგ- რაფიული ფოტი-მასალის თანხლებით, რომელსაც მრავალჯერადი რედაქტირება-მომზადების კვალდაკვალ ღირსეულად გაართვა თავი გამომცემლობა „ივერიონმა“ (დირექტორი ზაურ ნაჭყებია).


ცოტა შორიდან დავიწყებ: ზუგდიდში საქართველოს მწერალთა კავშირის შემოქმედებითი მივლინებით ოთხმოციან წლებში მოვხვდი. ქალაქი მაშინაც ორ უწყებად იყო დაყოფილი _ ქალაქკომად და რაიკომად. პირველს კლიმენტ ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა, მეორეს _ ივლიანე თოდუა.


იმ პერიოდის ზღვისპირა ჭურიაში კახათელი მწყემსების სტუმარმა, რომანი-ტრიადა „სიცოცხლემისჯილი“ მივუძღვენი სიზმარში ჩადევნებულ კუთხეს _ ამ წიგნის ეპიცენტრია ერთადერთი კუნძული საქარ- თველოში _ „შამგონა“, მაგრამ სივრცის თვალსაზრისით იგი მოიცავს მთელს სამეგრელოს, მოქმედებს ენგურს გაღმა-გამოღმა, ანუ სამურზაყანო-ოდიშში.


დასახელებულ რომანს  მოგვიანებით (ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს) მეორე ვრცელტანიანი თხზულება მოჰყვა _ „როკი“,  რომელიც კომუნისტური ერთსახოვნებით ჩაქოლილი ეროვნული ფასეულობების სააშკარაოზე გამოტანას, პარტოკრატიის წაქეზებით  ბირჟავიკული და ქურდული ფსიქოლოგიის დამკვიდრებას  და საბოლოო ჯამში უკიდურესად დაბეჩავებულ ადამიანს, პიროვნულ ნიველირებას ეძღვნებოდა.


როგორც შესავალში აღვნიშნე, მონუმენტური წიგნი „ზუგდიდის“ იდეის ავტორი ცხონებული პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია გახლდათ (სხვათა შორია იგი ჩემი რომან „როკის“ პერსონაჟია ვახტანგ კაკაჩიას გვარ-სახელით). მე მისგან, სხვათა შორის ერთადერთისგან, მომეწოდა მრავალი საინტერესო და უტყუარი მასალა ზუგდიდ-ქალაქის სინამდვილეზე, რომელთაგან თითქმის ყველაფერი გავიზიარე, გარდა მთავარი გმირის დოკუმენტური ელფერის მოშლისა და როგორც ჩანს, აღნიშნული წიგნის დაბადებაც ამ მომენტმა ჩააგონა ბატონ ვახტანგს _ მეცნიერული ბაზა შეექმნოდა ზერელე თუ ლამბერტი-ასტაფიევის მსგავსი ავტორების პასკვლების ალაგმვას ზუგდიდ-ქალაქზე.


ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში უამრავი მომენტია, როცა განგება სახელდახელოდ შემომაშველებს ხოლმე ხელს _ საგანგებოდ გამომიგზავნის  საჭირო თემებს, ადამიანებს. ახლაც მსგავსი რამ მოხდა _ ენგურის ხეობის ეპოპეის მესამე წიგნზე მუშაობაში ჩართულს, უფალმა ციურ მანანასავით მომაშველა მეცნიერული პატიოსნებითა და ინფორმაციული სიზუსტით შეკრული თხზულება ზუგდიდ-ქალაქზე, სადადიანოზე, ზოგადად საქართველოზე.


შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ ზემოთხსენებული წიგნით სრულიად საქართველომ მიიღო ეპოქალური მნიშვნელობის მატიანე ქვეყნის გეო-სტრატეგიულ ტენდენციებზე...


დიახ, ეს დიდზე დიდი მონაპოვარია და უწინარესად ამ მაღალ თამასას, ამ მაღალ განზოგადოებებს უნდა ვუმადლოდეთ სახელგანთქმულ მეცნიერებს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნოდარ ჭითანავას და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გონელი არახამიას. მათ მეცნიერულ თუ პიროვნულ ღირსებებს.


გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ წიგნი ამ ორი ადამიანის სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის უქონლად   ვერაფრით შეიძენდა იმ საშვილიშვილო დატვირთვას, რითაც იგი გამორჩეულია ბოლოდროინდელ თხზულებებს შორის.


ფაქტები ქრონოლოგიური ხასიათითაა მოშველიებული, რაც დღემდე ბურუსით მოცულ უამრავ კითხვა ხდის ფარდას. ასევე ფარდას ხდის იმ უხერხულ სიტუაციასაც,  რასაც უმადურობა ჰქვია; რაც  დღემდე ძარღვებს უწეწავს ქვეყნის ცენტრს _ დაქუცმაცების, ფეოდალური ტენდენციებით მოშთობილს... სამწუხაროდ, დღესაც ისმის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული კითხვა: „ნუთუ სამეგრელოც განზე მაცქერლობის სენითაა შეპყრობილი?! ნუთუ ისიც გახლეჩის მოწადინეა?! ნუთუ მასაც შეუნახავს ხალთაში ხანჯალი დედასამშობლოს ერთიანობისთვის ზურგში ჩასაცემად?!“ „ზუგდიდი“ ყველა ამ საჩოთირო კითხვას საფუძვლიანად პასუხობს.


წიგნი ჩემთვის უამრავი ასპექტით აღმოჩნდა საინტერესო, მან უწინარესად ჩემს პირველ ორ რომანში არსებული რამდენიმე ათეული ხარვეზი გამასწორებინა.


მოვიშველიებ ტიპიურ მაგალითებს:


„დიხაგუძუბები“ ხელოვნური მიწაყრილებია კოლხეთში, „სამაროვანები“. იგი ერთგვარი პირამიდის მნიშვნელობისაა თავისი შრომატევადობით ჭაობნარში. ამ მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი ბორცვ-სამარხები ზღვისპირა ერგეტაშია.


ჩემი რომანის გმირი ექსპრესიის გასაძლიერებლად  ერთ-ერთ გეოლოგიურ ორმო-ხაროში ამოჰყოფს თავს სატრფოს საჭეზე მითამამების გამო. მოქმედება ხდება 1972 წელს, როცა დიხაგუძუბების გათხრა ერგეტაში ბონდო მამფორიას თაოსნობით მხოლოდ 1978 წელს დაწყებულა. თითქოს დეტალია, მაგრამ მწერალს არ ეპატიება მსგავსი ლაპსუსი.


დაზუსტდა უამრავი ტოპონიმი. მაგალითისთვის: ყველგან „ონწყვეშია“-ს რომ ვარქმევ საფლობს, სინამდვილეში თურმე „ონწყოშია“ ყოფილა. მეტი სიცხადე შეემატა გვანჯი ჩიქვანისა და კაკა ჟვანიას პორტრეტებს.


მართლაც, წიგნი „ზუგდიდი“ ფასდაუდებელი გზისმკვლევია ქართული ეთნოგენეზისით, გეოპოლიტიკური აზროვნების მკვლევარი ხალხისთვის და ვფიქრობ, უახლესი მასალების მოშველიებით გაცამტვერებულია ყბადაღებული „მეგრელთა საქმე“ _ მეგრული სეპარატიზმის ანტისახელმწიფოებრივი ბაცილა, სრულიად სხვა განწყობისა და მიზანდასახულობის „მაფალუიზმის“ აპოკალიფსური ფრიალით.


აქ ცალსახად, ერთხელ და სამუდამოდ გამოკვეთილია, რომ  სამეგრელოს როლი ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის გარანტი.


წიგნმა გამოამჟღავნა მაღალი ესთეტიზმი და კიდევ უფრო მეტი კოლექტიური პასუხისმგებლობა კრიტერიუმების დაზუსტების თვალთახედვით. აქ მართლაც უნიკალურია მის მიერ ფორმულასავით გამოკვეთილი დოქტრინა: „უკვე საქართველოში საკმარისი არ არის ეროვნული თანხმობა ერთიანი აზროვნებისათვის, საჭიროა სამოქალაქო კონსოლიდაციაც, რადგანაც ჩვენი ქვეყანა გამოსულია მონონაციონალურობის ექსტაზური ილუზიიდან. აქ უკვე 75 ეროვნება მკვიდრობს, რომელთა საერთო ხვედრითი წილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური  ცნობიერების მშენებლობაში აღემატება 40 პროცენტს. ამისთანა ვითარებაში ეროვნული თანხმობის გვერდით დღის წესრიგში თანადროუილად უნდა დადგეს სამოქალაქო კონსოლიდაციის კანონმორჩილი მოთხოვნილება“.


სამწუხაროდ, წიგნი სიმბოლური ტირაჟით გამოიცა, არადა, საჭიროა იგი ყველა რეგიონში შევიდეს, როგორც ლოცმანი, როგორც კომპასი ამ ურთულესი სოციალურ-პოლიტიკური ვითარებიდან გამოსასვლელად.


ვფიქრობ, პირველ გამოცემაში ავტორებმა კონიუნქტურის გათვალისწინებით თავი შეიკავეს 90-იან წლებში საქართველოში დატრიალებული მოვლენების წარმოჩენისგან. არადა, რადგან წიგნს მინიჭებული აქვს მსაჯულის ფუნქცია, საჭიროა იგი დროულად გადაიჭრას, სიმღერის ნახევარ ხმაზე გაწყვეტა საზიანოა და აღარც ნახევრად თქმული სიმართლეა რაიმე ფასეულის მომტანი.


ნათქვამია, წინა უკანას ხიდიაო და ჩვენც ამნაირად გვესახება ენციკლოპედიური აღნაგობის „ზუგდიდის“ მორიგი გამოცემა, რომელიც გვჯერა აფთიაქარის სასწორის სიზუსტით შეივსება ცალკეული თემით თუ პერსონით და ბიძგს, სტიმულს მისცემს უფრო მასშტაბურ და ტევად თხზულებას სრულიად საქართველოზე ცისარტყელასავით მოფრენილი სათაურის კვალობაზე: „დედასაქართველო“.

გური ოტობაია,
მწერალი.
24. 06. 2015 წ.

25-06-2015, 14:25
უკან დაბრუნება